მთავარი,სიახლეები

„დილსი“ – ონლაინმაღაზია, რომელმაც ასობით მომხმარებელი მოატყუა და მაინც მუშაობს

26.10.2022 • 3018
„დილსი“ – ონლაინმაღაზია, რომელმაც ასობით მომხმარებელი მოატყუა და მაინც მუშაობს

მაიკო ქართველიშვილმა, ორი თვის წინ ინტერნეტმაღაზიაში „დილსი“ პიჯაკი გამოიწერა შორტით, 195 ლარად. ფეისბუქზე ინტერნეტმაღაზიად დარეგისტრირებულ „დილსის“ მაიკომ თანხა ორ ნაწილად გადაურიცხა: 50 ლარი 15 აგვისტოს, დანარჩენი კი – მეორე დღეს.

მომხმარებელს არც შეკვეთილი სამოსი მიუღია და არც გადარიცხული ფული, 195 ლარი აღარავის დაუბრუნებია მისთვის.

„პირველად 50 ლარი რომ ჩავრიცხე, მეორე დღეს აქტიურად მწერდნენ, დანარჩენი თანხაც ჩარიცხეთ ბარემო. ჩავრიცხე. 4, 5 დღეში უნდა მოეტანათ სამოსი და არავინ გამოჩენილა. ორი კვირა რომ გავიდა, დავრეკე და ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, ხვალ მოგივათ შეკვეთა საქართველოს ფოსტითო. ფოსტიდან არავინ მოსულა, მერე მე მივედი და არანაირი გზავნილი ჩემს სახელზე იქ არ იყო. ვითხოვდი „დილსისგან“ გამოგზავნის კოდს, მაგრამ ვერ მაძლევდნენ. მამისამართებდნენ ერთი ნომრიდან მეორეზე. ერთ ნომერზე მპასუხობდნენ გამოგზავნილიაო, მეორეზე მპასუხობდნენ არ არის გამოგზავნილი და ახლა მზადდება შეკვეთა, ცოტა დაიცადეთო. ბოლოს აღარავინ გამომეხმაურა“, – გვიყვება მაიკო.

როცა დარწმუნდა, რომ ტანსაცმელს ვერ მიიღებდა, მაიკომ „დილსისგან“ თანხის დაბრუნება მოითხოვა, თუმცა ამაოდ:

„მერე ბევრი მომხმარებელი აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში, ვინც ამ ვითომ ინტერნეტმაღაზიისგან ჩემსავით დაზარალდა. თავიდან კარგად გეკონტაქტებიან, სანამ თანხას ჩარიცხავ, ფერებს გარჩევინებენ, არჩევანს გთავაზობენ ფოტოებით. არანაირი ეჭვი არ გაგიჩნდება. მერე, როცა არც თანხა დამიბრუნეს და არც სამოსი მომიტანეს, მათ ფეისბუქგვერდზე დავიწყე კომენტარების წერა, რასაც მაშინვე შლიდნენ“, – ამბობს მაიკო ქართველიშვილი.

მაიკო მიიჩნევს, რომ დაზარალებულია, თუმცა გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავებისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ინტერნეტმაღაზია „დილსი“.dilsi მხოლოდ ფეისბუქშია დარეგისტრირებული მაღაზიად. 23 აგვისტოს მათ პოსტი გამოაქვეყნეს ფეისბუქზე, სადაც წერია, რომ შოურუმი აქვთ „ბათუმი მოლში“, მისამართზე: გორგილაძის ქუჩა №90.

„ბათუმელები“ „ბათუმი მოლში“ მივიდა ამ მისამართზე „დილსის“ მოსაძებნად, თუმცა ამ დასახელების შოურუმი არ დაგვხვდა. „ბათუმი მოლის“ ადმინისტრატორმა, ირინა ჯინჭველეიშვილმა კი შემდეგი გვითხრა: „აგვისტოს თვეში „დილსიმ“ მართლა გახსნა ჩვენთა შოურუმი. ორი თვის განმავლობაში მათ დაუგროვდათ დიდი გადასახადები, რაც არ გადაიხადეს. გარდა ამისა, მომხმარებელი ხშირად მოგვმართავდა პრეტენზიებით, რომ მათ მაღაზიას არ მიჰქონდა შეკვეთები მომხმარებლამდე. ამ მიზეზების გამო შოურუმს გავუუქმეთ ხელშეკრულება“.

ფეისბუქგვერდზე „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ „დილსის“ შესახებ რამდენიმე ასეული პოსტი იძებნება, სადაც ასობით მომხმარებელი წერს, რომ „დილსის“ თანხა გადაურიცხეს, თუმცა შეკვეთილი სამოსი არ მიუღიათ.

იშვიათ შემთხვევაში მომხმარებელი ამბობს, რომ „დილსი“ მხოლოდ იმ მომხმარებლებს უბრუნებს თანხას უკან, რომლებსაც მათ წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეაქვთ. ასეთ მომხმარებლებს „დილსი“ თანხას უკან უბრუნებს დროის გაჭიანურებით.

ამის მიუხედავად, მათი გვერდი ისევ ფუნქციონირებს: გვერდი დაბლოკილი არ არის, უარყოფით კომენტარებსაც კი „დილსი“ პოსტების ქვეშ შლის და ყოველდღიურად დღეში საშუალოდ 4, 5 პროდუქტს აქვეყნებს ახალი მომხმარებლების მისაზიდად.

ჟანა დუმბაძემ ამ ონლაინმაღაზიის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში ახლახან დაწერა, თუმცა გამოკითხვაზე პოლიციას ის ჯერ არ დაუბარებია.

პიჯაკის საყიდლად ჟანამ 5 ოქტომბერს გადაურიცხა 155 ლარი მობაილბანკით „დილსის“ წარმომადგენელს. პიჯაკი მისთვის მაქსიმუმ 10 ოქტომბრამდე უნდა მიეტანათ, მაგრამ ოქტომბერი სრულდება და შეკვეთა ისევ არ მიუღია.

„მაქსიმუმ 10 რიცხვამდე უნდა მოეტანათ პიჯაკი. შეკვეთას რომ დააგვიანდა, თავად არავინ დამკავშირებია. მე რომ ვრეკავდი, მეუბნებოდნენ, რომ მეორე დღეს აუცილებლად მომიტანდა კურიერი.

ყოველ ჯერზე სხვადასხვა ოპერატორი მპასუხობდა. ბოლოს მოვითხოვე თანხის დაბრუნება, რაც არ გააკეთეს და გავაფრთხილე ისინი, რომ პოლიციას მივმართავდი. როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, ჩვენ თაღლითები არ ვართ და ამის დამტკიცება შეგვიძლიაო, მიპასუხეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვნახე ამ ინტერნეტმაღაზიის შესახებ, ყველა წერდა, რომ ჩემსავით იყო დაზარალებული“, – ამბობს ჟანა დუმბაძე.

ჟანამ ამის შემდეგ პოლიციაში საჩივარი დაწერა, თუმცა ის გამოკითხვაზე ჯერ არავის დაუბარებია.

ხატია ჯანგულაშვილმა 22 აგვისტოს შეუკვეთა კაბა და პიჯაკი 200 ლარად „დილსის“. შეკვეთა 5 სექტემბერს უნდა ჩაებარებინათ. მას შემდეგ, რაც კურიერს 2 საათი ელოდა, ხატიას მხოლოდ კაბა მიუტანეს პიჯაკის გარეშე. პიჯაკი აღარ გამოუგზავნეს. ხატიამ თანხა უკან მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე მას „დილსისგან“ ანაზღაურება არ მიუღია. ონლაინმაღაზია ხატიას მთელი ეს დრო ჰპირდება, რომ გადარიცხულ თანხას „დღეს ან ხვალ მიიღებს“.

„ძალიან დიდი ხნის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც ერთი ამბავი ავტეხე, მომიტანეს პიჯაკი – ძალიან უხარისხო, სრულიად სხვა, ვიდრე ფოტოზე იყო და დეფექტიანი. კურიერს მეტროსთან 2 საათი ველოდე. არ მომიტანეს კაბა. მოვითხოვე ფული უკან და მატყუებენ ორი თვეა, რომ თანხას გადმომირიცხავენ. ამ დრომდე არაფერი გადმოურიცხავთ.

„სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ დავდე მათზე პოსტი და აღმოვაჩინე, რომ ამ ონლაინმაღაზიამ ბევრი დააზარალა, მივხვდი, რომ თაღლითებთან მქონდა საქმე.

ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ,,დილსის” წარმომადგენლები გაბრაზდნენ და ვინმე ქეთი სვანიძემ სატელეფონო საუბრისას, როცა მათ დავურეკე, მითხრა, რომ თქვენ უკვე თავად გააკეთეთ არჩევანიო“, – გვიყვება ხატია.

სამივე ზემოთ ხსენებულ რესპონდენტს „დილსიდან“ სხვადასხვა ანგარიში მიუთითეს, სადაც მაღაზიისთვის თანხა უნდა ჩაერიცხათ: ხატია ჯანგულაშვილმა 200 ლარი ანა ცომაიას სახელზე ჩარიცხა, ჟანა დუმბაძემ ანა სიჭინავას გადაურიცხა 155 ლარი, მაიკო ქართველიშვილმა კი შპს „დილსის“ სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 195 ლარი.

ხატია ჯანგულაშვილს პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ელენე გიორგაძემ დუტის ქურთუკი ერთი წლის წინ შეუკვეთა. ქურთუკი არც ელენეს მიუტანეს „დილსიდან“. შეკვეთას მთელი თვით დააგვიანდა, მაგრამ ელენეს არავინ შეხმიანებია, რის შემდეგაც მან თავად მისწერა მაღაზიას კითხვით, თუ სად იყო მისი შეკვეთა. მინაწერი ნახეს, თუმცა პასუხი არ გასცეს, რის შემდეგაც ელენე დაეჭვდა და ტელეფონის ნომრების, სახელებისა და გვარების მიხედვით, ვისაც ეკონტაქტებოდა ,,დილსიდან“, ამ ადამიანების ძებნა დაიწყო ცესკოს სპეციალურ ბაზებში.

„დავადგინე ამ ადამიანების ვინაობა, გავარკვიე, რომ ეს ნათესავების, ბიძაშვილებისა და დების თაღლითური ჯგუფია, რომლებიც ფულს სძალავენ ადამიანებს. გავარკვიე ვინ ვისი და, ბიძაშვილი და დედაა, გავარკვიე, სად აქვთ საცხოვრებლები რეგისტრირებული და ა.შ.“ – ამბობს ელენე.

ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ელენემ „დილსის“ წარმომადგენელს დაურეკა და უთხრა, რომ იცოდა მათი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის მისამართი, იცოდა მათი ნათესავების სახელები და გვარები, ვინაობა, ადგილსამყოფელი და რომ ამ ყველაფერს ტელევიზიებთან განაცხადებდა, რის შემდეგაც „დილსის“  წარმომადგენლები მას დაჰპირდნენ, რომ თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

„მიხვდნენ, რომ მართლა გარკვეული მქონდა მათ შესახებ ბევრი რამ და ვფიქრობ, ძალიან დაშინდნენ, დამპირდნენ, რომ თანხას დამიბრუნებდნენ და რამდენიმე დღეში მართლაც გადმომირიცხეს ფული. მერე სოციალურ ქსელებში ბევრგან ვხვდებოდი მათგან დაზარალებული მომხმარებლების კომენტარებს“, – ამბობს ელენე გიორგაძე და გვეუბნება, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს პოლიციას.

„დილსის“ წარმომადგენლები ფეისბუქგვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერს არ პასუხობენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „დილსის“ წარმომადგენელს ნომერზე, რასაც ისინი მომხმარებლებს აძლევენ. ტელეფონზე დარეკვისას დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად ,,დილსიში“ ვრეკავდით.

მაღაზიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდნენ ბრალდებების შესახებ, რასაც მათ მომხმარებლები უყენებენ.

„კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სხვა კომპეტენტური პირი დაგიკავშირდებათ, გადავცემ თქვენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და დაგირეკავთ. რაც შეეხება პოსტებს (ფეისბუქგვერდებზე), ჩვენი მხრიდან ამაზე საქმეა აღძრული“, – გვითხრა „დილსის“ წარმომადგენელმა.

თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა მოტივით და ვის წინააღმდეგ „აღძრეს საქმე“, არ უპასუხეს.

ნინო დაგვპირდა [ასე გაგვეცნო, გვარი არ გაამხილა], რომ „ბათუმელებს“ თავად დაუკავშირდებოდა კომპანიის დირექტორი ან მენეჯერი, თუმცა 5 დღის ვადაში გამოცემას არავინ დაჰკავშირებია.

ნინოს ვკითხეთ ასევე, თუ სად აქვს „დილსის“ შოურუმი, ვაცნობეთ ისიც, რომ მათ მიერ მითითებულ მისამართზე ბათუმში ვიყავით და „დილსის“ მაღაზია „ბათუმი მოლში“ ვერ ვიპოვეთ. ამ კითხვაზე ნინომ არ გვიპასუხა და ტელეფონი გათიშა.

„დილსთან“ დაკავშირებას ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობთ. კომპანიაში სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად „დილსი“ 2020 წელს დარეგისტრირდა. „დილსის“ 100%-იანი წილის მფლობელი 1996 წელს დაბადებული, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში მცხოვრები ნათია სიჭინავაა.

ონლაინმაღაზია „დილსის“ ფეისბუქგვერდს 68 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მომხმარებლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ შეკვეთის არმოტანის და თანხის არდაბრუნების შემდეგ მათ უარყოფითი კომენტარების წერა დაიწყეს ,,დილსის“ პოსტების ქვეშ, თუმცა ონლაინმაღაზიის წარმომადგენლები ამგვარ კომენტარებს მაშინვე შლიან და მოტყუებულ, დაზარალებულ მომხმარებლებს ბლოკავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, არის თუ არა გამოძიება დაწყებული „დილსის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების მიხედვით. ასეთი ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურმა ვერ მოძებნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: