მთავარი,სიახლეები

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

14.11.2022 • 2040
ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

ხერსონში ყოფნისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლელ მოკავშირეებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს და უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ჩვენს ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ ხერსონში ვართ“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ქალაქში შეკრებილ სამხედროებს ესაუბრა, აღნიშნა, რომ უკრაინა „წინ მიიწევს“ და მზადაა მშვიდობისთვის.

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმია 11 ნოემბერს შევიდა.

მანამდე, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი ხერსონს ტოვებდა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა.

12 ნოემბრიდან ხერსონში მუშაობა განაახლა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ, უშიშროების სამსახურმა და ნაციონალურმა პოლიციამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: