მთავარი,სიახლეები

უკრაინის უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრას ჩხრეკს

22.11.2022 • 1382
უკრაინის უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრას ჩხრეკს

უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ“.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკები, განსაკუთრებით მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში,“ – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, ხომ არ აფარებენ თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და უცხოეთის მოქალაქეები, ან ხომ არ ინახება იარაღი.

ლავრის შენობებში მიმდინარეობს ჩხრეკა და მის ტერიტორიაზე მყოფი პირების შემოწმება.

1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ სამონასტრო კომპლექსზე კონტროლს დღეს უკრაინის სახელმწიფო მუზეუმი და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ინაწილებენ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა მიხაილ ომელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ასრულებს გუნდი კიევ-პეჩორის ლავრაში პრორუსულ სიმღერას.

ომელიანის თქმით, ვიდეო მას კიევის სასულიერო აკადემიის კურსანტმა მიაწოდა, რომელიც იმ დროს მეგობრებთან ერთად ლავრის ერთ-ერთ ტაძარში იმყოფებოდა.

ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა უკრაინის კულტურის სამინისტრო და განაცხადა, რომ მასალას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

მოგვიანებით მოსკოვის პატრიარქატის უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა პაველ ლებედმა ვიდეოს ნამდვილობა ირიბად დაადასტურა.

15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლება, სამართლიანად აღიარება და მისი მონაწილეების გლორიფიკაცია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: