მთავარი,სიახლეები

ყველაფერი გაგვიფუჭდა – დაგვეტბორა სახლი, რომელშიც 15 სული ვცხოვრობთ

21.10.2022 • 1245
ყველაფერი გაგვიფუჭდა – დაგვეტბორა სახლი, რომელშიც 15 სული ვცხოვრობთ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, ერთ სახლში 3 ძმა ცხოვრობს. სამივეს ჰყავს ცოლ-შვილი. ამ სახლში ცხოვრობს მათი დედაც. 90 კვადრატულ მეტრს სივრცეს ჯამში 3 ოჯახის 15 წევრი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი ბავშვი ინაწილებს. მათი საცხოვრებელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბათუმის ძლიერმა წვიმამ დატბორა. წყალი ოთახებში დღესაც იდგა.

დედა, ეთერ ხალვაში, გვიყვება, რომ წყალმა სრულად დატბორა უფროსი შვილების ოთახები. ოჯახის ყველა წვერმა უმცროსი შვილის ოთახს შეაფარა თავი, თუმცა წყალმა იქაც მალევე შეაღწია.

„უფროსი შვილების ოთახებში საერთოდ არ შეისვლებოდა, ნავი უნდა შეგეტანა, რომ შესულიყავი, ვცურავდით. უმცროსი შვილის ოთახშიც გადმოვიდა წყალი და მთელი ღამე ტილოებით, ვედროებით ვიღებდით წყალს, რომ ღამე მაინც გაგვეთია ერთ ოთახში.

მყავს შვილიშვილი, რომელსაც ლეიკემია აქვს. გუშინ სიცხე ჰქონდა და 7 თვის დასთან და დედასთან ერთად მეზობელთან გადავიყვანეთ. დანარჩენები ვრჩებით აქ, ერთ ოთახში. ამ წყალს ვასხამთ მე და ჩემი რძალი. სად წავიდეთ, წასასვლელი არსად გვაქვს? არ ვიცი რა გავაკეთო, სად არ დავრეკე“, – გვიყვება ქალი.

ერთ-ერთი დატბორილი ოთახი

ეთერის თქმით, „წყალკანალი გუშინ გვიანობამდე მუშაობდა [ოთახებიდან ტუმბავდა წყალს]. აზრი აღარ ჰქონდა – წვიმდა და წყალი გაუჩერებლად შედიოდა ოთახებში.

დღეს დილითაც მოვიდნენ წყალკანალიდან და ახლაც აქ არიან, მუშაობენ. იმდენი წყალი ამოიღეს, მაგრამ ხელმეორედ გაივსო ოთახები. ყველაფერი გაფუჭდა, წყალში იტივტივა და გარეთ გამოვყარეთ.

გვერდით ოცნების ქალაქის სახლებს აშენებენ, 12-სართულიანებს, იმ ბინების კანალიზაცია გაიყვანეს: იქით გადათხარეს, აქეთ გადათხარეს და მთლიანი წყალი ჩემთან, ეზოში გადმოდის. არასდროს არ ყოფილა ასეთი ამბავი, 2006 წლიდან ვცხოვრობთ აქ“, – ამბობს ეთერი.

ერთ-ერთი დატბორილი ოთახი

ქალი გვიყვება, რომ 2006 წლამდე ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობდა, მაგრამ ბინა იმის გამო გაყიდა, რომ შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: „ვის არ ვთხოვე დახმარება, რომ ბინა არ გამეყიდა, მაგრამ არავინ დამეხმარა. ბინა გავყიდე და 13 წლის შვილიც დამეღუპა“.

როგორც ეთერი ამბობს, ამის შემდეგ მრავალწევრიან ოჯახს ბინის საქირავებელი ფული არ ჰქონდა და ბოლოს, ადგილი, სადაც ახლა ცხოვრობენ, ერთ-ერთ შვილს მეგობრებმა უპოვეს.

„საერთოდ არაფერი არ გვაქვს, არც მიწა, არც წყალი. არაფერი გაგვაჩნია. უსახლკაროდ ვართ, ამიტომ გადმოვედით აქ საცხოვრებლად. როცა გადმოვედით აქ არც შუქი იყო, არც წყალი. მივმართეთ მერიას, სამინისტროს, რომ შუქი მოეცათ, მაგრამ არ მოგვცეს.

სახერხი სახელოსნო იყო აქ, ჯერ იმათგან გადმოვიყვანეთ შუქი, შემდეგ მეზობლისგან და ბოლოს, ოცნების ქალაქი რომ გაკეთდა, იქიდან გადმოვიყვანეთ. ვართ ასე. 2 თვის წინ დენის გამო ცეცხლი გაჩნდა. ყველა სადენი ძირში გვიყრია. ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ“, – გვეუბნება ეთერი.

ეთერის თქმით, მისი ერთი შვილის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს. იმ ბიჭის ოჯახი, რომლის შვილსაც ლეიკემია აქვს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს.

„ოცნების ქალაქში ბინის გადმოცემაზე სიაში ვართ, მაგრამ არ ვიცით მოგვცემენ თუ არა ამ ბინებს. საერთოდ არავინ იყო, როცა ჩვენ აქ გადმოვედით და ვცხოვრობდით. ახლა იმდენი სახლ-კარიანია დასახლებული, რა ვიცი“, – გვეუბნება ეთერი.

ერთ-ერთი დატბორილი ოთახი

დატბორილი ოთახი

დატბორილი ოთახი

ეთერს იმედი აქვს, რომ ახლა მაინც მიაქცევენ მინიმალურ ყურადღებას, ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლონ, როგორც მან, ისე მისმა პატარა შვილიშვილებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: