მთავარი,სიახლეები

უკრაინამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული დრონი და 1 „ორიონი“ ჩამოაგდო – გენშტაბი

16.11.2022 • 1191
უკრაინამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული დრონი და 1 „ორიონი“ ჩამოაგდო – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 15 ნოემბრის მასობრივი სარაკეტო შეტევისას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ გაანადგურა.

გუშინდელი დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 90-ზე მეტი რაკეტა X-101 და „კალიბრი“ და ათზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ამჯერადაც სამხედრო ობიექტებთან ერთად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

„დარტყმის ქვეშ მოხვდა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, პოლტავის, ლვოვის, ხმელნიცკისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ოლქებში,“ – ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პარალელურად, რუსეთი განაგრძობდა თავდასხმებს უკრაინელთა პოზიციებზე, ფრონტის ხაზზე. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ განახორციელა 43 საავიაციო დარტყმა და 40 გასროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, 15 ნოემბრის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა 30 ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

კიევში დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 ადამიანი. მინისტრის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: