სიახლეები

როგორ სჯიან ბათუმში მოსამართლეები მოძალადე კაცებს – განაჩენები

16.11.2022 • 1316
როგორ სჯიან ბათუმში მოსამართლეები მოძალადე კაცებს – განაჩენები

ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვა ისევ ხშირად უწევთ მოსამართლეებს. ამას განაჩენების სიმრავლეც აჩვენებს. განაჩენებიდან იკვეთება მოძალადეების ერთგვარი სტრატეგიაც: სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს დაზარალებულად მიჩნეული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს ბრალდებული, ხოლო ექსპერტის დასკვნის შესახებ მოსამართლეები ამგვარ განმარტებას ეყრდნობიან: „კვალიფიკაციის დადგენისთვის აუცილებელი კომპონენტის არსებობს – ფიზიკური ტკივილის განცდა, რაზეც ინფორმაციის მოწოდება პირდაპირ შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს“.

ეს მიუთითა, მაგალითად, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეზე, როცა უდანაშაულოდ მიიჩნია ბრალდებული.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ხელის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ფაქტს არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

სასამართლო პროცესზე ქალმა დუმილი არჩია. ბრალდებულმაც დუმილის უფლება გამოიყენა.

„რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის არ არის წარმოდგენილი საქმეში, რომლითაც დადგენილი იქნებოდა დაზიანებები, მისი არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნულისა, რადგან სავარაუდო დაზარალებული სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას მისი საპროცესო უფლების გამოყენებით – ამ მოცემულობით დაუდგენელი და დაუდასტურებელი რჩება ბრალის დადგენილებით მითითებული კვალიფიკაციის დადგენისთვის აუცილებელი კომპონენტის არსებობა – ფიზიკური ტკივილის განცდა, რაზეც ინფორმაციის მოწოდება პირდაპირ შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს,“ – წერს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე.

ოჯახში ძალადობის მუხლით გამოტანილი განაჩენები „ბათუმელებმა“ გამოითხოვა ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან. საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოგვაწოდა – 2020 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულობების განაჩენები [ოჯახში ძალადობა, მუქარა, ცემა]. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენების მიხედვით, 59 ისეთი საქმე განუხილავთ მოსამართლეებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, მათ შორის, ყველაზე ხშირია „ოჯახში ძალადობა“. 59 განაჩენიდან 14 გამამართლებელია, ერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ყველაზე მეტ – 26 შემთხვევაში კი, მოსამართლემ დამნაშავეს სასჯელის სახით მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. 

59 შემთხვევიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 16 შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პირობით ჩაუთვალა. 

რატომ მომრავლდა გამამართლებელი განაჩენები? 

ოჯახში ძალადობის საქმეებში ვიპოვეთ განაჩენიც, სადაც ბრალდებული გამართლდა დაზარალებული ქალის ჩვენების მიუხედავად. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხოლოდ მუქარის ნაწილში გაამტყუნა და 200 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა კაცს, რომელსაც ცოლი სისტემურ ძალადობას ედავებოდა.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, ბრალდებულმა „ეჭვიანობის ნიადაგზე ფეხსაცმლის თავის არეში დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენა,“ ხოლო მეორე შემთხვევაში, „ფერდის არეში საუთოო მაგიდა, სახის არეში კი, მუშტი დაარტყა“.

დაზარალებულად ცნობილმა ქალმა კ.ლ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი ქმარი თავდაპირველად ადამიანის დაჭრისთვის დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ კი, მასთან დაიწყო კონფლიქტი.

„ხელი დამარტყა სახის არეში – თვალთან, ყურთან, მხარზეც… მერე მესროლა ფეხსაცმელიც, სახეში მომხვდა და თვალი დამიზიანა… მუცელში ჩამარტყა ფეხი დამცემდა 11, 13, 23, 28 დეკემბერსაც. 28 დეკემბერს სამსახურში მომაკითხა, გარეთ გამათრია და დამემუქრა, თუ პოლიციას მიმართავ, მოგკლავო,“ – უთქვამს დაზარალებულს მოსამართლისთვის.

„ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი სხვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენებაში ასახული გარემოებების სისწორე,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი და ასკვნის:

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი მტკიცებულება გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს“.

მოსამართლე განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა მისთვის ქალის ჩვენება „უპირობოდ გასაზიარებელი“.

„მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების უპირობოდ გაზიარების საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ლ. თავდაპირველად ჩვენებაში დაბეჯითებით ამტკიცებდა, ბრალდებულის მხრიდან ძალადობისას იყო ორსულად, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს ჩატარებული აქვს ჰისტეროქტომია და ამოკვეთილი აქვს საშვილოსნო დანამატებთან ერთად. შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დაფეხმძიმებას ვერ შეძლებდა, გამოძიებას მაინც მიაწოდა ბრალდებულის საზიანო ასეთი ინფორმაცია,“ – წერს მოსამართლე.

იგივე მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი მიუღია კიდევ ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა, დუმილის უფლებით სარგებლობა გადაწყვიტა მოწმემაც.

გამოძიების ვერსიით, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში „საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.მ.-მ თავისი ოჯახის წევრს – ორსულ მეუღლეს თ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და მუცლის არეში, რის შემდგომაც ძლიერად მოქაჩა ტანისამოსზე და დააგდო დივანზე,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

შემთხვევის მოწმე მხოლოდ ბრალდებული კაცის მამა ყოფილა, რომელსაც ჩვენების მიცემაზე უარი უთქვამს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

კიდევ ერთ საქმეზე კი, მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები დარჩნენ. პოლიციას თავდაპირველად ქალმა უთხრა, რომ ქმარმა სცემა – მთვრალმა სახის და გულმკერდის არეში ხელები მირტყაო. პოლიციელებმა თქვეს ისიც, რომ ოჯახში „ბინა არეული დახვდათ“. ამ გამამართლებელ განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც გაუსვა ხაზი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  ოჯახის წევრის მიმართ იძულების და მუქარის ბრალდების საქმეზე 2020 წლის 8 სექტემბრის №451აპ-20 განაჩენში განმარტა, რომ ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის შემთხვევაში მხოლოდ ირიბი მტკიცებულების – მოწმის ჩვენების – რომელიც არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, – საფუძველზე არ არსებობს პირის დამნაშავეს ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ოჯახში ძალადობის და მუქარის კიდევ ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული სრულად გამართლდა, მთავარი მტკიცებულება სატელეფონო მიმოწერა იყო, თუმცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის შეფასებით, „რთულია გარკვევა ჯერ სმს შეტყობინების შინაარსის, წერისას დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომების გამო, შემდეგ ასევე რთულია ამ შეტყობინებების ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ ინფორმაციად მიჩნევაც“, – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

„შეტყობინებებიდან მაგალითისთვის აღებული თუნდაც ერთი ფრაზა – saatebi sanishne da molarae midi sheni jishi movdivar – ცხადყოფს რამდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია ამ შეტყობინების შინაარსი, ტოვებს ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას და გამორიცხავს მისი, როგორც ბრალდების დამადასტურებელი ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას.

კიდევ უფრო გაურკვეველია შემდეგი ფრაზების შინაარსიც, ხოლო გარკვევით დაწერილი “movdivar damacade” – რთულია შეფასდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად. გარდა ამისა, ბრალდებულის განმარტებით, მისი მეუღლის პოლიციისთვის მიმართვის საფუძველი სხვა ქალზე ეჭვიანობა გახდა,“ – დასძენს მოსამართლე.

„…გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ მასალებშიც იკვეთება იმის ფაქტი, რომ მეუღლის მანქანაში უცხო ქალბატონის ნივთების პოვნის შემდეგ მოხდა დაზარალებულის მისვლა პოლიციის განყოფილებაში და მეუღლის მხრიდან დაახლოებით ერთი თვის ადრე მომხდარი ფიზიკური ძალადობის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დახმარების თხოვნა. ამდენად, ძალიან რთულია მიჯნის სწორად გავლება ნამდვილად მუქარის რეალურად აღქმის და შიშის, თუ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა თ.-ს მხრიდან საქმეში პოლიციის ჩართვა, მით უფრო, რომ სასამართლო განხილვისას მან საერთოდ უარი განაცხადა რაიმე განმარტებაზე და ბუნდოვანი დატოვა მითითებული გარემოებები,“ – აღნიშნულია განაჩენში.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – სასჯელი, რომლითაც ყველაზე ხშირად სჯიან მოძალადე კაცებს

როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენებიდან ჩანს, სასამართლო ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სასჯელის სახედ ყველაზე ხშირად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას იყენებს.

მაგალითად, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 140 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს საქმეზე, სადაც დაზარალებულმა დუმილი არჩია.

„დაზარალებულს ბრალდებულთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ისინი ერთად ერთ ოჯახში ცხოვრობენ,“ – ხაზგასმულია განაჩენში, რომელიც ბრალდების აღწერით იწყება:

„…ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ.-მ ზურგის არეში ჩუსტის და სახის არეში ხელის დარტყმით  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის რძალს, რის გამოც უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – წერია განაჩენში.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი, 180 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა ბრალდებულ ე.ბ.-ს, რომელსაც ცოლთან მიახლოება მანამდე შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა.

„აეკრძალა მსხვერპლის სახლთან მიახლოება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ე.ბ.-მ დაამყარა კომუნიკაცია ლ.ზ-თან, რითაც დაარღვია N027675 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

რა შემთხვევაში იყენებს სასამართლო ოჯახში ძალადობის დროს სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას – თავისუფლების აღკვეთას?

მაგალითად, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოჯახში ძალადობისთვის კაცს, რომელიც მანამდე ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევამდე კი, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. განაჩენში ხაზგასმულია, რომ კაცი გენდერული სტერეოტიპის მოტივით ძალადობდა ორსულ ცოლზე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში.

„…გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი (საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ა.ბ. სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა, ასევე სახეში აფურთხებდა წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს, თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს თ. ჩ.-ს, რითაც მსხვერპლი მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამ საქმეზე ბრალდებულ კაცს თავი სრულად დამნაშავედ მიუჩნევია, მას არც პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაუხდია სადავოდ. საქმეში კი იყო 112-ს სატელეფონო ჩანაწერი, როცა ორსულმა ქალმა ახალი წლის დილას დარეკა და შველა ითხოვა, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში.

აქ საინტერესო კიდევ ერთი დეტალია: კაცი, რომელიც ორსული ცოლის ცემაში იყო ბრალდებული, შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მანამდე ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული, სასამართლოს 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე ჰყავდა გათავისუფლებული. ბრალდებული მხოლოდ 18 დღე იყო წინასწარ პატიმრობაში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: