მთავარი,სიახლეები

რუსებმა ფრონტის ხაზზე „დრაკონის კბილები“ დააყენეს – ბრიტანეთის დაზვერვა

08.11.2022 • 1637
რუსებმა ფრონტის ხაზზე „დრაკონის კბილები“ დააყენეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო რუსეთმა თავდაცვის სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. ამ მიზნით ორ ქარხანაში აწარმოებენ პირამიდის ფორმის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციას, რომელიც „დრაკონის კბილების“ სახელითაა ცნობილი.

„დრაკონის კბილებს“ უწოდებენ პირამიდის ფორმის რკინაბეტონის ფორტიფიკაციას,  რომლის დანიშნულებაც ტანკებისაა და ქვეითი ჯარის გადაადგილებისთვის ხელშეშლაა. ამგვარი თავდაცვითი სიმაგრეები პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა თავის 8 ნოემბრის რელიზში ვარაუდობს, „დრაკონის კბილები“ უკვე დააყენეს მარიუპოლსა და სოფელ ნიკოლსკოეს შორის, ასევე, ჩრდილოეთ მარიუპოლიდან სოფელ სტარი-კრიმამდე.

„მარიუპოლი საკვანძო ლოგისტიკური ხაზი და „სახმელეთო ხიდია“ რუსეთიდან ყირიმში. „დრაკონის კბილები“ უკვე გაიგზავნა თავდაცვითი სიმაგრეების მოსაწყობად ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონშიც,“ – წერს უწყება.

დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყველა ოკუპირებულ რეგიონში იმაგრებს პოზიციებს. უწყება იხსენებს „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის 19 ოქტომბრის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ლუგანსკის ოლქში დაიწყო „ვაგნერის თავდაცვითი ხაზის“ მშენებლობა.

„ეს მიუთითებს, რომ რუსეთი ფრონტის მთელ ხაზზე ღრმა ეშელონირებული თავდაცვისთვის ემზადება, ამან კი გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინელთა სწრაფ წინსვლას,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა რუსეთის საავიაციო დანაკარგებზე წერდა და ასკვნიდა, რომ მოსკოვი უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას ვერც უახლოეს თვეებში შეძლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: