მთავარი,სიახლეები

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც ქონება ან ფინანსები დამალეს – გამჭვირვალობის კვლევა

21.09.2022 • 1296
თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც ქონება ან ფინანსები დამალეს – გამჭვირვალობის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის 6 მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციამ გამოავლინა შემთხვევები, როცა კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა ქონება დამალეს, ან შემოსავლები სრულად არ ასახეს.

კვლევის მიხედვით 178 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 36-მა შეავსო. მათგან 22-მა თანამდებობის
პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან  მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევ პირებს შორის არიან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე,
ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები.

16 თანამდებობის პირს საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში – წილების ფლობა და ხელმძღვანელობა.

9 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის. 12 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება, ხოლო 5-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო შემოსავლები აკრძალული საქმიანობიდან.

საქართველოს კანონით “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ – კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური“ – განმარტავს ორგანიზაცია.

კვლევა სრულად იხილეთ აქ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: