განათლება,მთავარი,სიახლეები

„თუ მასწავლებელი ბედნიერია, კლასიც ბედნიერია“ – სწავლების რა მეთოდები მოსწონთ პედაგოგებს

28.11.2022 • 2382
„თუ მასწავლებელი ბედნიერია, კლასიც ბედნიერია“ – სწავლების რა მეთოდები მოსწონთ პედაგოგებს

EdCamp-ი მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც თავდაპირველად აშშ-ში ფილადელფიელმა პედაგოგებმა დააარსეს. Give Get პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობა გულისხმობს პირადი გამოცდილების გაზიარებას და ასევე სხვისი გამოცდილების მიღებას, სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლებში.

ამ ფორმატის ტრენინგი ბათუმშიც გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ არა მარტო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები, ასევე ყველა ის პედაგოგი, ვისაც სურდა თავისი მეთოდები კოლეგებისთვის გაეცნო.

„ბათუმელები“ EdCamp Georgia-ში მონაწილე პედაგოგებს გაესაუბრა.

ხათუნა რაზმაძე

ხათუნა რაზმაძე 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, ამ ფორმატის ტრენინგი იმიტომაა ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი, რომ მასწავლებელს აქვს არჩევანი, მისთვის საინტერესო თემის მიხედვით დაესწროს ტრენინგს.

„ტრენერებს 1 წუთი ჰქონდათ თემის პრეზენტაციისთვის და ამ 1 წუთშიც კი მოვასწარი ჩემთვის საინტერესო მარცვლის აღება.

ნებისმიერი მასწავლებელს, რამდენი წლის სტაჟიც არ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ცოდნის ყოველდღიური განახლება. თუ ახალი ნაპერწკალი არ შეიტანე შენს საკლასო სივრცეში, მგონია, პროფესიას რაღაც აკლდება.

ამ ფორმატის დადებითი მხარე არის ის, რომ აგებულია ურთიერთსწავლებაზე, მეთოდების, გამოცდილების გაზიარებაზე და ნებისმიერი გამოცდილება შეიძლება გახდეს რაღაც ახალი ნაპერწკალი, ახალი მიდგომის, მეთოდის გაჩენის ინსპირაცია“, – გვითხრა მან.

მისი აზრით, ნებისმიერი მასწავლებელი, თუ ის კარგი მსმენელია, მინიმუმ 5 სიახლეს მაინც წაიღებს ასეთი ტრენინგებიდან.

რით განსხვავდება ტრენინგის ეს ფორმატი იმ ფორმატისგან, რასაც აქამდე  სთავაზობდა პედაგოგებს სახელმწიფო? – ვკითხეთ ხათუნა რაზმაძეს.

ხათუნას აზრით, განსხვავებაა ის, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა ექსპერტი არის მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც თავის პრაქტიკაში საკლასო ოთახში დანერგილი და უკვე გამოცდილი მეთოდები მოაქვს.

„ასეთი ტრენერი უფრო შენიანია, რადგან ეს არის ადამიანი, ვინც ჩართულია სასწავლო პროცესში, გესაუბრება საკლასო ოთახიდან და უფრო მეტად ესმის ბავშვის“, – ამბობს ხათუნა.

რა მოსწონთ ყველაზე მეტად ბავშვებს? – ვკითხეთ მას. ხათუნა რაზმაძის თქმით, ბავშვებს მოსწონთ, როცა უსმენენ და როცა აკეთებენ:

„ასჯერ გაგონილს ერთხელ გაკეთებული სჯობიაო, ხომ არსებობს ანდაზა – ბავშვს მოსწონს, როდესაც თვითონ არის პროცესში ჩართული, როდესაც ახალს აღმოაჩენს გაკვეთილზე, როცა პოზიტიური, ბედნიერი მასწავლებელი ხვდება საკლასო სივრცეში და მოსწონს, როცა მისი სჯერათ. როცა მოსწავლეს ისე უყურებს მასწავლებელი, როგორც ინდივიდს. საგნის შეყვარებაც აქედან იწყება.“

ლესა ხარიტონენკო

ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ მასწავლებლები გერმანიიდან და უკრაინიდან. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ ტრენერს კიევიდან, ლესა ხარიტონენკოს, რომელიც სკოლის დირექტორია. ის შვიდი წელია, რაც EdCamp-ის პროექტშია ჩართული და ამბობს, რომ ამ ფორმატის ტრენინგებმა, როგორც მასწავლებელი, ძალიან შეცვალა.

„როცა პირველად მივიღე მონაწილეობა ამ ფორმატის ტრენინგებში, სრულიად განსხვავებული დავბრუნდი ჩემს საკლასო ოთახში. ეს არის ახალი იდეების მიღების შესაძლებლობა, გამოცდილი პროფესიონალების ცოდნის გაზიარება.

უფრო თავდაჯერებულიც გავხდი, რადგან ზოგჯერ სიახლეების მიღების შიში ჩარჩოებში გვაქცევს და ამ ფორმატით მე ეს შიშიც დავძლიე. სულ სხვა თვალით შევხედე ჩემს პროფესიას“, – გვითხრა მან.

ლესას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სკოლაში ბავშვები და პედაგოგები პარტნიორები იყვნენ. „ზოგჯერ აუცილებელია თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს, ზოგჯერ იატაკზეც შეიძლება დავსხდეთ და ასე ჩავატაროთ გაკვეთილი. თუ კარგი მასწავლებელი ხარ, გრძნობ ბავშვს და გაქვს მისი სიყვარული.

წლების წინ, როცა ასე ვიქცეოდი, მეუბნებოდნენ, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ საკლასო ოთახში ბავშვია ყველაზე მნიშვნელოვანი – რას გრძნობს ის“, – გვითხრა ლესა ხარიტონენკომ.

მანია  ქასროშვილი მცხეთიდან ჩამოვიდა „ედკამპში“ მონაწილეობისთვის. ის დაწყებითი განათლების მასწავლებელია. მისი აზრით, თანამშრომლობის და პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია პროფესიული ზრდა.

„მარტო ვერაფერს გააკეთებ, არათუ სისტემაში, საკლასო ოთახში კი ვერ შეცვლი ვერაფერს  მოსწავლის, კოლეგის, მშობლის გარეშე. ამიტომ ვცდილობ, ეს სამი რგოლი ყოველთვის ერთად ვიყოთ“, – გვეუბნება ის.

ირინა გოჩიტაშვილი, მასწავლებელი

ირინა გოჩიტაშვილი თბილისის 67-ე საჯარო სკოლის ექსპერტ-მასწავლებელია, მათემატიკას ასწავლის. ტრენინგზე თავისუფალი დასწრების მეთოდი მასაც მოსწონს, თუმცა დასძენს, რომ მხოლოდ ტრენინგები ვერაფერს მისცემს მასწავლებელს, თუ აქ მიღებული გამოცდილება არ დანერგა საკლასო ოთახში.

„მასწავლებელმა უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლის წაკითხვა და მასზე მორგებული გაკვეთილის ჩატარება“, – გვეუბნება ის. – „ეს რომ შეძლოს მასწავლებელმა, ამიტომ ვუსმენთ დღეს ერთმანეთის გამოცდილებას.

ლადო აფხაზავას ვორქშოფს დავესწარი და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის მისი გამოცდილება არაფორმალური განათლების მიმართულებით. მისგან ვისწავლე, როგორ უნდა დავგეგმო განსხვავებულ გარემოში გაკვეთილი.

დღევანდელი თაობა აღარ კმაყოფილდება მხოლოდ წიგნით, ამიტომ ჩვენგან ყოველდღე ელოდებიან სიახლეებს. მეც ყოველდღიურად ვეძებ გზებს, რომ მათემატიკა არ გახდეს მოსწავლისთვის ტვირთი და სახალისო იყოს ბავშვისთვის სწავლა“.

ირინას აზრით, ამ ტიპის ტრენინგები ტრადიციულისგან იმით განსხვავდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის მისთვის გასაგები და მასწავლებლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ფორმატის ტრენინგზე დასწრება არ არის სავალდებულო, ჩვენ, მასწავლებლები, თვითონ ვირჩევთ თემის, ინტერესების მიხედვით და ეს არის კარგი. როცა ვალდებულებაა, აღიზიანებთ მასწავლებლებს.

მასწავლებლის ანაზღაურებაც ახდენს გავლენას მოტივაციაზე და პროფესიულ ზრდაზე. ვფიქრობ, ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული სტატუსის ცვლილებაზე, რადგან ეს  მასწავლებლის სტრესს იწვევს“, – გვეუბნება ირინა.

ლალი მარგიანი

ლალი მარგიანი მარნეულში, არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის ქართულ ენას.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრ სიახლეს გავეცანი. რადგან ფორმატი არის თავისუფალი, აქტიური და მხიარული, ეს ძალიან მომწონს. კი არ ვისმენთ მასწავლებლები მხოლოდ, არამედ ვთამაშობთ, ვმოძრაობთ და ასე ვსწავლობთ“.

მისი თქმით, მოსწავლეებსაც მოსწონთ ხალისით, აქტიურობით სწავლა და იმავეს ელოდებიან მათგანაც.

„სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მოსწავლისა და მასწავლებლის. თუმცა, ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არც ბავშვები და არც პედაგოგები არ არიან ისეთი გამბედავები, როგორც ქართულენოვან სკოლებში.

სწავლა-სწავლებამდე სანამ მივალთ, ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი ამ სკოლებში. მე, მასწავლებელს, არ მსიამოვნებს იმ ჩაბურულ, გადატყავებულ, დანგრეულ, ფანჯრებდაკერებულ საკლასო გარემოში მუშაობა და ბავშვს რა მოვთხოვო?

ბავშვი კლასში იმაზე ფიქრობს, ჩამტვრეული მინა წებოვანი ლენტით შეაკავოს, თუ რამე პლაკატი მიაწებოს. კარები დაღეჭილი- მიღეჭილი, იატაკებიც იგივე მდგომარეობაში. მე მრცხვენია, ასეთ გარემოში რომ უწევთ ბავშვებს ყოფნა და იმის, რომ ამ ბავშვებს მეტი არაფერი აქვთ ნანახი“, – გვითხრა ლალი მარგიანმა.

მისი თქმით, სილაღე და სიფერადე სასწავლო გარემოს შემადგენელი ნაწილია და ამაზე ყველა ბავშვს თანაბრად უნდა ჰქონდეს წვდომა.

„აი, ამ პრობლემაზე არ უნდა ილაპარაკო თურმე, მასწავლებელი ხარ და გინდა თუ არ გინდა, მაინც უნდა გახვიდე შედეგზეო. არ იცი ცურვა, მაგრამ მაინც უნდა გაცურო.

ჩვენგან ითხოვენ გლობალურ პროექტებს, შედეგებზე გასვლას, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და ბოლომდე მაინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება ჩვენს სკოლებში“, – ამბობს ლალი.

მარიამ ღლონტი

მარიამ ღლონტი ბათუმში, კერძო სკოლა „გორდასა“ და მე-17 საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე ასწავლის. მას და მის კოლეგებს მაშინ გავესაუბრეთ, როცა ლადო აფხაზავას ტრენინგიდან გამოვიდნენ. „ჩემი აზრით, ტრენინგი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც დღეს დავესწარი. მომინდა, რომ დღეს ორშაბათი ყოფილიყო და გაკვეთილზე შევსულიყავი“, – გვითხრა მარიამმა.

რა იყო განსაკუთრებული ამ ვორქშოფზე? – ვკითხეთ მას.

„ლადოს აქვს სიხარული, ის ბედნიერი ადამიანია კლასში. თუ მასწავლებელი ბედნიერია, მაშინ კლასიც ბედნიერია.

მასწავლებელს აბედნიერებს სასკოლო გარემო და ეს გარემო უნდა შემიქმნას სკოლამ. უნდა მიხაროდეს სკოლაში, კლასში შესვლა“, – გვითხრა მან.

ანი ქილიფთარი

ანი ქილიფთარი მარიამის კოლეგაა, ისიც „გორდაში“ ასწავლის. „ემოციებით გამოვედი ტრენინგიდან. ვფიქრობ, გამორჩეული იყო იმით, რომ ტრენინგი აგებული იყო მასწავლებლის პირად პრაქტიკაზე, გამოცდილებაზე და გათვალისწინებული იყო ყველა ის ემოცია, ხალისი, რაც სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს კლასში.

ამის გარეშე მხოლოდ „წაიკითხე-მომიყევით“ დღევანდელ თაობას ვერ დააინტერესებ“, – ამბობს ანი.

გურანდა სურმანიძის თქმით, იყო ხალისიანი და ქმნიდე განწყობას კლასში, დამოკიდებულია მასწავლებლის შემოქმედებით უნარზე და არა ასაკზე.

„მესმის, რომ ახალგაზრდა პედაგოგებს უფრო მეტი უნარი აქვთ სიახლეების მიღების და შემოტანის, თუმცა ეს შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. ტრენინგი დახუნძლული იყო აქტივობებით, სიახლეებით, რაც ძალიან მოგვწონს“.

გურანდა სურმანიძე

ტრენინგს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლები – ლელა ბორჩხაძე და ნონა ჩხაიძეც ესწრებოდნენ.

მათ მიმოზა ღოლიჯაშვილის მეთოდზე გაამახვილეს ყურადღება. პედაგოგების თქმით, კოლეგის გამოცდილება ძალიან შთამბეჭდავი იყო მათთვის და აპირებენ თავიანთ კლასებში გამოიყენონ ეს პრაქტიკა.

„თეატრალური დადგმის გამოყენებით სწავლება მომეწონა ძალიან. არაჩვეულებრივი საშუალებაა, კონკრეტული თემის ინსცენირება გააკეთო, სადაც ბავშვი თვითონ აირჩევს როლს და სახალისო გარემოში უკეთ ისწავლის. არც გაკვეთილი იქნება ერთფეროვანი.

ლელა ბორჩხაძე

ტრენინგის ფორმატიც საინტერესოა იმიტომ, რომ აქ არ ვზივარ და არ ვუსმენ მომაბეზრებელ თემებს, არამედ მეც ჩართული ვარ მუშაობაში, მომწონს, რომ თავისუფალია დასწრება და თუ არ მომეწონება რომელიმე თემა, ავდგები და გამოვალ“, – გვეუბნება ლელა ბორჩხაძე.

თეატრალიზებული წარმოდგენა, როგორც სწავლების მეთოდი, მოსწონს ნონა ჩხაიძესაც. ფიქრობს, რომ ეს კარგი საშუალებაა აქტიური და საინტერესოდ სწავლებისთვის.

ნონა ჩხაიძე

„როგორც მიმოზამ გვითხრა, გერმანიაშიც იყენებენ ამ ფორმატს აქტიურად და ძალიან ამართლებს. როცა მოსწავლე თვითონ ირჩევს თემას და პერსონაჟებს, ეს ბევრად საინტერესოს ხდის მისთვის სწავლების პროცესს“, – ამბობს ნონა.

„ედკამპი“ ორ დღეს გაგრძელდა ბათუმში პედაგოგებისთვის. ტრენინგი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: