მთავარი,სიახლეები,სპორტი

„დინამო ბათუმი“ დააჯარიმეს – კლუბის პრეზიდენტს მატჩებზე დასწრება 1 წლით აუკრძალეს

21.11.2022 • 2854
„დინამო ბათუმი“ დააჯარიმეს – კლუბის პრეზიდენტს მატჩებზე დასწრება 1 წლით აუკრძალეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, „დინამო ბათუმი“ დაჯარიმდა და შემდეგ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.

კერძოდ, საქმე ეხება 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს.

„სამგურალმა“ „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე მოედანზე შევარდა და მსაჯზე გაიწია, რასაც ვიდეომასალაც ადასტურებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის ვიდეოჩანაწერი და ვიდეომასალა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით,  „დინამო ბათუმი“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა  „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს – სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“  გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.

სხდომა 15 ნოემბერს გაიმართა. სხდომამდე ერთი დღით ადრე არჩილ ბერიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს კომიტეტი, გუნდი დაემორჩილება.

_________________________

ფოტო: FC Dinamo Batumi/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: