მთავარი,სიახლეები

„რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ“ – 7 ქართველი ქალის ისტორია ემიგრაციაზე

24.10.2022 • 4176
„რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ“ – 7 ქართველი ქალის ისტორია ემიგრაციაზე

2000-იანების საქართველოში, როცა ქვეყანაში ტოტალური სიღარიბე, კრიმინალი და უმუშევრობა იყო, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი თავისა და ოჯახების გადარჩენის გზა ემიგრაციაში იპოვეს.

ბევრი მათგანის დანიშნულების ქვეყანა იყო საბერძნეთი. წასვლა პირად კავშირებზე იყო დამყარებული – უკვე წასულები დარჩენილებს ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში.

ორი საუკუნის მიჯნაზე საქართველოში გაჩნდნენ ე.წ. გადამყვანები, რომლებიც მოქალაქეებს საბერძნეთში არალეგალურად შესვლაში ეხმარებოდნენ თანხის სანაცვლოდ. გზა საქართველოდან საბერძნეთამდე იყო საშიში, რისკის შემცველი და წარმოუდგენელი სირთულეებით სავსე.

განვლილი გზის შესახებ საჯაროდ საუბარი ქალებმა, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, მხოლოდ წლების შემდეგ შეძლეს. ქალები საბერძნეთში გადადიოდნენ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, გასაბერი ნავებით და ბულგარეთის მთებში გამავალი საცალფეხო ბილიკით.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ზეპირ ისტორიებს. ეს ქალები ახლა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი დაბრუნებაზეც კი ფიქრობს, ზოგიერთი კი  ემიგრაციაში 20-წლიანი ყოფნის მიუხედავად, საკუთარ მომავალს საქართველოში მაინც ვერ ხედავს.

  • ჟანა ბანძელაძე-კირთაძის ისტორია

„ზღვის წყალს ვსვამდით და უმ თევზს ვჭამდით მეთევზეებისგან მოცემულს,“ – ასე იხსნებს საბერძნეთში თურქეთიდან გადაპარვის ისტორიას ჟანა ბანძელაძე – კირთაძე. ის საბერძნეთში ჩასვლას ათი დღე მოუნდა. გადამყვანი დაჰპირდა, რომ თურქეთიდან სალონიკში იახტით გადაიყვანდნენ, მერე სალონიკიდან ათენამდე კი მატარებლით ჩავიდოდა.

„თურქეთიდან წაგვიყვანეს ავტობუსით, იმ საღამოს სასტუმროში მიგვიყვანეს. 12 ქალი ვიყავით, აქედან ერთი იყო ორი წლის ბავშვით. მეორე დღეს მიგვიყვანეს ზღვასთან, სადაც იახტის ნაცვლად დაგვხვდა გასაბერი ნავი.

ჩაჯდომაც არ გვინდოდა, მაგრამ მეტი გზა არ იყო. ყველა რომ ჩავსხედით, ნავის უკანა მხარე თითქმის წყალში ჩაიძირა და წყალმა დაიწყო ნავში შემოსვლა. სიმწრისგან ვტიროდით. ერთი საათი ვიცურეთ ალბათ ასე წყალში. საბოლოოდ ნავი გასკდა და ძლივს გამოვედით ნაპირზე. სადღაც კლდის ქვეშ შევაფარეთ თავი. ცეცხლი დავანთეთ და ძლივს მოვახერხეთ გაშრობა.

მეორე დღეს მოგვაკითხეს ავტომანქანებით და ტყეში წაგვიყვანეს.

ჟანა ბანძელაძე-კირთაძე

სადღაც მიგვიყვანეს და გვითხრეს, საზღვარიაო. მერე ძაღლებისა და პოლიციის ხმები გაიგონეს და გაიქცნენ, ჩვენ კი დაგვტოვეს იმ ტყეში. მთელი ღამე ვერ ვიძინებდით. მეორე დღეს მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს, ის ღამე სადღაც ფურგონში გაგვათევინეს და მერე იახტებით რაღაც კუნძულზე მიგვიყვანეს. არც თურქეთი იყო, არც საბერძნეთი. არც საჭმელი გვქონდა, არც წყალი. წინ ზღვა იყო, უკან კიდევ ჭაობი. 2 დღე გავატარეთ ამ კუნძულზე. ბერძენმა მეთევზეებმა შეგვნიშნეს და დაგვეხმარნენ. ჩვენი მობილურები წაიღეს დასატენად.

მეორე დღეს მოგვიტანეს წყალი და საჭმელი ამ მეთევზეებმა. ტელეფონებიც დატენილი. შევძელით გადამყვანებთან დარეკვა. საღამოს მოგვაკითხეს გრძელი ხის ნავით. გადაგვანაწილეს თანაბრად, რომ ნავს წონასწორობა არ დაეკარგა. ჭაობიანი გზა იყო გასავლელი ბილიკივით. აქეთ-იქით ზღვის ბალახებით. შუა გზაში ვიყავით, წინ დიდი მორი შეგვხვდა. სასწაულით გადავურჩით სიკვდილს, ნავი რომ არ ამოყირავდა.

როგორც იქნა, გადავედით სალონიკში. იქ მოვიდნენ რუსები ორი მანქანით. ქალებიდან ყველაზე ახალგაზრდა გოგოები აგვარჩიეს – მე, ჩემი უმცროსი და, კიდევ ორი გოგო და ცალკე წაგვიყვანეს, დანარჩენები კი – სასტუმროში. ის ქალები გაუშვეს მეორე დილით, მაგრამ ჩვენ ერთ სახლში წაგვიყვანეს, სადაც გადამყვანებს ჩვენში, თითოში 3000 ევროს სთხოვდნენ. მერე არ ვიცი, რა მოხდა, გადამყვანებმა ვიღაცები ჩარიეს, როგორც იქნა, მატარებლის ბილეთები გვიყიდეს და გამოგვიშვეს.

მოსაყოლად თითქოს იოლია, მაგრამ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ,“ – იხსნებს ჟანა.

  • ქეთინო მახარაძის ისტორია

ქეთინო მახარაძემ 2004 წელს 3200 დოლარი აიღო, პროცენტიანი სესხი და საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტა.

„8 და 11 წლის ბავშვები დავტოვე, ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, –  იხსენებს ქეთინო და გვიყვება, რომ საქართველოდან თურქეთამდე ავტობუსით ჩავიდა. თურქეთში, როცა საბრძნეთის საზღვარს  მიუახლოვდნენ, სამალავში ჩასვლა მოუწია.

„ავტობუსში ჩვენი სკამების ქვეშ იყო მოწყობილი პატარა ჩასაძრომი. გამხდარი ადამიანი ძლივს ჩადიოდა. სუსტები აგვარჩიეს. ოღონდ სქელი ტანსაცმელი გაიხადეთ, თბილად ჩაცმულები არ ჩახვიდეთო.

სამი ახლობელი გოგო მივდიოდით ერთად. თევზებივით ჩაგვაწყვეს ყუთში. ვიმართებოდით და მეტი ადგილი აღარ იყო. მე რომ ჩავედი, ზემოდან დამაწვინეს კიდევ ერთი გოგო და წავედით.

ერთ-ერთმა გოგომ ჩამოიტანა ვალიდოლი და წყალი. ეს ვალიდოლი ჩაუყრია პირში. აეშალა კუჭი. მიშველეთ, დამაბრუნეთო, ყვიროდა, მაგრამ ვინ დააბრუნებდა. ავტობუსი მიდიოდა. კვნესა-კვნესით იმხელა გზა როგორ მოითმინა, არ ვიცი. 8 საათი ვიყავით ისე ჩაწყობილი, რომ სახურავი არ აუხდიათ. წყლით ვასველებდით ცხვირსახოცს და სახეზე ვისვამდით, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავით.

ქეთინო მახარაძე

მე მეძინებოდა. ძალიან მეძინებოდა. თურმე ძილში ვიპარები უჰაერობისგან. გოგოებს ვეუბნები, მე დავიძინებ და რომ ჩავალ, გამაღვიძეთ-მეთქი. დეიდაშვილი იყო ჩემთან ერთად იქ. თმაში მქაჩავდა და მაფხიზლებდა – არ დაიძინოო.

როგორც იქნა, გავიდა ეს რვა საათი. გააღეს სათავსო – ხომ ხართ ცოცხლებიო. გოგოები, ვინც ახლოს იყვნენ გასასვლელთან, მიცვივდნენ და პირდაღებულები, თევზს რომ ამოიყვან წყლიდან, ისე ცდილობდნენ ჰაერი ჩაესუნთქათ. ჩემი მისვლის ადგილი აღარ იყო.

„მეოთხე სად არის, მეოთხე სად არის“ – ყვიროდა ის კაცი. ალბათ ეშინოდა, ხომ არ მოკვდაო.

რამდენჯერმე ამოგვიყვანეს, მერე ჩაგვსვეს ისევ იმ ყუთში. როცა საბოლოო დანიშნულების ადგილას მივედით და სამალავიდან გამოვედით, სულ გაწუწულები ვიყავით ოფლისგან.

ცხვირსახოცებს რომ ვისვამდით სახეზე, თურმე ახალი ყოფილა, ლურჯი ფერის. და ფერი კანზე გადაგვსვლია. სულ გალურჯებულები ვიყავით. ხალხი გვიყურებდა, ალბათ გაგიჟდნენ ეს ქალებიო.

მიუხედავად იმისა, რა გამოვიარე, ამ გზის გავლა არასდროს მინანია. მაგრამ მინანია ბავშვების დატოვება. მინანია, რომ შვილები დავტოვე და ამდენი წელი არ ვიყავი მათ გვერდით.

მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ ამას. ის დრო რომ დააბრუნა უკან, არასოდეს არ წავიდოდი არსად და არ მივატოვებდი ჩემს შვილებს. მთელი ცხოვრება, სანამ ვიცოცხლებ, ეს სინანული გულს მიჭამს და რამდენი გამახსენდება, სულ მეტირება“.

  • ლელა სანიკიძის ისტორია

„1996 წელს ჩამოვედი საბერძნეთში პირველად, მაგრამ მაშინ ჩამოვედი ვიზით. ვიცოდი ცოტა-ცოტა ენა, კარგად ავეწყვე, მაგრამ სამი წლის მერე, 1999 წელს, წავედი საქართველოში. ბავშვი მყავდა 7 წლის დატოვებული და ძალიან მენატრებოდა. რვა თვე დავრჩი საქართველოში და მერე წამოვედი 2000 წელს ისევ.

წამოვედი ბულგარეთის მთებით, რადგან საბერძნეთის ვიზა აღარ კეთდებოდა.

მახსოვს, ვიღაც თბილისელი კაცი იყო, რომელმაც სტამბოლში ჩამოგვიყვანა. შეგვიყვანა სადღაც სასტუმროში. მოვწესრიგდით ცოტა, ვჭამეთ, დავისვენეთ. მერე გადაგვაყრევინეს პირადი ნივთები ყველაფერი, მოიყვანეს მანქანა და შემოგვიყვანეს მანქანით ბულგარეთში 4 ქალი.

ბულგარეთიდან წამოვედით ფეხით… მთებით. ახლა რომ მკითხოთ სად ვიყავი, არც ვიცი. ვერ აღგიწერთ, ისეთი გზა იყო.

ლელა სანიკიძე

უშველებელი, სრიალა ქვები იყო დაკიდებული და იმ ქვებზე ავბობღდით. მე ვიყავი ყველაზე სწრაფი, მაგრამ მოვწყდი მაინც გზაში. ჩვენი გამყოლი ახალგაზრდა, თურქი ბიჭი იყო. ზურგზე მომიკიდა ტალახში ამოგანგლული და ისე მატარა. ეშინოდა – არ მომიკვდესო. წამომიყვანდა ზურგზე აკიდებულს ნახევარ კილომეტრზე, დამტოვებდა, იყავი აქო, მერე წავიდოდა, დანარჩენ ქალებს წამოიყვანდა. აღწერაც კი მიჭირს, რა გამოვიარეთ.

მახსოვს, მთის წვერზე ავედით და მერე ერთი კილომეტრი ვაკეზე ვიარეთ. მივუახლოვდით სასაზღვრო კოშკურას. შუქი ტრიალებდა. გადამყვანმა აგვიხსნა შუქი, რომ მოგიახლოვდებათ, დაწექითო. რომ დავიყვირებ – ჩაიმუხლეთ, ჩაჯექით მაშინვეო.

დეკემბერი იყო.

ვიყინებოდით, ისეთი სიცივე იყო. ცეცხლი დაანთო და გავთბით. რომ გათენდა, მერე უკვე საბერძნეთში ვიყავით. 1500 ევრო გადავიხადე.

32 წლის ვიყავი.

იმდენად ვიყავი მოტივირებული, იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ ვიცოდი, გზაში არ მოვკვდებოდი”.

  • მზია ციხელაშვილის ისტორია

„2001 წელს 42 წლის ვიყავი, 1800 დოლარი ვისესხე და საბერძნეთში წამოვედი 19 ქალთან ერთად.

მარშრუტი ვიცოდი, რომ ჯერ თურქეთში ჩავიდოდი, მერე ბულგარეთში და იქიდან უნდა გადმოვსულიყავით ფეხით საბერძნეთში.

გადავედით ბულგარეთში. იქ ერთ ადგილას მოგვიყარეს თავი. ღამე მოგვაკითხა, შეშას რომ ეზიდებიან ტყიდან, ისეთმა მანქანამ, ჩავჯექით ამ მანქანაში და გვატარეს სადღაც ბულგარეთის ტყეებში. რამდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნა ჩამოგვსვეს ამ მანქანიდან და დაიწყო ფეხით სავლელი გზა.

ზუსტად ორი კვირა ვიარეთ ტყე-ტყე. საჭმელიც გამოგველია და ძალაც. ძირითადად ღამე დავდიოდით, დღე ვჩერდებოდით, რომ ვინმეს არ შევემჩნიეთ და არ დავეჭირეთ. ამ ტანჯვა-წვალებით როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ საბერძნეთის საზღვრამდე. უკვე ისე ვიყავით – არც ფული, არც არაფერი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გზა, ესეც არ ვიცოდით. 

სალონიკის სადღაც სოფელში ვიმალებოდით ტყეში და ველოდებოდით მანქანას, რომელიც ათენამდე ჩაგვიყვანდა,“- იხსენებს მზია ციხელაშვილი.

მზია ციხელაშვილი

მაშინ, როცა ეგონა, რომ ტანჯვა-წვალება მორჩა, აღმოჩნდა, რომ პოლიციამ შეიტყო მისი და დანარჩენი ქალების ადგილსამყოფელი. ყველა მათგანი დააკავეს და ერთი თვე გაატარეს სალონიკში, წინასწარი დაკავების საკანში. ერთი თვის შემდეგ ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დაადეპორტეს.

„ცხვრებივით ჩამოგვსვეს საზღვარზე“, – იხსენებს 20 წლის წინ თავს გადახდენილ ამბავს მზია. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი გზა გაიარა, მზიამ იცოდა, რომ უკან დახევა არ შეეძლო.

„დადეპორტებიდან ზუსტად ორ კვირაში მივბრუნდი უკან. უკვე ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ ისევ იგივე გზა გავიარე და მაინც ჩავედი საბერძნეთში,“ – ჰყვება მზია.

იხსენებს, რომ არ იცოდა ენა, ამასთან არ ჰყავდა არავინ უცხო ქვეყანაში. წლები დასჭირდა, რომ მისი საბერძნეთში ცხოვრება ლეგალური გაეხადა. ახლაც საბერძნეთში ცხოვრობს და ზრუნვით შრომაშია ჩართული.

  • ლელა არაბულის ისტორია

„2003 წლის მაისის თვეში ჩამოვედი საბერძნეთში. 31 წლის ვიყავი. წამოსვლამდე კი ვცდილობდი ვიზის აღებას, მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს პროცენტიანი სესხი მქონდა აღებული, რადგან სესხის პროცენტი იზრდებოდა, უნდა წავსულიყავი.

ორთაჭალაში მივედით, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ, რომელმაც მითხრა, რომ 2200 დოლარი უნდა გადამეხადა და გადამიყვანდა საბერძნეთში. საბერძნეთამდე ჩვეულებრივ ვიმგზავრე ავტობუსით. მხოლოდ რამდენჯერმე იყო, როცა შემოწმება გვიწევდა, იმ შემოწმების დროს   ჩავყავდით სამალავში. ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო და ერთი ქალი. ტუალეტის ადგილას ნახევრად საკუჭნაოდ ჰქონდათ გადაკეთებული, შიგნით სიღრმე ჰქონდათ ამოჭრილი და იმ სიღრმეში ვძვრებოდით.

ლელა არაბული

ჩამოჯდომა შეგვეძლო მოხრილ მდგომარეობაში. უბრალოდ დიდი ხნით გვიწევდა და ვერ მოძრაობდი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უჰაერობა იყო, მაგრამ ამ განცდების და ჩემი დაავადების გამო ძალიან გამიჭირდა. არ მახსოვს, რამდენი საათი ვიყავით თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. მძღოლებისთვის არ მითქვამს, რომ ძალიან მიჭირდა სუნთქვა. ბრონქიალური ასთმა მაქვს და აეროზოლს ვისუნთქავდი. მაშინ უფრო მსუბუქად მქონდა. ახლა, რაც წლები გადის, უფრო დამიმძიმდა.

ჩაკეტილ სივრცეში უჰაერობისგან შეტევა დამემართა. საბედნიეროდ, არც თუ ისე მძიმე ფორმით, კიდევ კარგი, აეროზოლმა მიშველა.

ასე მალულად ჩავედი საბერძნეთში.

უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ აქ  გატარებული დრო ჩემი თავისუფლების გაყიდული წლებია, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. ბევრი მოგონებაც არ მაქვს ამ წლებთან დაკავშირებით. ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობდი, სულ ვმუშაობდი და მხოლოდ ძალიან მცირე გასვლები მქონდა გარეთ, მეგობრებთან იქნებოდა ეს თუ ნაცნობებთან“.

  • დარეჯან მშვილდაძის ისტორია

„1999 წლის ივნისში წამოვედი. 42 წლის ვიყავი. ახალგაზრდა. ბაღდათელი ვარ. ქუთაისში იყო ოფისი და იმ ოფისის საშუალებით წამოვედი. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე რომ მოვედი, დაგვაბრუნეს უკან. ვიზები, რომელიც პასპორტში გვქონდა, ყალბი აღმოჩნდა. 6 ადამიანი მოგვაბრუნეს.

დავრჩით შუა თურქეთში, მშიერ-მწყურვალები, არაფერი გაგვაჩნდა. ერთი კაცი მოგვიახლოვდა, ქართველები ხომ ხართ, გავიგე თქვენი ამბავი, მოგცემთ ერთი ადამიანის საკონტაქტოს, შეუძლია არალეგალურად გადასვლაში დაგეხმაროთ და მოიფიქრეთო.

ერთმა უარი თქვა. დანარჩენები დავრჩით და გადავწყვიტეთ ჩუმად გადასვლა საბერძნეთში. მოგვაკითხა მანქანამ და თურქეთიდან გადაგვიყვანა ბულგარეთში. ათი დღე ვიყავით გზაში.

ჯერ დაგვტოვეს ტყეში, დაღამებას დაელოდეთო. თან გაგვაფრთხილეს, შეიძლება მგელი მოვიდეს და ხეზე უნდა ახვიდეთ, რამემ რომ არ შეგჭამოთო. რამდენი ფოთოლი გაიშრიალებდა, ჩვენ შიში გვკლავდა, რომ მგელი მოდიოდა. ასევე გაფრთხილებული ვიყავით – სანამ ნიშანს არ მოგცემთ, მანამდე არ გამოხვიდეთო. გამთენიისას მოგვაკითხეს და წამოგვიყვანეს. ორი მანქანით მოვდიოდით. საზღვარი უნდა გადაგველახა ტყეებით.

პოლიცია დაგვედევნა. აუჩქარა ამ მძღოლმა, უცებ გადაუხვია გზიდან და წავიდა მინდორზე. რაღაც გადაჭრილ ხეს წამოედო კარგა ხნის მერე მანქანა და გავჩერდით. ცოტა დააკლდა მანქანას ამოტრიალებამდე. ისე ამოვწყდებოდით იქ, კაციშვილი არ მოგვაკითხვადა. გააღო უცებ კარები და გვითხრა – სწრაფად გადახტით, დაიმალეთო.

დარეჯან მშვილდაძე

გაიარა პოლიციამ და ცოტა ხნის მერე ისევ უკან გამოიარა. დაგვისტვინა ამ კაცმა, გამოდითო, გამოვედით და დაგვაბრუნა ისევე უკან გზაზე. მშივრები ვიყავით. წყალიც არ გვქონდა, საერთოდ არაფერი. ზაფხული იყო, ივნისი. ბოლოს ღამე გადაგვიყვანეს საზღვარზე, ყველანი მარშუტკაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ათენში, ომონიაზე, დილის 5 საათზე.

იმ ყალბ ვიზაში 1600 დოლარი გადავიხადე. მერე 1000 დოლარი გადავუხადე ცალკე გადამყვანს. წლების მერე საბუთებიც გავაკეთე და 3-4 წელიწადში ერთხელ ჩავდივარ საქართველოში, მაგრამ ყველაფერი გაუცხოებულია. იცით, როგორც ხდება, სხვებისგანაც გეცოდინებათ.

ჩემთვის აღარ არსებობს აღარც ოჯახი. ჩემი ქმარი სხვასთან წავიდა, მერე მოკვდა იქ. შვილები თავის გზაზე – ერთი ამერიკაშია, მეორე – იტალიაში და ვართ ასე დაფანტულები. მარტო ვარ აქ მთელი ცხოვრება და ახლა წასვლას ვაპირებ. მაგრამ იქაც მარტო უნდა ვიჯდე. რა იქნება, არ ვიცი. დანგრეული ვარ, განადგურებული.

6 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ახლა ბებიას და ბაბუას ვუვლი. ბაბუას აწევაზე კუნთის ანთება დამემართა, მაგრამ ამასაც ვუძლებ. აქაურ პენსიას ვუცდი. 66 წლის ვარ, გაისად აპრილში ვხდები 67 წლის. საბერძნეთში 67 წლიდანაა პენსია.

უკან რომ მიმაბრუნა, არ გავივლიდი თავიდან ამ გზას. არ წამოვიდოდი. მახსოვს, ჩემი მაშინდელი სიტყვები, ოღონდ საქართველოდან წავიდე, ამ გაჭირვებიდან და სადაც გინდა იქ ვიყო-მეთქი. მაგრამ ახლა აღარაფრით აღარ ვიზამდი. ფხალს მოვძებნიდი, იმას შევჭამდი. შვილების სიყვარულს შევინარჩუნებდი და ისინი მშობლის სიყვარულს.

რა გავაკეთე? არაფერი არ გამიკეთებია. უბრალოდ ყოველდღიური ფული ვაგზავნე, რომ მშივრები არ დაწყვეტილიყვნენ. დავკარგე, რაც მქონდა.

აშენებული სახლი დავტოვე და ის სახლი ახლაც არ მაქვს გარემონტებული“.

  • ლია ჟორჟოლიანის ისტორია

„წყალტუბოდან ვარ. 12 წელი ვიყავი სკოლის დირექტორი, საბერძნეთში პირდაპირ საკრებულოდან წამოვედი. მქონდა გიჟი დედის სახელი. შვილის გამო ჯოჯოხეთშიც რომ წავიდოდი,“- იხსენებს ლია ჟორჟოლიანი მისი საბერძნეთში წასვლის ისტორიას.

საბერძნეთში 2004 წლის იანვარში ჩავიდა საფრანგეთიდან, ვიზით. მალევე საბუთები გააკეთა და ლეგალურად ყოფნა შეძლო. წელიწად-ნახევრის მუშაობის შემდეგ უკან საქართველოში დაბრუნდა, რადგან მისი შვილი სკოლას ამთავრებდა და ფიქრობდა, რომ ასეთ დროს დედა შვილის გვერდით უნდა ყოფილიყო.

„ჩავედი მისი სკოლის ბანკეტის წინა დღეს. მე და ჩემს შვილზე ბედნიერი დედამიწაზე ადამიანი არ მეგულებოდა. გზა, რომელიც სარფიდან ქუთაისამდე გავიარე, უფრო გრძელი იყო, ვიდრე მთელი ეს წელიწადი და ოთხი თვე,“- იხსენებს ლია.

ლია ჟორჟოლიანი

მას შემდეგ, რაც შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა, გადაწყვიტა ისევ უკან, საბერძნეთში დაბრუნებულიყო. ლეგალური წასვლის გზა მოჭრილი ჰქონდა, ამიტომ სააგენტოს მიაკითხა და არალეგალურ გზას დაადგა.

„შალვა ერქვა სააგენტოს წარმომადგენელს და ვიცნობდი ათენიდან. 2000 ევრო მომთხოვა. მითხრა, ისე გადახვალ, მიწაზე ფეხს არ დაადგამო,“ – ამბობს ლია.

ლიას სარფში, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გაიარა, ნეიტრალურ ზონაში ყალბი პასპორტი მისცეს, რომელიც, როგორც იხსენებს, ვინმე გვრიტიშვილის სახელზე იყო. თურქეთის საზღვარი და გზა სტამბოლამდე უპრობლემოდ გაიარეს.

„ჩემი პასპორტი გაცვეთილი იყო ძალიან და ვეუბნები, ეს რომ მცოდნოდა, არ წამოვიდოდი-თქო. მერე ვეკითხები-ამ გვრიტიშვილის მშობლებს რა ჰქვიათ-თქო, შემომხედა  ქალმა, რომელიც ოფისმა გამოგვაყოლა, გაკვირვებით და მითხრა: ვინ კითხულობს ევროპაში მშობლების სახელებსო. გავჩერდი. გული მქონდა მძიმედ. საღამოს წაგვიყვანეს, ჩაგვსვეს სტამბოლი – სალონიკის მატარებელში და წავედით.

საზღვართან რომ გავჩერდით, შემოვიდნენ პოლიციელები და ჩამოკრიბეს პასპორტები. ის ნახევარი საათი საუკუნე გახდა. ნახევარ საათში მოდის სამი მესაზღვრე და რომ დავინახე, მივხვდი, რომ დავიღუპეთ. ჩაგვიყვანეს ძირს და მოგვათავსეს სასაზღვრო განყოფილებაში. მე ხშირად დავდიოდი დასასვენებლად ჩემს დასთან, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და ცოტა თურქული ვიცოდი. მივედი ამ მილიციელთან და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. შენ მეოთხე ხარ ამ თვეში, ვინც ამ პასპორტით გადადისო. რა გველის-მეთქი და სასამართლოო. ხომ წარმოგიდგენიათ თურქეთის სასამართლო… ვთხოვე, ჩემს დასთან დარეკვის უფლება მოეცა.  დამარეკინა, ეხვეწა ჩემი და, ვეხვეწე მეც… და წარმოგიდგენიათ, ის ღვთისნიერი თურქი წავიდა და სტამბოლის ბილეთი მიყიდა თავისი ფულით, ხელში ჩამიდო და მითხრა – მატარებელი 5 საათზე გადის სტამბოლისკენო. დამემშვიდობა გულაჩუყებულს და მიმეორებდა – მხოლოდ გურჯისტანში წადი, სხვაგან არსადო. ის პასპორტები დაგვიბრუნა და გამოგვიშვა.

რომ ვიხსენებ, ახლაც ვნერვიულობ,“ – გვიყვება ლია.

იხსენებს, რომ სტამბოლში დაბრუნებული ოფისში მივიდა, საიდანაც მის შუამავალ შალვას დაურეკა და იმ ყველაფრის გამო, რისი გადატანაც მოუხდა, პასუხი მოსთხოვა. საბოლოოდ უთხრეს, რომ ნავით გადაიყვანდნენ საბერძნეთში და ნაკლებ თანხას გამოართმევდნენ.

„4 დღის მერე მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს საზღვარზე. მოვიდა გასაბერი ნავი. ჩავსხედით მე და ეს სამი ქალი. ორი ბერძენი გამცილებელი გვყავდა. იმათ სახეს რომ შევხედე, მეც გავქვავდი. ასე მეგონა, ორ ქანდაკებას ვუყურებდი, ისე იწვნენ გაქვავებული. ჯერ კიდე ვერ ვაცნობიერებდი, რა რისკზე მივდიოდი. ამიტყდა სიმწრის სიცილი. მშვიდობით გადავედით მეორე მხარეს. მიგვიყვანეს ერთ პატარა სახლში. გვითხრეს – მოწესრიგდით, საღამოს წაგიყვანთ თესალონიკში და გაგაყოლებთ ათენის მატარებელსო. უკვე თავი სამშვიდობოს მეგონა, წითელი კარტა მქონდა და ვერავინ შემეხება-მეთქი“- იხსენებს ლია.

ლია ამბობს, რომ როცა ეგონა ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. მატარებლისკენ მიმავლებს პოლიცია დაედევნა და ყველა ქალი დააკავეს. ათენის ნაცვლად ყველანი საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრეპოლის პოლიციაში აღმოჩნდნენ.

„მომიწია პოლიციის უფროსთან დაკითხვაზე შესვლა. პირველი კითხვა, რაც დამისვა, იყო, ასეთ ლამაზ ქალს თავი არ გეცოდება, ამ გზით რომ შემოდიხარო? იცით, რა მდგომარეობაა ახლა ჩემს ქვეყანაში-მეთქი – კითხვა დავუბრუნე.

მერე სხვა გზა მოგეძებნა, პირდაპირ სასიკვდილო გზაზე რომ გადიხარ, რომ ესროლათ მესაზღვრეებსო? პასუხი არ მქონდა,“ – იხსენებს ლია.

ლიას თქმით, მესაზღვრეს ის ყალბი პასპორტი მისცა, რომელიც თურქეთში გადასცეს. მესაზღვრეებმა მალე დაადგინეს, რომ პასპორტი ყალბი იყო და ლია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლია იხსენებს, რომ მესაზღვრე დაეხმარა, მხოლოდ საზღვრის დარღვევა დაუდგინა და ათენში გაუშვა.

„მითხრა – წადი ათენში და იქ ადვოკატი აიყვანე და რამდენიმე დღეში გარეთ იქნებიო. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმაზე მეტი გაგიკეთე, ვიდრე სამი ადვოკატი გაგიკეთებდა ერთადო. დილით ადრე ათენში გადაგიყვანენო. შემომიტანა ჩემი ჩანთა, რაშიც საჩუქრად წამოღებული კონიაკები და კედელზე დასაკიდებელი ხანჯლები მქონდა. კონიაკები დამატოვებინა, არ შეიძლებაო, დანარჩენი უკან ჩავალაგე. ნეტა, მთელი ჩანთა გადამეგდო. ჩავედი ათენში. პირველი, ვისაც დავურეკე, გოგოები იყვენენ და ვუთხარი – ფული არ მიიტანოთ კაპიკი შალვას ოფისში-მეთქი. მერე შალვას დავურეკე და ვუთხარი: როცა გამოვალ გარეთ, იცოდე, რაც მე გადავიტანე, ყველაფერ ამას გადაგატანინებ-მეთქი.

მერე მოვიდა ადვოკატი და დამაიმედა. მეორე დღეს გამომიძახა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გახსნა ჩემი ჩანთა და მკითხა – ეს იარაღი რად გინდა, სად მიგაქვსო. „რა იარაღი, სუვენირია კედელზე დასაკიდებელი-მეთქი“-  ვუთხარი. ჩამიტარეს მეორე სასამართლო და არ გამიშვეს.

ადრე ათენში ბინაში სამი ვცხოვრობდით, ბინის ბერძენი მეპატრონე ვასილი ჩვენი ტოლი კაცი იყო. სულ მკითხულობდა თურმე, ლია არ ჩამოდისო? მე გაფრთხილებული მყავდა გოგოები არ ეთქვათ, დაჭერილი რომ ვიყავი, ციხიდან რატომ უნდა დავამახსოვრდე-მეთქი,“-იხსენებს ლია.

სასაზღვრო ციხეში ლიამ ორი თვე გაატარა. მისმა ბინის მეზობელმა გოგოებმა ლიას ბინის მეპატრონეს გააგებინეს, რომ ციხეში იყო. ლია იხსენებს, რომ იმ დღეს, როდესაც მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, პროცესზე მისი  ბინის ბერძენი მეპატრონე მივიდა და სასამართლოზე სიტყვა მოითხოვა. ლია კარგად დაახასიათა და მისმა სიტყვამ სასამართლოზე გავლენა მოახდინა. ლია დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ის დღე ალბათ არასოდეს არ დამავიწყდება. ვასილი წამომყვა, ციხეში ავიღე ჩემი ჩანთა და რომ გამოვედი გარეთ თავისუფალი, მაშინ გავიაზრე, რა შეიძლება მომხდარიყო ჩემ თავს. არ გამწირა სამმა ადამიანმა – თურქმა – თავისი ფულით რომ ამიღო ბილეთი, ბერძენმა პოლიციის უფროსმა – ყალბი პასპორტით რომ არ გამასამართლა და ვასილიმ – ადამიანობის მასტერკლასი რომ ჩაუტარა მთელ სასამართლოს,“ – ასრულებს თავისი ამბის მოყოლას ლია.

ამავე თემაზე:

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: