მთავარი,სიახლეები

დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა

18.11.2022 • 1111
დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა

საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა.

„როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, თვითონ „აზოვსტალელები“ ხელმძღვანელობენ და მათ ზუსტად იციან, რომელ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება ყველაზე მეტად,“ – დაწერა დიანოვმა და ტყვეობაში გატარებული დღეებიც გაიხსენა. – „მე ვიცოდი, რომ შინ ჩემი გოგო მელოდებოდა. ბევრი ადამიანისა და თითოეული თქვენგანის წყალობით. მე მომეცა შანსი, კვლავ ჩავხუტებოდი, მასთან ვყოფილიყავი, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც უკვე ვეღარასოდეს ნახავენ საკუთარ მშობლებს. ეს საშინელებაა“.

საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი რუსეთის ტყვეობიდან 21 სექტემბერს ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას ის ორივე ფეხსა და ხელში იყო დაჭრილი,  მარჯვენა მკლავის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა და სპეციალური მეტალის აპარატი ეკეთა.

ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მიხაილოს ფოტო გამოქვეყნდა და უკრაინულმა საზოგადოებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, დაიწყო თანხის შეგროვების კამპანია. უკრაინული მედიის ცნობით, საზღვაო ქვეითის სამკურნალოდ 5 მილიონი გრივნა 1 დღეში შეგროვდა, 14 ოქტომბერს კი მის ანგარიშზე უკვე 23 მილიონ 430 ათასი გრივნა ($ 634 000) იყო.

ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა მილიონობით გრივნა შეაგროვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მილიარდერმა, „აზოვსტალის“ კანონიერმა მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტიორმა“ გადაწყვიტეს, მიხაილოს მკურნალობის ხარჯები თავიანთ თავზე აეღოთ.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მიხაილომ, შეწირულობის ნაწილი იმ თანამებრძოლებისთვის გადაეცა, ვისაც მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

მიხაილო დიანოვის შესახებ მსოფლიომ 2022 წლის გაზაფხულზე შეიტყო, როდესაც „აზოვსტალის“ მებრძოლის, დმიტრო კოზაცკის, მეტსახელად „ორესტის“ ფოტოები გამოქვეყნდა.

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: