მთავარი,სიახლეები

პუტინი უკმაყოფილოა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვება სურს

16.09.2022 • 2826
პუტინი უკმაყოფილოა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვება სურს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ყველაფერს აკეთებს უკრაინაში კონფლიქტის მალე დასასრულებლად“, თუმცა მეორე მხარეს „სამხედრო გზით გამარჯვებას სურს“.

პუტინმა უკრაინასთან ომზე ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერვე დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ამჯერად არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“, არამედ „კონფლიქტად“ მოიხსენია.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინაში კონფლიქტზე, შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოთქვამთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარე, უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებს მოლაპარაკების პროცესზე და აცხადებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ომის გზით სურს. როგორც ისინი ამბობენ, ბრძოლის ველზე. მაგრამ მაინც, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც იქ ხდება,“ – თქვა პუტინმა.

ინდოეთის პრემიერიც და რუსეთის პრეზიდენტიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, უზბეკეთში იმყოფებიან.

10 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთთან ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგება, რადგან რუსულ მხარეს არანაირი ადეკვატური პოზიციის ფორმულირება არ შეუძლია.

ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში კონტრშეტევების დაწყების შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე კიდევ ერთი კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევი აღარ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებისთვის იმ პირობით, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჯარები 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდნენ – ახლა ამას უკრაინის სრული დეოკუპაცია სჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: