მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღნიშნეს

25.09.2022 • 901
ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღნიშნეს

ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღნიშნეს. მსვლელობა ბათუმში მცხოვრებმა სმენის არ მქონე ადამიანებმა მოაწყვეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას მათი საჭიროებები.

„გაზარდეთ თარჯიმნების რაოდენობა“, „აუცილებელია ჟესტური ენა შედიოდეს სასწავლო პროგრამაში,“ – ეწერა ტრანსპარანტებზე, რომელიც მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ.

მსვლელობა ჟესტური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„დედაჩემმა ჟესტური ენა არ იცის და ამის გამო მშობლებთან კომუნიკაცია პრობლემაა.   ვისურვებდი მასთან კომუნიკაცია თარჯიმნის გარეშე შემეძლოს, ვისურვებდი, რომ ჟესტური ენის სწავლებაში იყოს დახმარება. სახელმწიფოს მხარდაჭერას ვგრძნობ ნამდვილად, მაგრამ შეიძლება მეტის გაკეთება. მაგალითად, გვყავს ერთადერთი თარჯიმანი რომლის საშუალებითაც ვგებულობთ ყველაფერს. გვინდა უფრო მეტი თარჯიმანი იყოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მსვლელობის მონაწილე ნათია ჩხაიძემ. ნათია სმენადაქვეითებულია. „ბათუმელები“ მას თარჯიმნის საშუალებით ესაუბრა.

„ხელვაჩაურში ვცხოვრობ, მაგრამ ქუთაისის სმენადაქვეითებლთა სკოლაში ვწავლობ.    როგორც მე მჭირდება ჟესტური ენა და ჩემი საკომუნიკაციო ენა არის, ასევე მინდა ყველას ესმოდეს და სწავლობდეს. ძალიან მინდა ჩემთვის ტრანსპორტი იყოს ადაპტირებული და არ მინდა საზოგადოება მიყურებდეს თანაგრძნობით,“ – გვითხრა ნათიამ.

მსვლელობა ჟესტური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჟესტური ენის პედაგოგი დალი ფირცხალავაც ენის სწავლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

„სპეცმასწავლებელი ვარ. ჩემი ოცნება იყო ჟესტური ენა მესწავლა, მაგრამ ბათუმში არ ისწავლებოდა. თბილისში იყო მხოლოდ. მხოლოდ რამდენიმე წელია რაც აქ დაიწყო სწავლება. ძალიან ბევრ ბარიერს ვაწყდებით, როდესაც გვყავს მაგალითად ყრუ მოსწავლე.  ტრანსპორტში შემხვედრია ყრუ ადამიანები, რომლებიც საჭიროებდნენ ინფორმაციას.  ბედნიერი ვარ, რომ ტრანსპორტში თუ მაღაზიაში დავხმარებივარ მათ. მაქვს პატარა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. სიამოვნებით სწავლობენ ჟესტურ ენას.

დღემდე არაერთხელ მივმართთ მერიას, ცალკე სამინისტროს, რომ დაეფინანსებინათ ჟესტური ენის სწავლება, მაგრამ მივიღეთ ყოველთვის მხოლოდ დაპირება. ვიმედოვნებ, სამომავლოთ რაღაც დოზით მაინც გამოსწორდება სიტუაცია,“ – უთხრა „ბათუმელებს“  დალი ფირცხალავამ.

დღეს გამართული მსვლელობა საქართველო ყრუთა კავშირის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.

 

გადაბეჭდვის წესი