ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.
აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.
კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარა.
სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმის საკრებულომ ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.
ამ კონცეფციით:
- „განვითარების ძირითადი ფაქტორია ზემოაღნიშნული და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთი ფუნქციით დატვირთვა. გეგმარებითი ერთეული წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს, მასზე განთავსებულია სასტუმროს დანიშნულების ობიექტები.
- გეგმარებითი ერთეული და საპროექტო ტერიტორიები „ნურის უბანში“, ბათუმის ისტორიული ზონის საზღვართან მდებარეობს – შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილის ქუჩებისა და ასევე ბულვარის ვიწრო ზოლს შორის, ზღვის ნაპირთან ახლოს“.
- აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების ორი მრავალსართულიანი შენობის განთავსება, რომელთა დაახლოებითი სიმაღლე იქნება 180 მეტრი, ხოლო სართულიანობა – 55.
- ძირითად ნაწილში დაგეგმილია სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების განთავსება, ხოლო ნაწილში (ძირითადად ე.წ. „სტილობატში“ და კომპლექსის ბოლო სართულებზე) სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართობების განთავსება.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიამ წარუდგინა. სააგენტოში შეტანილი იყო სკრინინგის ანგარიშიც:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/436585/