მთავარი,სიახლეები

ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ

14.10.2022 • 1883
ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ

სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დაიწყო სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით – „სიცოცხლე მინდა“. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ცხელ ხაზზე ან ტელეგრამის ჩატ-ბოტში რუსი სამხედროები იღებენ რჩევებს, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ.

კოორდინატორები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი რუსი სამხედრო ტყვედ ოქტომბრის დასაწყისში ჩაბარდა. ის ორსკის 26 წლის მცხოვრები იყო. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში ცხელ ხაზსა და ჩატ-ბოტს დაახლოებით 3 ათასმა სამხედრომ მიმართა. უკრაინელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა იცავს ტყვეთა მიმართ მოპყრობის ჟენევის კონვენციით დადგენილ წესებს და სამხედრო ტყვეებს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით, სრულფასოვან კვებითა და იურიდიული დახმარებით.

როგორ მუშაობს პროგრმა „სიცოცხლე მინდა“ – Настоящее Время-სთან ინტერვიუში პროექტის სპიკერი ვიტალი მატვიენკო ჰყვება.

  • რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თუ გაიზარდა მომართვების რაოდენობა?

დიახ, ეგრეა. იძულებითი ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ საიდან რეკავენ ადამიანები – უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთის პოლიგონებიდან, სამხედრო კომისარიატებიდან, გზიდან?

სრულიად განსხვავებული წერტილებიდან შემოდის ზარები: როგორც რუსეთის ტერიტორიიდან, ისე პოლიგონებიდან, სადაც მობილიზებულებს ვითომ წვრთნიან. რეკავენ ის სამხედროებიც, რომლებიც უკვე უკრაინაში არიან.

  • რით ხსნიან ტყვედ ჩაბარების სურვილს?

მათ სიცოცხლე უნდათ. არ სურთ ბრძოლა, არ სურთ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერა, არ უნდათ ხელში იარაღის აღება. ისინი სიტუაციის მძევლები არიან. გადარჩენის ერთადერთი შანსი – ეს ნებაყოფლობითი ტყვეობაა.

  • როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ ისე, რომ ბრძოლაში არ მოკლან?

ჩვენი პროექტის თანახმად, იმისთვის, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდეს სამხედრო, ჩვენთან უნდა დარეგისტრირდეს. ის ან ჩატ-ბოტში, ან ცხელ ხაზზე ტოვებს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. როდესაც ის უკრაინის ტერიტორიაზე ხვდება, უკავშირდება ცხელ ხაზს და აწვდის დამატებით ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ ჩვენი ოპერატორები ჩვენს სპეციალურ დანაყოფებს გადასცემენ, ხოლო ისინი უზრუნველყოფენ სამხედროს ტყვედ ჩაბარებას უსაფრთხოდ.

  • როგორ ხერხდება კომუნიკაცია უკრაინელ სამხედროებთან უშუალოდ საბრძოლო შეტაკების ხაზზე?

ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანა უსაფრთხოებაა. რუსეთის ფედერაციის იმ სამხედროების უსაფრთხოება, რომლებმაც ნებაყოფლობით ჩაბარება გადაწყვიტეს და ასევე იმ სპეცდანაყოფების, რომლებიც მათ ბრძოლის ველიდან გამოყვანას უზრუნველყოფენ. სრული პროცედურის მოყოლა ნამდვილად არ შემიძლია.

  • თქვენ თქვით, რომ სამი ათასი მიმართვა მიიღეთ. გაქვთ ინფორმაცია ამ ხალხის ბედზე?

უკვე არიან სამხედროები, რომლებიც ჩაბარდნენ ჩვენი პროექტის დახმარებით. რაც შეეხება ტყვეთა რაოდენობას, უსაფრთხოების მიზნით, ამას ვერ დავასახელებ.

  • ვინ არიან ეს ადამიანები?

თავიდან ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ახლა უკვე 30-ს გადაცილებულებიც მოგვმართავენ. აცრემლებულები რეკავენ – „როგორ მოვიქცეთ, რომ ტყვედ ჩავბარდეთ? არ გვინდა ბრძოლა.“ რაც შეეხება ცრემლებს – არ ვხუმრობ. არიან IT სპეციალისტები, გრაფიკოსები… საზოგადოების სხვადასხვა ფენა.

  • გასაგებია, რომ ადამიანებს ომში სიკვდილის ეშინიათ, თუმცა ალბათ ტყვეობისაც ეშინიათ.

უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმას ვიცავთ. ტელეფონზე საუბრისასაც ვეუბნებით, რომ მათ სრულიად ადამიანურად მოექცევიან. არავინ მათ არ აწამებს (სხვათა შორის, ამას თავადაც კითხულობენ). ვარწმუნებთ, რომ უკრაინა სამხედრო ტყვეებს ღირსეულად ეპყრობა.

  • თუ სწორად მესმის, ამ ადამიანებს რუსეთში არ დააბრუნებენ, მათ გაცვლით ფონდად არ გამოიყენებენ.

რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, რომლებიც ნებაყოფლობით ბარდებიან ტყვედ, უფლება აქვთ თავად აირჩიონ, რა უნდათ. თუ სამშობლოში დაბრუნება სურთ, ეს შესაძლებელია გაცვლის გზით ახლაც და ომის დასრულების შემდეგაც. ასევე, მათ შეუძლიათ თავშესაფარი ითხოვონ უკრაინის ტერიტორიაზე ან ევროპის ქვეყნებში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ სამხედრო ტყვეების მისაღებად მზად არიან.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას, ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. თუ ადამიანი არ აღმოჩნდება დაკავშირებული ომის დანაშაულებთან, უკრაინა თავის ტერიტორიაზე მისი დარჩენის შესაძლებლობასაც განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: