მთავარი,სიახლეები

უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

01.11.2022 • 1016
უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

_____________________

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები.

31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე პროცესი, რომელიც უძღოდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს და რომელშიც მეც ვმონაწილეობდი.

მინიმუმ 2-წლიანი იმიტომ ვთქვი, რომ 2020 წლის დასაწყისში უკვე დაიწყო პარლამენტის დონეზე ცვლილებების მზა/დაწერილი სამუშაო ვერსიის განხილვა. მანამდე ისე ვლაპარაკობდი უსინათლოსთვის დამოუკიდებლად ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ, რომ არანაირი რეგულაციის პროექტს არ გავცნობივარ, იმიტომ, რომ არ მქონია გაცნობის შესაძლებლობა და არა იმიტომ, რომ დამეზარა.

პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო დანარჩენ შშმ პირებს, ვისაც ასევე ექმნებათ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას პრობლემები. 4 წელია, ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი პარლამენტამდე იმის მიტანა, რომ ხელმოწერის პრობლემა გვაქვს არამხოლოდ უსინათლოებს, არამედ სხვა შშმ პირებსაც. უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა, რომელიც მოგვევლინა ამ საკანონმდებლო ცვლილებების ლობისტად, პირდაპირ ამბობდა,  რომ სხვები არ აინტერესებთ და შევეშვათ. არადა კავშირი არის კოალიციის – „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” წევრი, შესაბამისად, ელემენტარული სოლიდარობა მართებთ სხვა შშმ პირებისა და კოალიციის წევრი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობენ, მითუმეტეს, რომ მართლა ორიოდე სიტყვის ჩამატება-გამოკლებით იყო შესაძლებელი დანარჩენი შშმ პირების ინტერესების ასახვაც.

კავშირის ხელმძღვანელობას რომ თავი გავანებოთ, ბოლოსდაბოლოს, კანონს პარლამენტი იღებს. შესაბამისად კონკრეტული არასამთავრობო თუ რაღაც საკითხს მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან აღიქვამს, კანონმდებელი მას ყველა მოქალაქის პერსპექტივიდან უნდა აფასებდეს, მითუმეტეს, როდესაც შშმ პირი გვყავს ერთ-ერთ დეპუტატად და მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ.

ახლა კი უფრო კონკრეტულად განვმარტავ, რა იცვლება და როგორ შეეძლებათ უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად, სხვების გარეშე.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს აქვს უფლება გარიგებას მოაწეროს ხელი დამოუკიდებლად, სხვებზე გადანდობის გარეშე. რამდენიმე უსინათლო თანამებრძოლი ვითხოვდით, რომ ამავე კანონში ან განმარტებულიყო, თუ რას ნიშნავს “წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო” ან ეს განსაზღვრება საერთოდ აღარ ყოფილიყო, რაზეც უარი მივიღეთ, არადა ერთ-ერთ სამუშაო ვერსიაში მშვენიერი განმარტება იყო.

“წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს” ცნების კანონში ჩაწერას უსინათლოთა კავშირი ითხოვდა. მათი არგუმენტით ეს ჩანაწერი საზოგადოებრივ ცნობიერებას აამაღლებს. ყველა გაიგებს, რომ უსინათლო ავტომატურად არ ნიშნავს “უწიგნურს”.

ასეთი წარმოდგენა მართლაც არსებობს. ადამიანები ვერ იგებენ, როგორ შეიძლება, უსინათლო რომ წერდეს და კითხულობდეს, ანუ ქმნიდეს და აღიქვამდეს წერილობით ტექსტს. მაგრამ ეს განმარტების გარეშე ხალხს ვერაფერს გააგებინებს, პირიქით – ბუნდოვანებას შემოიტანს.

აი, თქვენც გკითხავთ: რას ნიშნავს თქვენთვის „წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო“? ვინაა „წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო“? უსინათლოსთან მიმართებაში “წერა-კითხვის ცოდნის” გაგება განსხვავდება მხედველებთან მიმართებაშიც. ანუ უსინათლოსთვის “წერა-კითხვის ცოდნა”, მაგალითად, არ ნიშნავს ფურცელზე დაწერილი ტექსტის თვალით წაკითხვას და ბრტყელი შრიფტით, კალმის გამოყენებით ტექსტის რომელიმე ზედაპირზე მოხაზვას.

საკანონმდებლო ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ, სამოქალაქო კოდექსის მიღებული რედაქციით უსინათლოს შეეძლება ან ხელი მოაწეროს დოკუმენტს (აქ, სავარაუდოდ, მოიაზრება თავისი ხელით სახელისა და გვარის მოხაზვა, თუმცა რამდენად გარკვევით, თუ ინიციალებიც იქნება შესაძლებელი, დამოკიდებული იქნება მე-2 მხარის ჭირვეულობაზე) ან დაასვას წინასწარ ნოტარიულად დამოწმებული ფაქსიმილე/ბეჭედი.

ფაქსიმილეს დასამოწმებლად უსინათლომ ნოტარიუსის წინაშე ერთხელ თავისი ხელით უნდა დაწეროს სახელი და გვარი (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით, სხვა აქტებითა და პრაქტიკით დადგენილია, რომ ნოტარიუსები ითხოვენ სახელ-გვარის გარკვევით, ერთ ხაზზე, ხშირად ერთი ზომის ასო-ნიშნებით დაწერას). ნოტარიუსი უსინათლოს მიერ დაწერილ სახელ-გვარს დაამოწმებს, როგორც მის უნიკალურ ხელმოწერას. ეს დაწერილი შემდეგ უსინათლომ უნდა მიიტანოს ხელოსანთან და დაამზადებინოს ბეჭედი.

უსინათლოს ბეჭდით ხელმოწერა შეეძლება, თუკი ის ბეჭედთან ერთად წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ფურცელს, სადაც მისი ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ არ ყოფილიყო საჭირო ნოტარიუსთან ბეჭდის დამოწმება, რადგან, ისევ და ისევ, ბევრი უსინათლო ვერ შეძლებს ასე გარკვევით სახელ-გვარის დაწერას. ზოგს, მაგალითად, მხედველობის დარღვევასთან ერთად, მოტორული დარღვევებიც აქვს, თუმცა უარი მივიღეთ.

რატი იონათამიშვილმა გაითვალისწინა 2022 წლის ზაფხულში გაჟღერებული ჩვენი თხოვნა და პარლამენტის კვლევით ცენტრს მიმართა დავალებით, შეესწავლათ ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება უსინათლოთა ხელმოწერის მიმართულებით. შედეგები მრავალფეროვანი იყო, თუმცა სახელის და გვარის სრულად და გარკვევით დაწერა ხელმოწერად რომ ჩათვლოდათ, არსად ყოფილა მოთხოვნა.

რატომ ვწერ პირველ რიგში იმაზე, რაც არ გაითვალისწინეს? იმიტომ და იმისთვის, რომ კანონმდებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თუკი აღნიშნული არასრულყოფილებები შემდეგ ან კანონქვემდებარე აქტებით არ შეივსება/აღმოიფხვრება ან პრაქტიკით ან სხვა საკანონმდებლო ცვლილებებით, უსინათლოთა დისკრიმინაცია და ჩაგვრა, რომლის აღმოფხვრასაც წესით ეს ცვლილებები უნდა ემსახურებოდეს, გაგრძელდება.

შესაბამისად გაგრძელდება ამ ჩაგვრის დასასრულებლად ჩვენი ბრძოლა და საქმიანობა, იქნება ეს საკონსტიტუციო სარჩელის, გაეროს შშმ პირთა კომიტეტისადმი მიმართვისა თუ სხვა რამე ფორმით. და არ მინდა, მჯეროდეს, რომ ვინმეს უნდოდეს უსარგებლო კანონის მიღება, მხოლოდ სათქმელად, კანონი კანონისთვის.

ამიტომ იმასაც მიმოვიხილავ, თუ რომელი რეკომენდაციები გაითვალისწინა პარლამენტმა.

  1. ბრაილის შრიფტით მომზადებულ ტექსტზე ხელმოწერისას იყო მოთხოვნა, რომ ბრაილის შრიფტითა და ბრტყლად დაბეჭდილი დოკუმენტების იდენტურობა დაედასტურებინა ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტს, რომელიც არ იქნებოდა გარიგების რომელიმე მხარის ოჯახის წევრი. ჯერ ერთი, რომ ლიცენზირებული ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტები არც გვყავს. ამასთან, არის პრინტერები, რომლებიც მექანიკურად, 1 ფურცელზე ბეჭდავენ ერთდროულად ბრაილით და “თვალხილულად”. ასეთი პრინტერით დაბეჭდილს გადამოწმება აღარ სჭირდება. ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტის მოყვანა ისევ უსინათლოს დააწვებოდა ტვირთად, მოითხოვდა დროსა და რესურსებს. ამიტომ დღევანდელი რედაქციით ბრაილისა და ბრტყელი ვერსიები უბრალოდ შეინახება.
  2. უახლეს სამუშაო ვერსიაში ეწერა, რომ წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს დამოუკიდებლად შეუძლია მოაწეროს ხელი დოკუმენტს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ჩვენი თხოვნითა და რეკომენდაციით ამოიღეს ბოლო დათქმა – “თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”. შესაბამისად, არჩევანი, მოაწეროს თუ არა ხელი დამოუკიდებლად, რჩება მხოლოდ უსინათლოს და ეს აღარ იქნება დამოკიდებული მეორე მხარის ნება-სურვილზე. იმ რეალობაში, როდესაც უსინათლოსადმი უამრავი სტერეოტიპია, როდესაც უსინათლოს სიტყვას ფასი არ აქვს (მაგალითად, კბილის ექიმი დედაჩემს ეკითხებოდა, თუ რა უთხრა სხვა ექიმს წინა დღეს, იმის მაგივრად, რომ მე დამლაპარაკებოდა, არადა დედა წინა დღეს არც მახლდა), ამ რეალობაში ადვილი წარმოსადგენია, რომ უამრავი დაწესებულება უარს იტყოდა უსინათლოს ხელმოწერის მიღებაზე და ეს გასაღდებოდა, როგორც – “მეორე მხარემ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და არ დათანხმდა. მხარეთა შეთანხმება უსინათლოს მიერ დამოუკიდებელ ხელმოწერაზე ვერ შედგა”.
  3. ბატონი რატი იონათამიშვილი, რომელიც არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი გამტარებელი პარლამენტში, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ იმუშავებს ხელმოწერის საკითხის სხვა (არა უსინათლო) შშმ პირთათვის მოსაწესრიგებლადაც. იგი ასევე დაგვპირდა, რომ ნოტარიუსებთან და ზოგადად უსინათლოს მიერ ხელმოწერისას სახელ-გვარის სრულად და გარკვევით დაწერის ვალდებულება მოიხსნება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, როგორც ნოტარიუსებთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან მიმართებაშიც (მაგ. ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისთვის გაცემული ინსტრუქციით). მან გვითხრა, რომ პირადად გაუძღვება ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან ამ საკითხზე მუშაობას და დასვამს მათ წინაშე ამ მოთხოვნას.

ამ რთული, ოფლისმღვრელი პროცესის პირველი ეტაპის დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, ვინც კეთილსინდისიერად და გულწრფელად ცდილობდა, კანონი სარგებლის მომტანი ყოფილიყო ყველა უსინათლოსთვის.

მადლობა სახალხო დამცველის აპარატს კომენტარების მოწოდების, შეხვედრებზე დასწრებისა და ჩვენი არგუმენტირებული მსჯელობისთვის მხარდაჭერისთვის.

მადლობა ბატონ რატის კონსტრუქციულობისთვის, მზაობისთვის, გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები.

და ბოლოს, მადლობა დეპუტატ ანი წითლიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისმა ჩართვამ ამ პროცესში შეთანხმება დააჩქარა და კომპრომისები შესაძლებელი გახადა, თორემ ჩვენ მინიმუმ 2 წელი დაახლოებით ერთსა და იმავე რეკომენდაციებს ვიმეორებდით, თუმცა მათს ასახვას პირი არ უჩანდა.

ისიც მიხარია, რომ უსინათლოთა ხელმოწერის საკითხმა ერთ მაგიდასთან დასვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად, რაც ასე იშვიათია ჩვენს რეალობაში.

შშმ პირები აღვიქმებით ნეიტრალურ, აპარტიულ, თემად და ხელმოწერის დარეგულირების პროცესმაც აჩვენა, რომ გვაქვს პოტენციალი, რესურსი და შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ პოლიტიკურ დეპოლარიზაციაში.

საკითხის გარშემო როგორც საჯარო საკომიტეტო მოსმენები, ასევე დახურული შეხვედრები დაპირისპირებული პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამოირჩეოდა საქმეზე ორიენტირებული ტონით, რაც იმედს მაძლევს, რომ მსგავს დამოკიდებულებას მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანაში.

ზემოაღწერილი მიზეზებიდან გამომდინარე ამ რედაქციით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება შშმ პირთა ხელმოწერის გაადვილების საქმეში ბოლო ნაბიჯი არაა. მას მუდმივი მიდევნება და დახვეწა დაჭირდება, შესაბამისად, კვლავ დაგვჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ინტერესი, მხარდაჭერა და ღიაობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: