მთავარი,სიახლეები

ბოლო 1 წელში მთავრობამ 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ისესხა

15.10.2022 • 1001
ბოლო 1 წელში მთავრობამ 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ისესხა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ამ დროისთვის 21,4 მილიარდი ლარია. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, 2022 წლის 12 სექტემბერს – მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, რომ წელს „710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს ვიღებთ“.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან სახელმწიფოს მიერ აღებულ სესხებზე ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

სამინისტროს ვთხოვეთ, ასევე, მოეწერათ „ვისგან და რა ფორმით [საგარეო ვალი, ობლიგაციების გამოშვება და სხვა] აპირებდა მთავრობა ამ 710 მილიონი ლარის სესხის აღებას 2022 წელს? ან/და ხომ არ იგეგმებოდა უკვე გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე უარის თქმა“.

ფინანსთა სამინისტრომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

გასული წლის ივლისში ირაკლი ღარიბაშვილმა ვალთან დაკავშირებით ისიც განაცხადა, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“.

„ბათუმელების“ გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ პრემიერმა მოიტყუა, ვინაიდან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა და IBRD-ისგან დამატებით, ჯამში, 113 700 000 ევრო ისესხა.

პრემიერის შარშანდელი განცხადებიდან დღემდე პერიოდში კი, საქართველომ დამატებით 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ვალი აიღო.

ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფომ ჯამში 1 094 85 000 ევრო ისესხა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, საიდანაც უკვე ათვისებულია 294 მილიონ 310 ათასი ევრო.

ამავე პერიოდში ქვეყანამ ჯამში 7 მილიონ 100 ათასი ევროს ოდენობით გრანტიც მიიღო, საიდანაც, სექტემბრის თვის მდგომარეობით, ათვისებული იყო 3 მილიონი ევრო.

 

გარდა საგარეო ვალისა, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, მთავრობამ სხვადასხვავადიანი, ჯამში 2,46 მილიარდი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ეს თანხა სახელმწიფომ 2022-2030 წლებში უნდა დაფაროს.

ჯამში, მთავრობის საშინაო ვალმა კი, 2022 წლის სექტემბრისთვის 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა:

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა [რომელიც სახელმწიფო საგარეო ვალსაც მოიცავს], 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 22.3 მილიარდი აშშ დოლარი [65.2 მილიარდი ლარი] შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ეს მონაცემები 2022 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: