მთავარი,სიახლეები

ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW

17.10.2022 • 753
ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, პუტინის მიზნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება – კრემლი ეცდება, ეს დრო ახალი აგრესიისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

ISW-ი მიიჩნევს, რომ მომავალში საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინისთვის მშვიდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას იმგვარად, რომ რუსეთმა ოდესმე ომის განახლება მოახერხოს.

ISW-ი თავის უახლეს ანგარიშში უკრაინის სტრატეგიულად გადამწყვეტ ტერიტორიებს გამოყოფს და ასაბუთებს, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ რაიონებს უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება.

უკრაინისთვის, ასევე NATO-სთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონად ინსტიტუტი ყირიმს ასახელებს.

„ნახევარკუნძულის ოკუპაცია საშუალებას აძლევს რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები 325 კილომეტრით ახლოს განალაგოს დასავლეთისკენ, რასაც ის საკუთარი ტერიტორიიდან ვერ შეძლებდა. ეს ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, სევასტაპოლში განათავსოს  თვითმფრინავები – დაახლოებით 300 კილომეტრით დასავლეთისკენ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მქონე საავიაციო ბაზებით ის ვერც ამას მოახერხებდა,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ექსპერტები.

როგორც ISW-ი წერს, ეს 300 კილომეტრი მნიშვნელოვანი სხვაობაა და ცვლის იმ საფრთხის მასშტაბს, რომელიც რუსეთმა NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს შეიძლება შეუქმნას. ეს სხვაობა, ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, შედარებით იოლად დაგეგმოს და განახორციელოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„ყველა იმ უკრაინულ ტერიტორიას შორის, რომელთა დაბრუნებითაც NATO-ა დაინტერესებული, ყირიმი პირველ ადგილზე უნდა იყოს,“ – ასკვნის ISW-ი.  

კიდევ ერთი სტრატეგიული რაიონი ხერსონის ოლქია. ანგარიშის თანახმად, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილი, სადაც ახლა რუსეთია გამაგრებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

თუ რაიმე შეთანხმება ამ რაიონში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს და რუსები ამ მონაკვეთს შეინარჩუნებენ, მათ უკრაინის სამხრეთში შეტევის უპირატესობა დარჩებათ.

მეორე მხრივ, თუ უკრაინა აღიდგენს კონტროლს მდინარის დასავლეთ ნაწილზე, რუსებს, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახმელეთო შეტევების გაგრძელება ძალიან გაუჭირდებათ.

ანალიტიკოსების დასკვნით, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების და მთლიანად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს უსაფრთხოება, დიდწილად, სწორედ დასავლეთ ხერსონის გათავისუფლებაზეა დამოკიდებული.

არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ISW ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილს, რადგან ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის სამხედრო პოზიციები ამ რაიონშიც საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას შეუტიოს უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს უდიდეს ნაწილს სხვადასხვა ახლოს მოქმედი შეიარაღებით ისე, რომ შორსმოქმედი ძვირადღირებული სისტემების გამოყენება არ დასჭირდეს.

ISW-ის აზრით, უპასუხისმგებლობა, რომელსაც რუსეთი ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით იჩენს, აუცილებელს ხდის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნებასაც.

„თუ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოებისთვის ეს იქნება მუდმივი საფრთხე, რომ რუსეთმა ბირთვული ცეცხლით ითამაშოს. აუცილებელია, რუსები იყვნენ ისეთ დისტანციაზე ენერგოდარიდან, რომლიდანაც მას არტილერიით ვერ მისწვდებიან,“ – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძი ინსტიტუტის აზრით, ქალაქი მელიტოპოლია. მელიტოპოლსა და მის გზებზე კონტროლის შენარჩუნება ნიშნავს, რომ რუსები მას აქცევენ ბელგოროდის მსგავს გასამხედროებულ ბაზად, საიდანაც მუდმივად დაემუქრებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, უკრაინელთა პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ასევე, ზაპოროჟიესა და დნეპრს.

რამდენიმე სტრატეგიულ რაიონს გამოყოფენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთშიც. ესენია ქალაქები: სვატოვო, სტარობელსკი და ბელოვოდსკი, რომლებიც მსხვილ საგზაო გზაჯვარედინებზეა განლაგებული.

ანალიტიკოსების აზრით, ამ სარკინიგზო და საავტომობილო ქსელის კონტროლი ნაწილობრივ განსაზღვრავს, რუსეთის რომელი ბაზების გამოყენებას შეძლებენ რუსები უკრაინაზე თავდასხმისთვის. თუ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს ამ გადამწყვეტ საავტომობილო და სარკინიგზო კვანძებზე, ეს მოსკოვს მისცემს საშუალებას, სამხედრო აგრესია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან განაახლოს.

___

მთავარი ფოტო: Arab News, არაბი კარიკატურისტი ამჯად რასმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: