მთავარი,სიახლეები

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

31.10.2022 • 9272
„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

რა აიძულებს ადამიანს დასახლდეს ადგილზე, სადაც 170-ათასიანი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნაგავი იყრის თავს?

„უქონლობა“ აიძულებს ადამიანს იმუშაოს ნაგავსაყარზე, გადაარჩიოს ნაგავი, იპოვოს ისეთი ნივთი, რასაც გაყიდის და მერე ამით იყიდოს პური – ამბობენ ისინი, ვინც თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს.

  • „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შემეძლო“ – გოჩას ისტორია

გოჩა დუმბაძე 13 წელია ნაგავსაყარზე ცხოვრობს. პირველად 2009 წელს მივიდა. იმ ზაფხულს თურქეთში ბევრი იმუშავა, აღებული ხელფასით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი იყიდა, ცოტა ფულიც წამოიღო და საქართველოში დაბრუნდა. სარფის საბაჟოზე ყველაფერი ჩამოართვეს.

წლების მერე მებაჟესთან დიალოგს ისე იხსენებს, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. იხსენებს, როგორ სთხოვდა სასოწარკვეთილი არ მოეხდინათ მისი შენაძენის კონფისკაცია.

ამაოდ.

უფულოდ და უსამსახუროდ დარჩენილს ახლობელმა უთხრა, რომ არსებობდა ადგილი, სადაც შეეძლო ემუშავა. სადაც არც უფროსი ეყოლებოდა და არც წინასწარ ეცოდინებოდა, რამდენს აიღებდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ იმუშავებდა.

დღემდე გულისრევის შეგრძნება აქვს, როდესაც იხსენებს პირველ სამუშაო დღეს ნაგავსაყარზე. ახლა ყველაფერი სულერთია.

„მკვდარი ძაღლი, მკვდარი კატა, ჩემზე რეაქციას აღარ ახდენს. შევეჩვიე…“ – ამბობს გოჩა.

13 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გოჩას სხვა სამუშაო ეპოვა, რომლითაც თავს ირჩენდა. ამ 13 წელიწადში იყო მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, კლინიკებში გატარებული წელიწადზე მეტი და გადარჩენის სიხარული.

გოჩას ჯანმრთელობა ნაგავსაყარმა დააზიანა. სუნმა, ანტისანიტარიულმა გარემომ და სასმელმა წყალმა, რომელსაც სვამდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ნაგასაყარზე დაბრუნდა, რადგან სხვაგან „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შეეძლო“.

გოჩა წარმოშობით ქედიდანაა, სოფელ მეძიბნადან. მისი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია. საშუალო სკოლაც სოფელში დაამთავრა. უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ უყვარს წიგნები. ნაგავსაყარზე ჯართთან და ფერად ლითონებთან ერთად წიგნებსაც აგროვებს. „წაკითხვის დრო არ მაქვს, მაგრამ ოდესმე შეიძლება მქონდეს და წავიკითხავო,“ – ამბობს ის.

გოჩა დუმბაძე

უკანასკნელი ორი წელი გავიდა მცდელობაში დაეტოვებინა ნაგავსაყარი და სხვაგან ეპოვა სამუშაო.

„ბათუმელები“ გოჩას პირველად გასული წლის აპრილში შეხვდა. ის მაშინ, როგორც ახლა, ნაგავსაყარზე ცხოვრობდა და უწყებიდან უწყებაში დადიოდა, კუთვნილი საცხოვრებლის მისაღებად.

გოჩა, როგორც მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები, სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვდა. ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქედაში ბინა მისცეს, თუმცა ცხოვრებას ისევ ნაგავსაყარზე აგრძელებს.

რატომ? – ეს იყო მთავარი კითხვა, როცა მას კიდევ ერთხელ შევხვდით.

„ყველაზე რთულ დროს შემიფარა აქაურობამ. იმ გარემოს დატოვება, სადაც ცხოვრობ, რომელსაც ეგუები, ძალიან რთულია. ახალი ბინა ცარიელია. ავეჯი არ მაქვს. ჯერ არც ფული, რომ ვიყიდო. ნაგავსაყარზე ვმუშაობ, როცა ავეჯის ფულს მოვაგროვებ, აუცილებლად წავალ ბინაში, სულ ხომ აქ არ ვიქნები,“ – გვითხრა გოჩამ პასუხად.

მოგვიანებით კი დროც განსაზღვრა, როდის წავა. „წავალ გაზაფხულზე. თუ ვიცოცხლე მანამდე“.

ჯერ არც ის იცის რას გააკეთებს, როცა გაზაფხული მოვა.

თუმცა ოცნებობს, რომ იყოს რამე ფონდი, რომელსაც მიმართავს, ის ფონდი მისცემს ფულს, რომელი ფულითაც „სადმე კოტეჯებს ჩადგამს და ტურიზმის სფეროში ჩაერთვება“.

თუმცა ჯერ გაზაფხულამდე შორია და არც რამე ფონდი ჩანს ჰორიზონტზე.

  • „ნაგავსაყარზე ცხოვრება არ არის არჩევანი, იძულებაა“ – ლაშას ისტორია

ის, რაც ზუსტად ჩანს გოჩას ფანჯრიდან, ლაშას ქოხია.

ლაშა 28 წლისაა. გოჩასგან განსხვავებით მას არ სურს, რომ სახე გამოაჩინოს და ღიად ილაპარაკოს. თუმცა ლაპარაკი უნდა.

„შეგიძლიათ ჩემი სახლი გადაიღოთ, ოღონდ მე არა. ორი შვილი მყავს – 9 და 1 წლის. მხოლოდ ოჯახმა და ახლო მეგობრებმა იციან, სად ვმუშაობ. შეიძლება მე და ჩემი ოჯახი ამის გამო გავირიყოთ, ამიტომ მირჩევნია ფოტო არ გადამიღოთ,“ – გვეუბნება ლაშა და ინტერვიუზე გვთანხმდება.

6 წელია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. 22 წლის იყო, როდესაც მეგობარს გაჰყვა სამუშაოდ და დარჩა. ინტერვიუს მის ქოხში ვწერთ. ქოხში ორი რკინის საწოლი დგას, საწოლის თავთან მაგიდა, რომელზეც სადილისთვის განკუთვნილი პროდუქტი აწყვია.

„ნაქირავებში ვცხოვრობდი ცოლ-შვილთან ერთად თავიდან და აქ სამუშაოდ ქალაქიდან დავდიოდი. მერე ვნახე, რომ იყო საშუალება ქოხის ასაშენებლად და ავაშენე. გარეთ სამსახური არ არის, რომ მუდმივად იმუშაო და ოჯახი არჩინო. ამიტომ ვარ აქ“, – ხსნის მიზეზს ლაშა, თუ რატომ ცხოვრობს და მუშაობს ნაგავსაყარზე.

ლაშასთვის გარეთ არის ნებისმიერი ადგილი ნაგავსაყრელის მიღმა. „გარეთ“ არის ბათუმიც.

ლაშას სახლი

„ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. დღეში 40-50-60 ლარი შეიძლება გამოიმუშაო. გააჩნია როგორ იმუშავებ. შეიძლება უფრო მეტიც,“ – გვიხსნის მისი სამუშაოს სპეციფიკას.

როგორ აღწერდით აქ ცხოვრებას? – ვეკითხებით ლაშას.

პასუხამდე ხანგრძლივ პაუზას აკეთებს და იწყებს:

„აქ ცხოვრება არის საშინელება. წყალი არაა. ჰაერზე ხომ ზედმეტია საუბარი. არ შეიძლება აქ ცხოვრება. ნაგავსაყარზე ცხოვრება არ არის არჩევანი, იძულებაა“, – ამბობს ლაშა.

მშენებლობაზე მუშაობა სცადა, მაგრამ „რამდენიც ვიმუშავე, იმდენჯერ გამიჭირდა ნამუშევრის აღება. ბევრ ადგილას დამრჩა ფული ასაღები. თან დაბალი იყო ანაზღაურებაო“.

„აქ ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ადამიანს ძალიან ბევრის ატანა შეუძლია. მე ახლა სადაც ვარ, აქ ხომ არ შეიძლება ადამიანი იყოს? მაგრამ ვიტან ამას. ასეთი ვართ ადამიანები.

ამ ყველაფრის ატანის ძალას ოჯახი მაძლევს. ოჯახს სჭირდება შემოსავალი – ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვარ აქ. შემოსავლის გარეშე ვერ იცხოვრებ. ჩემი ცოლი და შვილები ბათუმში ცხოვრობენ, ნაქირავებ ბინაში. 500 ლარს ვიხდი ქირაში. ისე გადის თვე, რომ ვერც კი ვხვდები. იმის ფიქრი მაქვს სულ, რომ ქირაა გადასახდელი. ძნელია. ხანდახან საღამოობით გავდივარ ხოლმე მათ სანახავად,“ – ამბობს ლაშა.

ბათუმის ნაგავსაყარის დახურვა გადაწყვეტილია. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში შენდება. ოფიციალური ინფორმაციით, როგორც კი ახალი ნაგავსაყარი გაიხსნება, უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება. ბათუმის ნაგავსაყარი მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

რა მოუვათ ნაგავსაყარზე მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს, როცა ის დაიხურება? – ვკითხეთ ლაშას.

„არაფერი არ მოუვა აქ მცხოვრებ ადამიანებს, უფრო კარგი იქნება,“ – ამბობს ლაშა და აგრძელებს: „ყველა თავის გზას გამონახავს. როგორც მაშინ გამოინახა, როცა აქ მოვედით და შიმშილისგან გადავრჩით, დღემდე თავს ვირჩენთ, ისე იქნება შემდეგიც. ახლა უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ საქმე არის, ფულის შოვნა შეიძლება და სხვასაც არ ვეძებთ. შეგუებულები ვართ. აქ არც უფროსი გვყავს, არც უმცროსი. ჩვენ ვართ ჩვენი თავის უფროსი“.

  • „შვილი ეზოში მომიკლეს, სახლში არ დავბრუნდები“ – ნათელას ისტორია

35 წელია ნათელა ბერიძე ცხოვრობს იქ, სადაც ახლა ბათუმის ნაგავსაყარია. 35 წლის წინ, როცა ნათელა და მისი ქმარი ჭოროხისპირას გადავიდნენ საცხოვრებლად, ნაგავსაყარი ნათელას სახლიდან შორს იყო. 35 წლის შემდეგ ნათელას ქოხის ფანჯრიდან ნაგვის გორები ჩანს.

ნათელას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პირადმა ტრაგედიამ აიძულა.

„32 წლის შვილი მომიკლეს ჩემი სახლის ეზოში. იმის შემდეგ შემძულდა იქაურობა. ადლიაში ვცხოვრობდით. წამოვედით მე და ჩემი მეუღლე სახლიდან, რადგან იმ სახლში ცხოვრება გაუსაძლისი იყო. აქ ამ ადგილას ჩემს მამამთილს ჰქონდა ადრე ნაკვეთი, მოვედით და დავსახლდით. გაუვალი ეკალ-ბარდები იყო. ნაგავსაყარი შორს იყო მაშინ. მერე წლებთან ერთად მოგვიახლოვდა, მოგვიახლოვდა და ახლა ცხვირწინ მოვიდა,“ – გვიყვება ნათელა.

ნათელას ოფიციალურად სახლი აქვს. ადლიაში. ახლა იქ მისი რძალი და შვილიშვილი ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა, დედასთან მეორე შვილი მიდის ხოლმე და რჩება.

სახლი, რომელიც ნაგავსაყარზე აქვს, უფრო ქოხია. ნათელა, როგორც პირველი მოსახლე, ყველაზე დიდ ფართობს ფლობს ნაგავსაყარზე. ამბობს, რომ ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს. ის, რომ ნაგავსაყარის დასახლებაში სხვა მოსახლეებს ელექტროენერგია აქვთ, ესეც ნათელას დამსახურებაა.

„წლების წინ ღორების ფერმა მქონდა, გავყიდე ის ღორები და შუქი შემოვიყვანეო“, – გვიყვება. მერე სხვებსაც გაუნაწილა. მაგრამ იმდენად დაბალია ძაბვა, ტელევიზორს ძლივს ამუშავებს, ნათურა კი ბჟუტავს.

ნათელა ბერიძე

ნათელა ახლა 73 წლისაა და მიუხედავად უმძიმესი სოციალური პირობებისა, არსად წასვლა არ უნდა.

„ვარიანტი არაა დავბრუნდე. მოვკვდები და იქ არ წავალ. იქიდან წამოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. აღარ დამედგომებოდა იქ, შესასვლელ ჭიშკართან მომიკლეს შვილი,“ – ამბობს ნათელა.

ის შეგუებულია, რომ ცხოვრების ბოლო წლებს ნაგავსაყარზე გაატარებს. რასაც ვერ ეგუება, ეს მატერიალური დანაკარგია.

თავს ძროხით ირჩენს, რომელსაც პერიოდულად უცნობი პირები იპარავენ ხოლმე.

„გავზრდი ძროხას, მომპარავენ. გავზრდი, კიდევ მომპარავენ. ახლა 17 ლიტრიანი ძროხა მომპარეს სამი კვირის წინ. აქ არც მილიცია მოდის და არც არავინ. მიხვალ მილიციაში და გეუბნებიან – თუ დაინახეთ ვინ წაიყვანა, გვითხარითო. მე თუ დავინახე, მილიცია რაღად მინდა?“- კითხულობს ნათელა.

გოჩასთან, ლაშასთან, ნათელასთან და მარისთან ერთად ბათუმის ნაგავსაყარზე კიდევ 17 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს. თითქმის ყველას სხვადასხვა დაავადება აწუხებს და მკურნალობა ესაჭიროებათ.

  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

რას აპირებს, ან აპირებს თუ არა სახელმწიფო რაიმეს ამ ადამიანების დასახმარებლად? ამ კითხვით აჭარის ორ სამინისტროს – ჯანდაცვასა და ეკონომიკას მივმართეთ.

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბათუმის ნაგავსაყარი და იქ მაცხოვრებთა საკითხი ამ უწყებას არ ეხება.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, აქ ნაგავსაყრელის რედიზაინის პროექტზე მუშაობენ, რომელიც მას შემდეგ განხორციელდება, რაც ახალი ნაგავსაყარი ამუშავდება. გერმანელი სპეციალისტები იმუშავებენ ძველი ნაგავსაყარის კონსერვაციაზე.

ნაგავსაყარზე მცხოვრები ადამიანების საკითხზე არც ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს არავინ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/445149/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: