უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ხერსონის ოლქში და ამავდროულად განაგრძობს წინსვლას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინელთა კონტრშეტევას.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და აიძულეს რუსეთის ჯარები, ხერსონისკენ დაეხიათ.
უკრაინის არმია ასევე განაგრძობდა წინსვლას მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის არმია კი იძულებული გახდა ხერსონისა და დნეპროპეტროვკის ოლქების საზღვრიდან ბერისლავის რაიონისკენ დაეხია უკან.
ISW-ი აღნიშნავს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ხელს უშლის რუსებს, მოწინავე პოზიციებზე გადაისროლონ დამატებითი საბრძოლო მასალები, რეზერვები და მობილიზებული სამხედროები.
ინსტიტუტის ექსპერტების ცნობით, უკრაინის ძალები განაგრძობდნენ წინსვლას ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილშიც და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდნენ რუსების პოზიციებს ლუგანსკის ოლქში.
ISW-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს რუსებმა საარტილერიო და სარაკეტო შეტევები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და დონეცკის ოლქებზე.