მთავარი,სიახლეები

კორპუსი ბათუმში, რომლის დაბზარული კედლებიდანაც ცა ჩანს

18.10.2022 • 4448
კორპუსი ბათუმში, რომლის დაბზარული კედლებიდანაც ცა ჩანს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში, მესამე და მეოთხე სადარბაზოს ბინები საგანგაშო მდგომარეობაშია. მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ბინის იატაკზეც რამდენიმესანტიმეტრიანი ბზარებია, ბზარებმა პარკეტიც აყარა. ამ სართულზე საგანგაშოა კედლების მდგომარეობაც. გახსნილი კედლიდან შუქი აღწევს.

ბათუმი. ჯავახიშვილის ქუჩის №80. დაბზარული კედლები მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 139 სახლია. ჯავახიშვილის 80 ნომერში მდებარე კორპუსიც ამ სახლების ჩამონათვალშია.

კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი სამხარაულის ექსპერტიზამ შეისწავლა და დასკვნაც მომზადდა, სადაც მითითებულია, რომ საჭიროა შენობის გამაგრება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ბათუმში 27 სექტემბერს მიწისძვრა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კილომეტრში დაფიქსირდა, თუმცა ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც.

ავარიულად შეფასებული კორპუსი ბათუმში. ჯავახიშვილის №80

ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ ხსენებული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბათუმში 27 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ მათ სახლებში ბზარების რაოდენობამ იმატა, ის ბზარები კი, რაც მანამდე იყო, გაღრმავდა.

დაბზარული იატაკი ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში მდებარე ბინაში

ამ დაბზარული იატაკის მიღმა ზინაიდა დრობიშევას საძინებელი ოთახია. საძინებელი 90-იან წლებში მიაშენა ბინას მეპატრონემ. რამდენიმე თვეა ზინაიდამ ოთახი გააუქმა და დაკეტა. ეშინია, რომ ოთახი ადრე თუ გვიან ჩავარდება. ეს ბინა კორპუსის მესამე სადარბაზოს მესამე სართულზეა.

გაბზარული კედელი ავარიულ ბინაში. ბათუმის, ჯავახიშვილის ქუჩის №80

„ბოლო მიწისძვრის ძლიერი ბიძგების შედეგად სადარბაზოს სახურავი გაიბზარა და ჩაიზნიქა, მას მერე გაღრმავდა ბზარებიც სახლებში. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სახლი ექვემდებარება გამაგრებას, მაგრამ არავინაა თანახმა გამაგრებაზე. ჩვენ ვითხოვთ ბინიდან გასახლებას და დემონტაჟს. ამ დასკვნის შემდეგ მდგომარეობა კორპუსში გაუარესდა, დღეს იყო მოსული ჯავახიშვილზე მდებარე მერიის გამგეობიდან წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მდგომარეობა გაუარესებულია და გვითხრა, რომ მომზადდება მეორე, ხელახალი დასკვნა, მაგრამ ასევე გვითხრა, რომ შეიძლება დასკვნა ექსპერტიზის პირველი დასკვნის  მსგავსი იყოს, რომ თითქოს კორპუსი ექვემდებარება გამაგრებას. ორი კვირის წინ გვითხრეს, სასწრაფოდ გასაყვანები ხართო. დღეს გვითხრეს, არ ვიცით, როდის რა იქნება, დროის ფაქტორიაო. არც ის ვიცოდით, რომ სამხარაულის დასკვნა იყო მოსული, ეს ორი კვირის წინ გავიგეთ შემთხვევით.

უკვე დავწერეთ განცხადება, რომ არ ვართ თანახმა გამაგრებაზე და ვითხოვთ კორპუსის დემონტაჟს. შესაბამისად გასახლებას“, – ამბობს ზინაიდა დრობიშევა. ავარიულ სადარბაზოში ის ორ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

იატაკთან ერთად დაბზარულია მისი ბინის კედლებიც. ბზარების ნაწილი კი, როგორც თავად გვითხრა, ფითხით ამოავსო და აღარ ჩანს, რადგან ქარი ქროდა.

ჯავახიშვილის №80-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლები

სადარბაზოს მეხუთე და მეორე სართულზე მცხოვრებნი შინ არ დაგვხვდნენ. თუმცა მეზობლების თქმით, მათთანაც იგივე მდგომარეობაა.

პირველ სართულზე მადონა დუმბაძე ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ მან სახლი გაარემონტა და იატაკის, კედლის ღრმა ბზარები დაფარა. თუმცა ახალგარემონტებული კედლებიც გაიხსნა და ბზარების ნაწილი ისევ გამოჩნდა.

ავარიული კორპუსის მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე მცხოვრებმა რემონტი ახლახან გააკეთა, თუმცა შენიღბული ბზარები მაინც გაიხსნა

ბზარი ავარიულ კორპუსში

„ჩემი შვილი ქორწინდება და ბინა გავარემონტეთ, სხვა გზა არ იყო, ამ დაბზარული კედლების ყურება ძალიან რთულია, ახლა ბევრი ბზარი არ ჩანს, მაგრამ ამით პრობლემა არ წყდება, თაბაშირ-მუყაოთი შენიღბულ კედლებს მიღმა გახსნილი კედლებია. დავასრულეთ რემონტი და ეს ბზარები ბრუნდება. იხსნება ნელ-ნელა ისევ კედლები. გავაუქმეთ ორი საძინებელი. იქაურობას ახლა მხოლოდ საშრობად ვიყენებთ. ბზარები მანდ ჯერ არ ჩანს, მაგრამ იატაკი საგრძნობლად გადაიზნიქა. შევრბივარ, სარეცხს ვფენ და სწრაფად გამოვრბივარ ოთახიდან“, – გვიყვება ავარიული სადარბაზოს მცხოვრები.

მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სართულებზეც ეს მდგომარეობაა ამ სადარბაზოში. ჩემთან უბრალოდ რემონტია ახალგაკეთებული, თუმცა კედელი მაინც დაბზარულია შიგნიდან“, – გვეუბნება ავარიული კორპუსის მცხოვრები.

დიდი ბზარები აქვს მე-4 სადარბაზოს ბინებსაც. პირველ სართულზე მცხოვრები ფატი ბაიაძე გვიყვება, რომ ღამით ისმის კედლების ტკაცუნის და ბზარებიდან ნამსხვრევების ცვენის ხმა:

ფატი ბაიაძე, ავარიული კორპუსის მცხოვრები

„ბოლო მიწისძვრის შემდეგ ნახევარი ვედრო ქვიშა გავიტანე სახლიდან, ბზარებიდან ცვიოდა. სამხარაულის ექსპერტები რომ ამოწმებდნენ ბინას, მე სახლში არ ვიყავი, ჩემი ბინა არ უნახავთ.

გამაგრებით ეს სახლი აღარ გამაგრდება. სახლის ძირითად ნაწილსაც იგივე ბზარები აქვს, რაც მიშენებულ ნაწილს. ხუთნი ვცხოვრობთ ერთად. როგორ უნდა დავიძინო ამ სახლში, აღარ ვიცი. შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.

ფატის ბინაში დაბზარულია სახლის საყრდენი ბოძიც.

კორპუსის დაბზარული საყრდენი ბოძი

ნოდარ დუმბაძე მეოთხე სადარბაზოს მეორე სართულზე ცხოვრობს. სახლში რემონტი მანაც ცოტა ხნის წინ გააკეთა და ბზარები დამალა, კედლები ნელ-ნელა იხსნება. გვაჩვენებს კედლის კარადების შიდა ნაწილს, სადაც სახლის ძირითადი კედლებია დაბზარული.

ნოდარ დუმბაძე ავარიულ სახლში შვილთან, სიძესთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ავარიული კორპუსის მცხოვრები ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან ერთად

სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, ბათუმის მერიაში მათ ზუსტად ვერ უთხრეს, დროის რა შუალედში გადაწყდება პრობლემა: ხუთი წლის, სამი წლის, ერთი წლის განმავლობაში თუ რამდენიმე თვეში. მათ ვერ ეუბნებიან ზუსტად ასევე, რა დრო დასჭირდება სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნის მომზადებას.

ბათუმის მერია ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად რამდენიმე სახლის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში დანიშნულია განმეორებით დაჩქარებული ექსპერტიზა.

„ღონისძიებები დაიგეგმება ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე“ – წერია ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსგან ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. თუმცა ექსპერტიზის ახალი დასკვნის დადებიდან რამდენ ხანში დაიგეგმება ღონისძიებები, სამმართველოში ვერ გვიპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: