მთავარი,სიახლეები

როგორ და რატომ მიდიან ახალგაზრდები ამერიკაში – არალეგალური მიგრაცია

22.10.2022 • 2336
როგორ და რატომ მიდიან ახალგაზრდები ამერიკაში – არალეგალური მიგრაცია
  • „გასაბერი ნავით ვარ წამოსული, თანაც „დასკოჩილით“. წყალი ამოდიოდა და ჩვენ მუჭებით ვღვრიდით. ჭაობებში ვიარეთ. სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში. სერიალი გადაიღება ისეთი გზებით ჩამოვედი“.
  • „ავტობუსში მძღოლის დაბლა პატარა ყუთი იყო. სამი სუსტი გოგო თევზებივით შეგვაცურეს შიგნით. სუნთქვაშეკრულები 6 საათი ვიყავით იქ ერთმანეთზე მიკრულები. ძლივს გავიშალეთ და ავმოძრავდით, როცა გამოვედით“.
  • „ჩემთან ერთად 17 ქართველი იყო. ფეხით გადმოვკვეთეთ ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარი. ჩემ მტერს… თებერვლის თვეში მდინარეში ვტოპეთ“.
  • „არ დამავიწყდება ეგ გზა არასოდეს. სიკვდილამდე!“

თუ გეოგრაფიულ მდებარეობას ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს ჰგავს იმ ამბებს, რომელსაც ბოლო ერთი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან არალეგალურად ჩასული საქართველოს მოქალაქეები გადიან.

მაგრამ ეს ამბები 18-20-22 წლის წინ მოხდა და იმ გზას აღწერს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა საბერძნეთში მოსახვედრად გაიარეს.

მეოცე საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისის მიჯნაზე საქართველო მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში იყო. ქვეყანაში მოშლილი იყო ინსტიტუტები, იყო ტოტალური უმუშევრობა, მაღალი კრიმინალი, დასაქმებულები ვერ იღებდნენ ხელფასს, ხოლო პენსიონერები პენსიას. ოჯახები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ფონზე ემიგრაციაში წასვლა ათასობით ქართული ოჯახისთვის იქცა ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გზად.

ყველაზე გავრცელებული და კარგად დახვეწილი არალეგალური მარშრუტი თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლა იყო. ასევე ცნობილი არალეგალურ მარშრუტს ირჩევდნენ ისრაელში მოხვედრის მსურველებიც ეგვიპტიდან უდაბნოს გავლით.

49 წლის იყო დოდო სარქისაშვილი, როცა პირველად გადაწყვიტა ისრაელში წასვლა. 2002 წელს ეგვიპტეში ჩავიდა, მცხუნვარე უდაბნოში რთული გზა გაიარა სხვა ქართველებთან ერთად და ისე მოხვდა პირველად ისრაელში. რამდენიმე წელიწადში საქართველოში დაადეპორტეს. საქართველოში ჩამოსული კი ისევ იგივე გზას დაადგა და მეორედ გადაკვეთა უდაბნო.

„ისრაელის საზღვარს რომ მივუახლოვდით მავთულხლართები იყო. მახსოვს ხოხვით გავძვერი. მერე უნდა გავქცეულიყავით მანქანამდე, მაგრამ აღარ შემეძლო. ვეღარ გავიქეცი. ღმერთი უშველის იმ ბიჭს, ჩემი რაიონიდან იყო ჩემთან ერთად კვეთდა საზღვარს. მოტრიალდა და მითხრა – არ დაგტოვებთო. ვეუბნებოდი წადი შვილო-მეთქი. არ წავიდა.

მძღოლმა, რომელიც გველოდა, დაძრა მანქანა და აი, როგორც ნაგავი, ისე შეგვაგდეს ზედ. როგორც თვითმფრინავი ისეთი სისწრაფით მივფრინავდით. მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა და ტაქსიში როცა გადავჯექით, ტაქსიდან ამიყვანეს. ისევ დამადეპორტეს,“ – გვიყვება დოდო. მას შემდეგ, რაც ისრაელში შესვლის ყველა გზა მოესპო, საბერძნეთში წავიდა არალეგალურად. პირველ ჯერზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დააკავეს და დაადეპორტეს. მაგრამ არ დანებდა. საქართველოში ჩამოვიდა, ახალი პასპორტი აიღო და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. თურქეთიდან საბერძნეთში გასაბერი ნავით ჩავიდა.

„2009 წლის მარტის ბოლო იყო. სამი გასაბერი ნავი შეაერთეს, ერთმანეთს გადააბეს და 4-4 დაგვსვეს თითო ნავზე. კანალიზაციის წყალში ვიარეთ. ხან სად მოედებოდა ეს ნავი, ხან სად. დიდი წვალებით ჩავედი საბერძნეთში. ძალიან გაჭირვებული პერიოდი მქონდა. 13 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. საბუთი რომ გავაკეთე და მერე ჩამოვედი.

ახლა ამერიკაში მიდიოდა ერთი ნაცნობი ქალი. მითხრა წამოდიო. მე ვუთხარი, რას ამბობ-მეთქი, ამხელა ქალი ვარ, მე ფეხით სიარულს სადღა შევძლებ. ახლა კიდევ სხვა ენა ვისწავლო. ჯერ ეს ენაც არ ვიცი, კიდევ სხვა ენას ვერ ვისწავლი-მეთქი,“ – ამბობს დოდო.

ის ახლა 69 წლისაა. გაზაფხულზე 70 წლის გახდება. საბერძნეთში ცხოვრობს და მოხუცს უვლის.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ ათასობით ისტორიიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადახდათ თავს არალეგალური მიგრაციის გზაზე შედგომისას.

30 წელი ის დროა, როცა შეიძლება ქვეყანა განვითარდეს და საკუთარ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას, თუმცა საქართველომ ეს ვერ შეძლო. საქართველოს მოქალაქეები ისევ ემიგრაციაში მიდიან და ისევ რთული გზების გავლა უწევთ.

2000-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს შეიძლება ევროპაში ლეგალურად წასვლა, დასაქმება და ღირსეული შრომის ანაზღაურების მიღება. ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არჩევენ აიღონ ვალი, 15-20 ათასი დოლარი გადაიხადონ, მექსიკაში მძიმე [როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად] გზა გაიარონ და ამერიკაში თავშესაფარი მოითხოვონ.

ამჯერად რატომ ირჩევენ რთულ გზას საქართველოს მოქალაქეები? – ამ საკითხზე მიგრაციის საკითხების მკვლევრების აზრი მოისმინა „ბათუმელებმა“.

„რთული გზა შეიძლება იყოს საქართველოდან ამერიკამდე, მაგრამ შემდგომში იქ თავის დამკვიდრება უფრო ადვილი იქნება ემიგრანტისთვის, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში,“ – ასე ხსნის განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა მიზეზს, თუ რატომ ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს და არალეგალურ მიგრაციას.

მეკო ჩაჩავა, განვითარების საკითხების მკვლევარი

„ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახებით მიდის ამერიკაში, რაც ნაკლებად დამახასიათებელია ევროპაში მიგრაციისთვის.

ევროპაში მიგრაციისას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, საბერძნეთი, იტალია – ძირითადად ქალები მიდიან. რადგან იქ ნაკლები შესაძლებლობებია ოჯახებით ჩასულებისთვის და გაცილებით რთულია თავის დამკვიდრება. არიან თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც შეიძლება ოჯახებით ჩადიოდნენ, თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღება გართულდა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

სოციოლოგი და მკვლევარი გიგა კარაპეტიანი ამბობს, რომ ახალი თაობის ემიგრანტები გენდერულად შედარებით დაბალანსებულია. აშშ-ში არალეგალურად ქალებიც მიდიან და კაცებიც, განსხვავებით ევროპისგან, სადაც უმეტესად ქალები მიდიოდნენ და მიდიან.

„ზოგადი დაკვირვებით, ამერიკაში უფრო ახალგაზრდები მიდიან.  რასაკვირველია არ ვამბობ, რომ წამსვლელთა ასაკი ჭრელი არაა, მაგრამ უფრო მეტი ახალგაზრდაა მათ შორის.

აქ დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ თვითონ ამერიკის მიმართ ასოციაციები [ასაკობრივად] ძალიან განსხვავებულია.

მისაუბრია იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან. მათთვის ამერიკა უფრო ქაოსურ ქვეყანასთან ასოცირდება, რომელიც თან ძალიან შორია და სულ რომ მარტივად შეიძლებოდეს ამერიკაში წასვლა, მათ ამის ნაკლები ინტერესი აქვთ. არავის უთქვამს – „აი, თავიდან რომ მივდიოდე ემიგრაციაში, ამერიკაში ვარჩევდი წასვლას.

მაშინ, როდესაც უფრო პატარა ასაკის ემიგრანტები ამერიკას უკავშირებენ თავისუფლების იდეას. ეს ერთგვარად ჰეროიკულობასაც მოითხოვს, რომ საშიში გზა აირჩიო.

ახალგაზრდა ადამიანების მიერ ამ საშიში გზის არჩევა განპირობებულია მძიმე ეკონომიკური პირობებით, თუმცა აქ ასევე არის კონტექსტი – „მაინც ამერიკაა“.

ისინი ამბობენ – „როგორ წავალთ არ ვიცით, როგორ გავუძლებთ არ ვიცით ამ გზას, ამ საშიშ დაბრკოლებებს, თუმცა მეორეს მხრივ ამერიკა ასოცირდება თავისუფლების იდეასთან. მაინც ამერიკაა“.

ასეთი ასოციაციები იმ ემიგრანტ ქალებთან, რომლებიც ევროპაში არიან ემიგრაციაში, არ შემხვედრია. „იტალიაში წავედი იმიტომ, რომ ის თავისუფლების ქვეყანაა“ – ასეთი ასოციაციები არ ჰქონიათ ემიგრანტებს,“ – ამბობს გიგა კარაპეტიანი.

გიგა კარაპეტიანი, სოციოლოგი

რას გაურბოდნენ 2000-იან წლებში და რას გაურბიან 20 წლის შემდეგ საქართველოდან

„ვფიქრობ, მიზეზი ერთი და იგივეა, ეს არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, იქნება. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში შეიძლება უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ მაინც საქართველოში არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი. ოჯახების საჭიროებებიც უფრო და უფრო იზრდება. ის მინიმუმი, რაც 90-იან წლებში ოჯახებისთვის საკმარისი იყო, ახლა აღარ არის საკმარისი.

გამომდინარე აქედან საქართველოდან წამსვლელების მიზეზი, ყოველთვის არის ერთი და იგივე. უბრალოდ, 2000-იანებში ეკონომიკურთან ერთად დაკავშირებული იყო ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები. ახლა ეკონომიკური ფაქტორია მხოლოდ,“ – ამბობს განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა.

საქართველოდან მიგრაციის ქრონოლოგია

1991 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და 70 წლიან იზოლაციაში ცხოვრებას ბოლო მოეღო, საქართველოს მოქალაქეებმა ემიგრაციაში წასვლა დაიწყეს. 30 წელია ეს პროცესი არ შეწყვეტილა, დეკადების მიხედვით იმატებდა კიდეც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, მარტო 2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა.

შრომითი მიგრაციის პირველი ტალღა 90-იანების პირველივე წლებში დაიწყო. ძირითადად კაცები მიდიოდნენ რუსეთში სამუშაოდ. მეორე ტალღა გაჩნდა ორი საუკუნის მიჯნაზე, როცა საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალური და არალეგალური გზები იპოვეს ევროპაში წასასვლელად.

„მიგრაციულ ნაკადებში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ადამიანურ კავშირებს,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა და გვიყვება, რომ როდესაც გზები გაიჭრა საბერძნეთსა და იტალიაში, მასობრივ მიგრაციას ხელი სწორედ კავშირებმა შეუწყო.

„რაც უფრო მეტი ადამიანი იგებდა წასასვლელი გზების შესახებ, მიგრაციის ტალღა მით უფრო იზრდებოდა. განსაკუთრებით იზრდებოდა ქალი მიგრანტების ნაკადი, გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთსა და იტალიაში დასაქმების ბაზარზე იყო ქალების დასაქმების მზარდი მოთხოვნა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

გენდერულად მიგრაციის სეგრეგაციას ხშირ შემთხვევაში სწორედ დასაქმების ბაზარი ახდენდა. ამის საილუსტრაციო სულ ბოლო, პოლონეთის მაგალითიც გამოდგება. ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდა ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. შრომის ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნა კაცთა შრომაზეა, ვიდრე ქალებისაზე. შესაბამისად, პოლონეთში წასულ ემიგრანტთა დიდი წილი სწორედ კაცებზე მოდის.

საქართველოს მოქალაქეები ამ ეტაპზე უზარმაზარ თანხას ხარჯავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასაღწევად. ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა მიდიან როგორც კაცები, ისე ქალები.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/422927/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: