მთავარი,სიახლეები

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

30.11.2022 • 2196
ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეწყვიტა აუქციონი, სადაც ერთ ლოტად ყიდდა ორ ნაკვეთს. აქედან ერთი – 5 859 კვადრატული მეტრი ფართობი – უშუალოდ პლაჟთანაა და ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.

სამინისტრომ აუქციონი ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო.

რატომ აღარ ყიდის ამ ნაკვეთს სამინისტრო და იგეგმება თუ არა მისი ცალკე პრივატიზება? – ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალ აუქციონზე შეიცვალა საწყისი გასაყიდი ფასი და მომავალი მყიდველის ვალდებულებებიც.

თამარის დასახლებაში, ყოროლისწყლის შესართავთან, ზღვის პირას მდებარე 16 433 კვ/მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 10,5 მილიონი ლარია. ბიჯი – 250 ათასი ლარი.

ამჯერად გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი [წითელი ფერით] და ლანდშაფტური ტერიტორია, რომელიც წინა აუქციონზე იყიდებოდა [მწვანე ფერით]. ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, ცალკე საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.

აუქციონზე, სადაც უკვე ერთი ნაკვეთი იყიდება, საწყისი გასაყიდი ფასი სამინისტრომ თითქმის 5 მილიონი ლარით შეამცირა, თუმცა, ამდენივე ლარით გაზარდა მყიდველის ვალდებულება – თუ ქონების შემძენს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა, ახალი აუქციონის პირობით, ეს ვალდებულება არანაკლებ 15 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ახალი აუქციონი 2022 წლის 19 დეკემბერს დასრულდება.

დანარჩენი პირობები თითქმის იგივეა, რაც წინა აუქციონზე, რომელიც სამინისტრომ შეწყვიტა.

შეწყვეტილი აუქციონისა და პირობების შესახებ, ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: