განათლება,მთავარი,სიახლეები

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

31.10.2022 • 2283
სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს.

  • ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს?

საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 წლიდან ვასწავლი, მათ შორის უნივერსიტეტშიც.

მე, ზოგადად, ბავშვობიდანაც ძალიან მიყვარდა, როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესი. დაწყებით კლასებში რომ ვსწავლობდი, ჩემი მთავარი დავალება სკოლაში იყო, რომ დავხმარებოდი სხვა ბავშვებს მეცადინეობაში. შემდეგ, სამეზობლოშიც ვეხმარებოდი ბავშვებს, ვისაც სწავლა უჭირდა. ალბათ ეს როლი დამრჩა გონებაში – რომ შემიძლია ვიღაცას რაღაც ვასწავლო, შემიძლია დავეხმარო ადამიანს განვითარებაში.

  • რა განსხვავებაა იმ მეთოდებს შორის, რითაც გასწავლიდნენ და როგორც თქვენ ასწავლით ახლა სკოლაში?

ეს ცოტა რთული საკითხია ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყავი კლასიკური გაგებით კარგი მოსწავლე. არასდროს მიმიღია დაბალი ნიშანი, არასდროს მქონია სწავლის პრობლემა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რასაც ვუყურებ, მგონია, რომ არ ვიყავი კომფორტული მოსწავლე, რადგან ძალიან ბევრ შეკითხვას ვსვამდი.

  • კითხვების დასმა იმდროინდელ სკოლაში დისკომფორტი იყო მასწავლებლისთვის?

კი. იყო რამდენიმე მასწავლებელი, ვისაც ნამდვილად ვუქმნიდი დისკომფორტს. პასუხის არქონის შემთხვევაში არ ვიწყებდით ხოლმე კითხვაზე ერთად მსჯელობას, მასწავლებლები ცდილობდნენ აერიდებინათ კითხვა თავიდან ან მადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხელს ვუშლიდი გაკვეთილზე, მეუბნებოდნენ – „არ არის საჭირო ზედმეტი კითხვები“ და ასე შემდეგ.

ახლა კი, როგორც მასწავლებელი, სულ ვცდილობ „მოსწავლე ნანას“ საჭიროებები გავითვალისწინო. ის, რაც მე მინდოდა – მეტი თავისუფლება, ან თუნდაც განყენებულ თემებზე საუბარი მასწავლებელთან, იქნებოდა ეს ისტორიასა თუ ლიტერატურასთან დაკავშირებით, უფრო მეტი მასალის მოძიება და არა მითოლოგიური ისტორიის სწავლა მაგალითად.

  • როგორია იტალიურის გაკვეთილი, რომელსაც თქვენ ატარებთ?

მე ვასწავლი იტალიურს ფართოდ აზროვნებისთვის და არ მინდა, რომ მიჯაჭვული ვიყოთ რაღაც სქემაზე.

პირველ რიგში, როცა კლასში შევდივარ, ვცდილობ გავიგო, როგორი ატმოსფეროა კლასში. ხომ არ არის ცუდი განწყობა, ცუდად ხომ არ არის რომელიმე ბავშვი. ვერ ვიწყებ გაკვეთილის ახსნას, თუ ვხედავ, რომ რომელიმე ბავშვი ცუდ ხასიათზეა. არ შემიძლია თავი მოვიტყუო, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ჩემს პროგრამას მივყვები და ამით ჩავთვალო თავი ვალმოხდილად.

ისეთი პრობლემების მოგვარებასაც ვცდილობ, რომელიც ერთი შეხედვით მე არ მეხება, მაგრამ კლასს ძალიან ცვლის.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ რაიმე ამბავი თვალსაჩინოებისთვის?

მესამე კლასელებთან მქონდა ასეთი შემთხვევა, ერაყელი გოგონა შემოვიდა კლასში, რომელიც ქართულად არ ლაპარაკობდა. რაღაც ცივი ურთიერთობა დავინახე ბავშვებისგან. ვერ ვიტყვი, რომ გარიყული იყო, მაგრამ დიდი ინტერესიც არ ჩანდა მის მიმართ.

მე ერთი სიტყვის – ჩემი სახელის – დაწერა ვიცი მხოლოდ არაბულად და დაფაზე დავწერე. მინდოდა მენიშნებინა, რომ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია. ძალიან გაუხარდა.

შემდეგ, გამოვიყენე ეს თემა, როცა ეროვნებების შესახებ ვხსნიდი გაკვეთილს და უნდა გველაპარაკა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნებში მოგზაურობა იმისათვის, რომ რაღაც გამოცდილებები დავაგროვოთ.

ვკითხე ბავშვებს, აი, ერაყელი მოსწავლე გვყავს და ხომ არ გამოიყენებთ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ ქვეყანაზე-მეთქი. პრეზენტაციებიც მოამზადეს და ვფიქრობ უფრო დაუახლოვდნენ ამ გოგონას.

  • როგორ ფიქრობთ, როცა ამბობენ, რომ მასწავლებელი ყველა ბავშვის საჭიროებას უნდა მისწვდეს, ეს გამოსვლადია ჩვენ სკოლაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ 30-ბავშვიანი კლასების შემთხვევაში ძალიან რთული მგონია ამის მიღწევა. მით უმეტეს მაშინ, თუ იტალიურს, როგორც მესამე ენას ისე ასწავლი. ასეა ძირითადად მაღალკლასებში, მაგრამ უფრო დაბალ კლასებში, როცა მეორე ენად ისწავლება იტალიური, არ მიწევს ბავშვებთან იმის ახსნა, რატომ უნდა ისწავლონ.

ზოგადად, ჩემ გაკვეთილზე ბავშვებმა იციან, რომ ღია ვარ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ამიტომ, თუკი რაიმე კითხვა უჩნდებათ, თავად სვამენ და შეგვიძლია მსჯელობა.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარი ღირებულება ნებისმიერ სიტუაციაში არის ადამიანი. ასე, რომ ბავშვებთანაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიურს კარგად სწავლობ თუ არა, ისინი მაინც განსაკუთრებულები არიან ჩემთვის. ეს გვეხმარება იმაში, რომ არ გვქონდეს პასუხგაუცემელი კითხვები.

  • რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლის შეფასებისას, როცა გაკვეთილს ყვება, თუ როცა კარგ კითხვებს სვამს?

ჩემთვის მთავარია ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე, „არ დაიზეპიროთ“, არამედ გაიაზრეთ ყველა სიტყვა. ბავშვი თუ  შეკითხვებს არ სვამს, მაგრამ სხაპასხუპით გაბარებს გაკვეთილს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არ უნდა ჩაიჭრას, უნდა თავი მოაწონოს მასწავლებელს და ნიშანი მიიღოს. თუ ვერ გიყვება ასე, მაგრამ გააზრებულ კითხვებს სვამს ან გააზრებულად პასუხობს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ჩემთვის, რომ კარგი ნიშანი დავუწერო ბავშვს.

ენის სწავლება, ენისა და კულტურის ერთობლიობა უნდა იყოს. სწავლაში ძალიან ეხმარება ბავშვებს ინსცენირება, მაგალითად, პატარები პიცერიაში წავიყვანე და როლური თამაში გავაკეთეთ მენეჯერიდან დაწყებული, მიმტანით დასრულებული.

შესაბამისად, ყველა ბავშვი ცდილობდა ესწავლა ის ტერმინოლოგია, რომელიც მის როლს სჭირდებოდა. ვერც კი გაიგეს, ისე დაიმახსოვრეს ამხელა ტერმინები. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს თამამად შეუძლიათ პიცის შეკვეთა იტალიურ პიცერიაში.

  • იტალიურის სწავლება გეხმარებათ ბავშვებს კარგად რომ აუხსნათ ევროპული ღირებულებები?           

პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ იტალიური სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით შევიყვარე. ის, რაც დღეს ვარ, ამ კულტურასთან კავშირით ჩამოვყალიბდი. ეს არის არა უბრალოდ საგანი, რომელიც სამუშაოდ ან სწავლებისთვის ავირჩიე, არამედ როგორც ცხოვრების ნაწილი, რომელსაც ვუზიარებ სხვას.

ჩემთვის ჯერ არის ღირებულებები და შემდეგ საგნის ცოდნა. თუ 10-იანზე სწავლობს ადამიანი იტალიურს, მაგრამ გვერდით მჯდომს ისეთ სიტყვას ეუბნება, რამაც შეიძლება გული ატკინოს, ან დავინახო, რომ ქუჩაში სხვას სცემს იმის გამო, რომ ის სხვანაირად გამოიყურება, მაშინ ამ ბავშვის ცხოვრებაში იტალიურის სწავლას რაიმე ღირებულება არ აქვს.

თუ ბავშვს იმას არ გავააზრებინეთ, რომ საჭიროა, ევროპა როგორც კონცეფცია და არა იტალია, როგორც შოპინგზე წასასვლელი ქვეყანა, მგონი ასეთი ცოდნა ვერაფრისთვის ვერ მოამზადებს ბავშვებს.

ჩემი საგნის სწავლებით, მინდა ღირებულებებზე დავაფიქრო ბავშვები. ამიტომ ვეუბნები ხოლმე, როცა ვამბობთ, „ყველა ასე ამბობს“, „არავის არ მოსწონს“, ეს „ყველა“ და „არავის“ არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი უბანი, ან ჩვენი სკოლა, არამედ სამყარო, რომლის ნაწილი ვართ ჩვენც. აქედან გამომდინარე მინდა უფრო ფართოდ შეხედონ ბავშვებმა ყველაფერს და ამას უკავშირდება ისიც, როცა ვეუბნები – „გაიაზრეთ“.

  • როგორია თქვენთვის პროფესიონალი მასწავლებელი?

ჩემთვის საუკეთესო მასწავლებელი არის ის, ვისაც ესმის ბავშვის, ზოგადად, ესმის ადამიანის. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია, მაგრამ როცა ბავშვს რაღაც უჭირს, სევდიანია ან სხვა პრობლემა აქვს, სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ცხოვრება არ იწყება არც იტალიურის ან რომელიმე საგნის სწავლით და არც აქ, სკოლაში მთავრდება.

2022 წლის სკოლა ვერ იქნება ისეთი, როგორიც 90-იანებში იყო. დღევანდელი ბავშვი არ დადგება და სხაპასხუპით არ მოგიყვება ბოლომდე ლექსს, დღეს სხვა გამოწვევები და სხვა ინტერესებია სამყაროში. ამ საჭიროებებს უნდა მოერგოს სკოლა და არა ბავშვი სკოლას.

  • სად უფრო თავისუფლად გრძნობს თავს ბავშვი – ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში?

ჩემთვის ფორმალური გარემო უფრო ნაკლები შედეგის მომცემია, ამიტომ მიყვარს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება, ეს უფრო შედეგიანია ხოლმე.

მე-3 კლასელებთან მქონდა ასეთი შემთხვევა – ვხსნიდი ანბანს და რაღაც შეკითხვები რომ წამოვიდა, უცებ გამახსენდა ჩემი მეგობარი, რომელიც ჩინურის სპეციალისტია. ისიც ჩავრთე ონლაინგაკვეთილზე და ნათლად ავუხსენით ბავშვებმა რა განსხვავებაა ანბანსა და იეროგლიფებს შორის.

მივხვდი, რომ ეს გაკვეთილი ყველაზე უკეთ აღიქვეს და დაამახსოვრდათ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ პარალელის გავლება, განსხვავებების დანახვით სწავლება, ვიდრე ტრადიციული და ჩვეულებრივი გაკვეთილები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: