მთავარი,სიახლეები

როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

26.10.2022 • 1359
როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

შავი ზღვის მიმართ ინტერესის გაზრდას ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ფაქტორად, რაც თურქეთთან საქართველომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად უნდა გამოიყენოს. მას ვესაუბრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გააქტიურებაზე: რა სახის სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან, ნატოს წევრ მეზობელ ქვეყანასთან საქართველოს?

სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საქართველომ სწორად უნდა დაინახოს საკუთარი ფუნქცია შავ ზღვაზე, განსაკუთრებით რეალობაში, როცა სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ არ გვაქვს.

„მე 1993 წლიდან 2017 წლამდე ვიყავი შეიარაღებულ ძალებში და არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა თურქეთს ჩვენთვის რაიმე სახის დახმარებაზე უარი ეთქვას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი. ის არაერთ პროექტს გვისახელებს იმის მაგალითად, თუ როგორ დაეხმარა თურქეთი საქართველოს, შემდეგ კი, განსაკუთრებული აქცენტით ამატებს:

„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან მოკავშირედ ვიქცეთ. ამისთვის საჭიროა, თურქეთს უკუგების იმედიც ჰქონდეს, თორემ ის ისედაც მოგვცემს რაღაცას ასე თუ ისე,“ – დასძინა გადამდგარმა გენერალმა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან, ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა სახით შეიძლება გაძლიერდეს თანამშრომლობა თურქეთთან სამხედრო კუთხით? როგორ ვიყენებთ პარტნიორობას? 

მე შეიარაღებულ ძალებში ვიყავი 1993 წლიდან 2017 წლამდე [სანამ მე ვმსახურობდი] და არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა თურქეთს ჩვენთვის რაიმე სახის დახმარებაზე უარი ეთქვას. ჩვენ მუდმივად გვეხმარება თურქეთი, ეს იქნება სამხედრო განათლების ცოდნის გაზიარება, აღჭურვილობის მოწოდება, სამხედრო მოწყობილობის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ ასე შემდეგ.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რეალური დახმარება გაგვიწია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში იმ რთულ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიყავით 90-იან წლებში, მაშინ გაგვიწია თურქეთმა მატერიალური დახმარება. მახსოვს, კოჯორში იყო სპეცდანიშნულების დანაყოფი და თურქებმა გადმოგვცეს მანქანები, „ლენდროვერები“, შესაბამისი მოწყობილობებიც მაშინ აშენდა.

შემდეგ იყო მე-11 ბრიგადა, სადაც ასევე გაგვიწიეს მატერიალური დახმარება, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს უშუალოდ ამ ბრიგადის ავტოტექნიკით მომარაგებაზე. ასევე დააფინანსეს კომპიუტერების შეძენა და სამშენებლო სამუშაოები მთლიანად.

მნიშვნელოვანია ასევე სამხედრო განათლების გაზიარება. მეც თურქეთში მაქვს დამთავრებული თურქეთის ე.წ. ომის აკადემია, ანუ იქ გავიარე სამხედრო კვალიფიკაციის კურსები. ჩვენი ბევრი სამხედრო მოსამსახურე სწორედ თურქეთში იღებდა და იღებს სამხედრო განათლებას. საქართველოს თავდაცვის აკადემიის გარდაქმნაშიც თურქებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი, მანამდე იყო მხოლოდ სამხედრო სასწავლებელი, რომელსაც არ გააჩნდა ბაზა, ლიტერატურა და ასე შემდეგ.

პრობლემა არის ის, რომ გვაქვს პერიოდული გაცივება ამ ურთიერთობებში. მაგალითად, ჩვენი თავდაცვის აკადემია, სადაც თურქი პერსონალიც მუშაობდა და რექტორის მოადგილეც თურქი იყო, ერთი ხელის მოსმით გააუქმა იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, თურქი პერსონალიც მაშინ თურქეთში დაბრუნდა.

  • ახლა რა ეტაპი გვაქვს თურქეთთან, თქვენი დაკვირვებით? ფაქტია, რომ თურქეთი კავკასიის რეგიონში გააქტიურდა ახლო მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად. 

ახლაც გვაქვს საერთო პლატფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და ღირებული საქართველოსთვის. ჩემი აზრით, თურქეთი მუდამ მზადაა, დახმარების ხელი გამოუწოდოს საქართველოს.

თუმცა მეორეა, რომ ურთიერთობისა და მოკავშირეობის უფრო დიდი პოტენციალი არსებობს თურქეთთან და ეს ათვისებული არ არის. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ.

მაგალითად, ვიდრე ჩვენ გვქონდა სამხედრო-საზღვაო ძალები, თურქეთი მუდმივად გვეხმარებოდა როგორც განათლების კუთხით, ისე მატერიალურად, მომარაგებით: საწვავით დაწყებული, სამხედრო ფორმებით დასრულებული.

თურქები გვეხმარებოდნენ პირადი შემადგენლობის მომზადების კუთხით, მატერიალური საშუალებებით, საზღვაო ძალების მშენებლობის კუთხით, მაშინ ფოთში იყო სარდლობა. დღეს ეს თემა, სამწუხაროდ, ტაბუდადებულია. მიიჩნევენ, რომ სამხედრო-საზღვაო ძალის ქონა ძვირია და მორჩა, მაგრამ იაფი არაფერი არ არის, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს, ვიყოთ სრულფასოვანი ქვეყანა. შეუძლებელია, ამხელა საზღვაო საზღვარი გქონდეს და არ არსებობდეს სამხედრო-საზღვაო ძალები.

გენერალი გიორგი სურმავა

  • შავი ზღვა განსაკუთრებით ახლა თურქეთთან მოკავშირეების გაძლიერების ახალ შესაძლებლობას ქმნის? 

დიახ, შავი ზღვა არის ის საკითხი, რის გამოც თურქეთი განსაკუთრებით არის ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული. განსაკუთრებით ახლა, როცა შავი ზღვა გახდა გლობალური ინტერესის საგანი სხვადასხვა მოთამაშის მხრიდან. ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. იგივე უკრაინა ომის დაწყებამდე აქტიურად იყენებდა შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს, ცნობილია, რომ დაახლოებით მილიარდნახევრიანი პროექტი ჰქონდათ საზღვაო-სამხედრო ძალების მიმართულებით.

ჩვენც უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ინტერესები შავ ზღვაში. მთავარია, განვსაზღვროთ: ვის ინტერესებს ემთხვევა ჩვენი ინტერესი. მთავარია ისიც, რომ ჩვენ დავანახოთ პარტნიორებს მზაობა, რისთვის ვართ მზად? ჩემი აზრით, თურქეთი პირველია, ვინც დაინტერესებულია მსგავსი ურთიერთობების გაღრმავებით. თურქეთის მოკავშირე ისედაც ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან მოკავშირედ ვიქცეთ. ამისთვის კი საჭიროა ის, რომ თურქეთს უკუგების იმედიც ჰქონდეს, თორემ ის ისედაც მოგვცემს რაღაცას ასე თუ ისე.

ჩვენ უნდა დავანახოთ თურქეთს, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია, რომ გვაქვს ფუნქცია და ამას ვხედავთ. ამას თუ დავანახებთ თურქეთს, მერე სხვა ქვეყნებიც უფრო ინტენსიურად დაგვეხმარებიან.

  • არსებობს სხვადასხვა სახის თანამშრომლობის ფორმატი თურქეთთან, მაგალითად, „კავკასიის არწივი“, სადაც აზერბაიჯანიც მონაწილეობს. რამდენად იყენებს ამ პლატფორმას საქართველო? 

ეს მონდომება თანამშრომლობაზე თურქეთის მხრიდან მუდმივად იყო და არის. ახლაც იმართება მაღალი დონის სწავლებები, მაგალითად, ნავთობსადენის უსაფრთხოების სწავლება, ასევე სპეცდანიშნულების ბაზების მომზადება.

ასევე გათვალისწინებულია სამი ქვეყნის – საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი – თავდაცვის მინისტრების გარდა, გენშტაბის უფროსების ან თავდაცვის უფროსების შეხვედრა.

მეტწილად ეს არის სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, ეს ისეთი მასშტაბური არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკული დანიშნულება აქვს, კონკრეტულ ვითარებებს მორგებულია, მაგალითად, ნავთობსადენის უსაფრთხოების სწავლება.

  • თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წელს თურქეთმა საქართველოს მარნეულის სამხედრო აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური ლოჯისტიკური გაუმჯობესების მიზნით გადასცა 597 722 აშშ დოლარის ტექნიკა. ეს რამდენად მნიშვნელოვანი აღჭურვილობაა? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მარნეულის აეროდრომზე თურქეთს შეფობა ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან აქვს აღებული: რესტავრაცია ჩაუტარეს, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების საშუალებები შექმნეს, ასევე სანავიგაციო საშუალებები, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნეს აეროდრომი. იქ არაფერი არ იყო დარჩენილი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გარდა.

ჩვენ რომ გვაქვს სამხედრო აეროდრომი, ეს ნამდვილად თურქეთის დამსახურებაა.

  • როცა თქვენ იყავით, მაგალითად, გენშტაბის უფროსის მოადგილე, მაშინ რა ქმნიდა ბარიერს, სხვა ეტაპზე გადასულიყო თურქეთთან საქართველოს პარტნიორობა?  

მუდმივად მახსოვს მომენტალური დახმარებები თურქეთიდან, როგორც კი, რამე ადეკვატური მოგვითხოვია. ახლაც ვხედავთ, რომ ხანძრის დროს თვითმფრინავებით თურქეთი გვეხმარება. ასე, რომ თურქეთი მუდმივად დიდი გულისხმიერებით ეკიდება ჩვენს ნებისმიერ თხოვნას სამხედრო თვალსაზრისით.

დანარჩენი კი, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ დავინახავთ ჩვენს ფუნქციას და რამდენად შესაბამისად მუშაობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინსტრუმენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: