განათლება,მთავარი,სიახლეები

სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს

13.10.2022 • 2217
სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს, დაშავებული მოზარდი კი ამ დროისთვის  სახლში მკურნალობს.

მოზარდს კლასელებმა და სხვა პირებმა 5 ოქტომბერს სკოლასთან სცემეს. მშობლის თქმით, ცემის შედეგად მოზარდმა რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს.

ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა მოზარდი, რომელსაც თანაკლასელის ცემაში სდებენ ბრალს. დირექტორის თქმით, მასთან არც ფსიქოლოგი მუშაობს.

დღეს, 13 ოქტომბერს, „ბათუმელები“ დაშავებული მოზარდის დედას ისევ ესაუბრა. დედის თქმით, მისი შვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სახლში, წოლით რეჟიმში აგრძელებს მკურნალობას.

დედა ამბობს, რომ მის შვილსა და კლასელებთან ფსიქოლოგი მუშაობს.

„ვინც სცემა, იმ ბავშვის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი“, – გვითხრა დედამ.

მოზარდის დედის თქმით, გამოძიება დასრულების ეტაპზეა, თუმცა რა გარემოებები იკვეთება საქმეში, ამაზე ვერ საუბრობს.

„არ ვიცი, საითკენ მიდის გამოძიება, მაგრამ თუ დასაკავებელია, უნდა დააკავონ. უნდა დაისაჯონ, ეს ფაქტი არ უნდა შერჩეთ, რადგან თუ შერჩათ, ხვალ ვისი შვილი დაზარალდება, არ ვიცით.

ჩემი შვილი ბეწვზეა გადარჩენილი და მე იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ სხვისი შვილები არ დაზარალდნენ მომავალში,“ – ამბობს დაშავებული მოზარდის დედა.

„ბათუმელები“ ესაუბრა მერვე საჯარო სკოლის დირექტორს, გივი ხალვაშსაც. მას ვკითხეთ, იმსჯელა თუ არა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ინციდენტზე და რა გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გივი ხალვაშმა გვითხრა, სკოლის დისციპლინურ კომისიას ამ დრომდე არ უმსჯელია, რადგან მისი თქმით, დისციპლინური კომიტეტი სკოლაში ახლა იქმნება.

„დისციპლინურ კომისიას ჯერ არ უმსჯელია, რადგან ახლა ვაყალიბებთ ამ კომიტეტს. ამ დღეებში განვიხილავთ. პოლიცია იკვლევს ამ საკითხს და ჩვენც ვიკვლევთ პარალელურად, ეს საჩქარო არ არის“, – გვითხრა მან.

დირექტორს ვკითხეთ, როგორია იმ მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც თანაკლასელზე ფიზიკურად იძალადა და დადის თუ არა ის სკოლაში.

გივი ხალვაში ამბობს, რომ ეს მოსწავლე სკოლაში აღარ დადის და არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, მუშაობს თუ არა ფსიქოლოგი მასთან.

„სახლშია ბავშვი. მამამისი ფიქრობს, რომ განარიდოს ამ სკოლას და სხვაგან გადაიყვანოს. ფსიქოლოგს რაც შეეხება, კლასთან ვმუშაობთ, ვინც იძალადა, ის სახლშია. სკოლაში რომ იყოს, ჩავაყენებდით ფსიქოლოგს საქმის კურსში“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლის ფსიქოლოგი მოზარდს სახლში ვერ მიაკითხავს, რადგან მას მხოლოდ ორი საათი აქვს ამისთვის გამოყოფილი, შემდეგ კი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან აგრძელებს მუშაობას.

„თუ ჩვენთან დარჩება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ სხვა სკოლაში გადავა, ის სკოლა გააგრძელებს მუშაობას“, – ამბობს დირექტორი.

ჩვენ ცემაში ბრალდებული მოზარდის მშობელსაც დავუკავშირდით მოზარდის მდგომარეობის გასარკვევად, თუმცა მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.

რაც შეეხება გამოძიებას, დაზარალებულის დედა ამბობდა, რომ მისი შვილის ცემაში დაახლოებით 25 პირი მონაწილეობდა. ინციდენტის მეორე დღეს გამოძიებამ ათამდე პირი დაკითხა.

შსს-ს ვკითხეთ, რამდენი პირი დაიკითხა ამ საქმეზე მთლიანობაში და ხომ არ დაუკავებიათ ვინმე, რადგან, როგორც ითქვა, ჩხუბში სრულწლოვანი პირებიც იყვნენ ჩართულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: