მთავარი,სიახლეები

პუტინი პირდაპირ მუშაობს სამხედრო მეთაურებთან, რადგან თავდაცვას აღარ ენდობა – ISW

30.09.2022 • 927
პუტინი პირდაპირ მუშაობს სამხედრო მეთაურებთან, რადგან თავდაცვას აღარ ენდობა – ISW

კრემლის ჩინოვნიკების ურთიერთსაპირისპირო განცხადებები და ბიუროკრატიული ხარვეზები მობილიზაციის პროცესში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, გვერდი აუარა ქვეყნის თავდაცვის უწყებას და ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებები გასცა – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ერთ-ერთ მაგალითად იხსენებენ დუმის სპიკერის განცხადებებს. ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჯერ განაცხადა, რომ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ, შემდეგ კი ეს განცხადება უარყო, რადგან თავდაცვის უწყებამ დააზუსტა, რომ ასეთი აკრძალვა კანონით მხოლოდ სრული მობილიზაციის შემთხვევაში მოქმედებს და არა „ნაწილობრივის“.

ISW-ის შეფასებით კრემლი განაგრძობს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ მის მიერვე გამოცხადებული პროცედურების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ განცხადებებთან. მობილიზაციის გამოცხადებიდან 8 დღეში კრემლმა ამ პროცესში ხარვეზებიც კი აღიარა, თუმცა ეს ბიუროკრატიულ პრობლემებს გადააბრალა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, გაწვევას დაუქვემდებარეს შეუსაბამო ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხალხი.

„ბიუროკრატიული ხარვეზები რუსეთის ნაწილობრივ მობილიზაციაში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინმა კვლავაც გვერდი აუარა რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობას, თავდაცვის უწყებას. ახალმობილიზებულების განთავსება პირდაპირ ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებზე, შესაძლოა, ასევე მეტყველებდეს იმაზე, რომ პუტინი პირდაპირ მუშაობს ადგილზე მყოფ მეთაურებთან, რომლებიც სავარაუდოდ დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ და არ მიჰყვებიან სტანდარტულ სამხედრო პრაქტიკას, რაც წინა ხაზზე სამხედროების გაგზავნამდე მათ მომზადებას ითვალისწინებს,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ი მანამდეც წერდა, რომ არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც უშუალოდ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას პუტინმა ინსტანციათა ჯაჭვს გვერდი აუარა და ეს სავარაუდოდ, თავდაცვის უწყებისადმი უნდობლობის გამო გააკეთა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ბრძოლები გრძელდება უკრაინის სამხრეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში. უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, ალყაში მოაქციეს რუსული ჯარები ლიმანთან და მათ კომუნიკაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზები გადაუჭრეს.
  • რუსები ცდილობენ ხერსონის მიმართულების ახალმობილიზებული რეზერვისტებით გაძლიერებას.
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის ლოგისტიკური სატრანსპორტო და სამხედრო პუნქტებზე ხერსონში.
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში.
  • რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ირანული დრონების Shahed 136-ების გამოყენება უკრაინის სამხრეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: