მთავარი,სიახლეები

მობილიზაცია რუსეთში სოციალურ და ეთნიკურ განხეთქილებას იწვევს – ISW

19.10.2022 • 892
მობილიზაცია რუსეთში სოციალურ და ეთნიკურ განხეთქილებას იწვევს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, პუტინის „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ რუსეთში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზება და სოციალური განხეთქილება გამოიწვია.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქვეყანაში არსებული უთანასწორობა, მისით გამოწვეულმა სოციალურმა განხეთქილებებმა კი კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი რუსულ საინფორმაციო სივრცეში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზებას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 15 ოქტომბრის შემთხვევა ბელგოროდის სამხედრო ბაზაზე, როდესაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, ინციდენტის მიზეზად კი ოფიცრის მხრიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა დასახელდა.

ISW-ის მოსაზრებით, 15 ოქტომბრის შემთხვევა კრემლის დიდი ხნის პოლიტიკის ბუნებრივი შედეგია – „კრემლი ცდილობდა მობილიზაციის ტვირთი მთლიანად ღარიბ ეთნიკურ უმცირესობებზე გადაეტანა და ამით დაეცვა ეთნიკური რუსები და მდიდარი მოქალაქეები“.

ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსული წყაროების ცნობით, სროლა ორმა იძულებით მობილიზებულმა, ეთნიკურად ტაჯიკმა რუსეთის მოქალაქემ დაიწყო, საინფორმაციო სივრცეში გაძლიერდა ქსენოფობიური რიტორიკა ცენტრალური აზიის მიგრანტებისა და სხვა სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ, რუსმა პოლიტიკოსებმა კი რუსეთის მიგრაციის პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს და მეტიც, გამოვიდნენ ინიციატივით, რუსეთმა ტაჯიკეთიდან ჩასულებზე მოქალაქეობის გაცემა შეწყვიტოს.  

 „ინიციატივა საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვაზე მეტყველებს, რომ ნაწილობრივმა მობილიზაციამ კატალიზატორის როლი შეასრულა და გამოაჩინა ეთნიკური უთანხმოების, რასიზმისა და ქსენოფობიის ისედაც არსებული პრობლემები,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე და ენერგოინფრასტრუქტურაზე;
  • რუსეთის ჯარებმა შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსებს კვლავაც პრეტენზია აქვთ ხარკოვის ოლქზე და მის დათმობას არ აპირებენ;
  • აშშ-ის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ადასტურებენ, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებიან და რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვას ასწავლიან;
  • ბელარუსი კვლავაც უთმობს თავის ტერიტორიას და საჰაერო სივრცეს რუსეთს უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, თუმცა ბელარუსის ომში ჩართვა კვლავაც ნაკლებსავარაუდოა;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქში ფრონტის მთელ ხაზზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსეთის სახმელეთო კავშირის ქსელებზე და საბრძოლო მასალების საწყობებზე;
  • რუსეთი ჯარებს არ შეუწყვეტიათ შეტევები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი, რისი მიზანიც სადგურზე კონტროლის გაძლიერებაა;
  • რუსეთში კვლავაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას მობილიზაციის გამო, თავდაცვის უწყებამ კი დაადასტურა, რომ დედაქალაქში მობილიზაცია 17 ოქტომბრიდან შეწყვეტილია;
  • კონტრშეტევის მოლოდინში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ აიძულონ ოკუპირებული ხერსონში მცხოვრები უკრაინელები, თავი რუსეთს შეაფარონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: