მთავარი,სიახლეები

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

15.10.2022 • 6261
რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, ზეთი, ბრინჯი და მაკარონი.

ბათუმში ე.წ. პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასს  გავეცანით ორ ქსელურ მაღაზიაში -„ნიკორასა“ და „2 ნაბიჯში“. გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთი მარკეტიდან გამოგვიგზავნეს ფოტოები, საფრანგეთში – ორლეანიდან, აშშ-ში – ნიუ-იორკიდან, თურქეთში – სტამბოლიდან. ჩვენ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვეთ, გადაეღოთ იმ წარმოების პროდუქტები, რასაც ისინი ყველაზე ხშირად ყიდულობენ.

თუ ამ ხუთი პროდუქტის მაგალითზე ხუთი ქვეყნის მონაცემებს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ღარიბ საქართველოში ბევრად უფრო მეტს ვხარჯავთ საკვებ პროდუქტებში, ვიდრე ევროპის ისეთ ძლიერ და მდიდარ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. საკვები პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი რომ თურქეთში ღირს, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია, რადგან საქართველოდან თურქეთის ქალაქებში უკვე ბევრი ადამიანი გადადის საკვები პროდუქტების საყიდლად.

სხვა საკითხია საკვები პროდუქტის ხარისხი: მაგალითად, როგორია იმ საკვები პროდუქტების ხარისხი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში რომ იყიდება და საქართველოზე ბევრად იაფი ღირს.

ზეთი – ერთი ლიტრი ზეთის საშუალოს ფასი საქართველოში 7 ლარიდან 9 ლარამდე მერყეობს. ზეთი გერმანიაში საშუალოდ 5.40-დან 6.75 ლარი [1.99 – 2.49 ევრო] ღირს. საფრანგეთში ზეთის საშუალოდ ფასი 9.68 ლარია [3.59 ევრო], თურქეთშიც ერთი ლიტრი ზეთის ფასი საშუალოდ 5.30 ლარი გამოდის [35.50 ლირა].

ზეთის საშუალო ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16.81 ლარია [6.06 აშშ დოლარი].

ზეთის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

შაქარი – შაქარს საქართველოზე იაფად იყიდით გერმანიასა და საფრანგეთში. 1 კგ შაქარი ბათუმში, „ნიკორაში“, 4 ლარი ღირს, „2 ნაბიჯში“ – 3.75, გერმანიაში – 3.49 ლარი [1.29 ევრო], საფრანგეთში – 3.10 ლარი [1.15 ევრო].

შაქარი გაძვირდა თურქეთშიც – აქ ერთი კილოგრამი შაქარი 3.87 ლარია [25.95 ლირა], აშშ-ში კილოგრამი შაქარი 9.24 ლარი [3.33 აშშ დოლარი] ღირს.

შაქრის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

მაკარონი – მაკარონიც საქართველოში ევროპულ ფასზე ძვირია: საფრანგეთში ერთ კილოგრამ მაკარონს საშუალოდ 3.13 ლარად იყიდი [1.16 ევრო], გერმანიაში – 2.41 ლარად [0.89 ევრო], საქართველოში მაკარონის ყველაზე დაბალი ფასი 2,50 ლარია და 4.60 ლარიც ღირს.

მაკარონის საშუალო ფასი აშშ-ში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკში, 5.52-დან 6.35 ლარამდე მერყეობს, თურქეთში მაკარონის ფასი 1.57 ლარიდან [10.50 ლირა] იწყება.

მაკარონის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

ბრინჯი – ბრინჯის ფასი ბათუმში 2.85 ლარიდან 3.5 ლარამდე მერყეობს. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კი, ბრინჯს 2.68 ლარად [0.99 ევრო] იყიდით. ბრინჯი გაძვირებულა საფრანგეთში და ის ამჯერად საშუალოდ 10.98 ლარი [4.07 ევრო] ღირს.

ბრინჯი თურქეთში საშუალოდ 4.02 ლარი გამოდის [26.95 ლირა], აშშ-ში – 10.24 ლარი [3.69 აშშ დოლარი].

ბრინჯის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

პური – პური ბათუმის მარკეტებში 1.20-დან 1.35 ლარამდეა, ამ პურის წონა 300 გრამია. გერმანიაში პური 4.30 ლარი გამოდის [1.59 ევრო], თუმცა მისი წონა 1 კილოგრამია. საფრანგეთში 500-გრამიანი პურის ფასი 3.91 ლარია [1.45 ევრო].

აშშ-ში პური 13.84 ლარი [4.99 აშშ დოლარი] ღირს, რომელიც 680 გრამია. პური თურქეთში 5 ლირა ღირს, რაც 75 თეთრი გამოდის,თუმცა ამ პურის წონა 200 გრამია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: