განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლაში უცხო ენის სწავლება სერტიფიკატის მფლობელ პირებსაც შეეძლებათ – კანონპროექტი

21.09.2022 • 1174
სკოლაში უცხო ენის სწავლება სერტიფიკატის მფლობელ პირებსაც შეეძლებათ – კანონპროექტი

დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას. ცვლილება შეეხება უცხოური ენის გამოცდასა და სერტიფიკატის აღიარების წესს.

განათლების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს რომელიმე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება და სკოლაში მუშაობასაც შეძლებს.

„მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა შესაბამის საგანში, თუმცა, ამავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვთ, მეორე ან მესამე უცხოურ ენად აირჩიოს დამატებითი საგანი, რომელშიც შესაძლოა გამოცდების ცენტრი საგნის გამოცდას არ ატარებს.

წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, ასეთი უცხო ენის ჩაბარებასთან დაკავშირებით რეგულაციის შემოღება.

კერძოდ, საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუკი პირი წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაამტკიცებს, განათლების მინისტრი ვალდებულია კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს უცხოური ენის სერტიფიკატების გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები, ხოლო კანონის მიღებიდან 9 თვეში, გამოაქვეყნოს ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: