მთავარი,სიახლეები

უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან

27.10.2022 • 941
უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„მიგრაცია რუსეთიდან, ბელარუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არ არის ერთადერთი,“ – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ იზრდება ფასები, როცა ლარი მყარდება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, მხოლოდ სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 173,94 მლნ აშშ დოლარი გამოგზავნეს, ეს გასულ წელთან შედარებით 350 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„…ტენდენცია არის ხარჯვისკენ მიდრეკილი და მზარდია,“ – განუმარტა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ რუსეთიდან მიგრაციის ზრდის გავლენის კუთხით. – „ბიზნესის მხრიდან კი, ამხელა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება უფრო ნაკლებია.

რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება ის, რომ როგორც წესი, ბიზნესი გაზრდილ მოთხოვნას გაზრდილი ფასებით პასუხობს. ეკონომისტები ამას ვუწოდებთ „ეკონომიკურ გადახურებას“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

როგორ აისახება მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი ფასებზე და გაიზრდება თუ არა ფასები ისევ? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, რა კავშირშია რუსეთიდან მიგრაცია ფასების ზრდასთან, როცა ცნობილია, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირდა ბაზარი, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ? 

კვლევის მიხედვით, ომის დაწყების პირველი ტალღის დროს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები შედარებით მაღალშემოსავლიანები იყვნენ, დასაქმებულები და მათი საშუალო შემოსავალი თვეში იყო 1700 ამერიკული დოლარი. ჯერ კვლევა არ ჩატარებულა და არ ვიცით, რა კატეგორიის რუსები შემოვიდნენ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, როგორია მათი შემოსავლები, მხარჯველუნარიანობა, არიან თუ არა დასაქმებულები და ასე შემდეგ.

თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რუსეთიდან მიგრაციის გაზრდა არ აისახა ყველა პროდუქციის ფასის გაზრდაზე, მაგრამ მკვეთრად გაძვირდა ბინების ფასი, ასევე კაფე-რესტორნების მომსახურება. აქ მოხდა მარტივი რამ: გაჩნდა მომხმარებელი, რომელიც მზად არის მეტი გადაიხადოს, მიმწოდებელს კი, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს პროდუქტი.

  • მაგრამ ეს პროდუქტი არ არის დეფიციტური, ხოლო ბაზარზე კონკურენციაა.

ეს მაღალშემოსავლიანი შედის უკვე ამ დროს კონკურენციაში… იგივე საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბინები ძვირად გააქირავეს, ან სარესტორნო ბიზნესი აქვთ, ან სილამაზის სალონი, რომელიც სულ დაკავებულია, შედიან ამ კონკურენციაში.

გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, კონკრეტულ პროდუქტებში უფრო ძვირი გადაიხადონ და პროდუქტიც ძვირდება.

სასურსათო ინფლაცია ძალიან გაზრდილია, თუმცა ამის მიზეზი უფრო სხვა რამ არის: ფასები გაძვირდა ობიექტურად და ამავდროულად, სხვა პროდუქტებზე ფასების გაზრდა აისახება სურსათზეც, ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან.

  • ანუ ბაზარი მაინც გაძვირდებოდა ომის პირობებში, მაგრამ რუსეთიდან მიგრაციამაც შეუწყო ფასების გაზრდას ხელი? 

დიახ, ისედაც გაძვირდებოდა, რუსების შემოსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი… პირობითად, თუ ახლა გვაქვს ინფლაცია 11%, შეიძლება გვქონოდა, მაგალითად, 9 %.

რუსეთიდან შემოსული ადამიანები, ეს 112 ათასი, რაც ოფიციალურად დასტურდება, ძირითადად კონცენტრირებული არიან თბილისსა და ბათუმში, ეს არ არის პატარა რიცხვი. თბილისი შედარებით დიდი ქალაქია, მაგრამ ყველა ხომ არ დადის რესტორანში? ჩამოსულების დიდი ნაწილი კი, დადის. გეთანხმებით, რომ ფასს ვერ გაზრდი ასე თვითნებურად, კონკურენციაა, მაგრამ ეს აისახა მკაფიოდ ბინებსა და სარესტორნო მომსახურებაზე პირდაპირ, რაც შემდეგ აისახა სურსათზეც.

  • მეორე მხრივ, მკვეთრად გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რის შედეგადაც ლარი გამყარდა. ეს რატომ ვერ აისახა ინფლაციაზე? 

დიახ, გზავნილები აისახა ლარის გაცვლით კურსზე და ვალუტის კურსის გამყარება ინფლაციის შემთხვევაში აფერხებს ფასების ზრდას, თუმცა არა იმდენად, რომ ამან სხვა ფაქტორები გადაფაროს.

  • ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე წლიურად 11.5 %-ით გაიზარდა. როგორ შეიძლება დადგინდეს, კონკრეტულად რა პროდუქციის გაძვირებაზე აისახა მიგრაცია? 

ინფლაციის საერთო დონეზე სხვადასხვა წილობრივი მონაწილეობით შედის სხვადასხვა პროდუქტი. ფაქტია, რომ რუსების შემოსვლა რაღაც პროდუქციაზე აისახა უფრო მეტად, რაღაცაზე – ნაკლებად.

ომის დაწყების შემდეგ გაძვირდა საწვავი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ახლა ამ ფასებზე დაიწყო კლება, ოღონდ ეს კლება არის აწეული ნიშნულიდან, ფასი რეალურად ისევ მაღალი რჩება, რადგან ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა გაძვირებულია ძალიან, რაც აისახება ღირებულებაში.

ფასების ზრდა აღარ გაგრძელდება ამ მასშტაბით, რადგან უკვე გაზრდილია საბაზისო მომენტი. ჩემი აზრით, ფასების ზრდის ეს ტემპი მოიკლებს, რადგან ძალიან მაღალი ტემპია და ასე ვერ შენარჩუნდება.

კლებისა და გაიაფების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა ეს ტემპი შენელდება.

წინა პერიოდში გვქონდა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაც, თუმცა ეს არ იყო მდგრადი. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება არ ნიშნავს ფასების შემცირებას, უბრალოდ, როცა ინფლაცია იქნება პირობითად არა 10 %, არამედ 5 %, ეს აღარ იქნება ისე მტკივნეული, როგორც ახლა – ახლა ფასების ზრდას საქართველოში შემოსავლები ვეღარ ეწევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: