განათლება,მთავარი,სიახლეები

ყოველ წელს ვამბობ: „წელს დავამთავრებ“, მაგრამ ისევ სკოლაში მოვდივარ – 80 წლის მასწავლებელი

16.09.2022 • 14011
ყოველ წელს ვამბობ: „წელს დავამთავრებ“, მაგრამ ისევ სკოლაში მოვდივარ – 80 წლის მასწავლებელი

ასაკის მიუხედავად, მერი გულუამ უარი თქვა ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლაზე. წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მოიპოვა და დღესაც ჩხოროწყუში, ხაბუმეს თემის პირველ საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურის ბავშვებს ასწავლის. „ყოველ წელს ვამბობ, რომ „წელს დავამთავრებ“, მაგრამ მომდევნო წელს ისევ სკოლაში მოვდივარ“- უთხრა 80 წლის მერი გულუამ „ბათუმელებს“.

  • ქალბატონო მერი, რატომ დარჩით სკოლაში, ხომ შეგეძლოთ აგეღოთ ფულადი ჯილდო და გეცხოვრათ მშვიდად?

იმიტომ არ წავედი, რომ ჯილდო არ იყო ჩემთვის მთავარი, მუშაობა მაინტერესებდა. გამოცდაც ჩავაბარე და სტატუსი მივიღე.

მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. დედაც და მამაც, ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდნენ მასწავლებლებად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რომ დაარსდა. ოჯახში სამი ბავშვი ვიყავით და სამივე მასწავლებელი გავხდით.

  • იყო მშობლების გავლენა, პროფესიის არჩევისას?

ალბათ იყო, თუმცა მშობლებს არასდროს დაუძალებიათ. წიგნების, კითხვის სიყვარულმაც თავისი გავლენა იქონია.

ახლა ბავშვებს უფრო მეტი გასართობი აქვთ, სათამაშოებიც, კომპიუტერებიც, მაშინ კი ჩვენი თამაშიც და ყველაფერი, წიგნები იყო.

სოხუმში დავამთავრე პედაგოგიკის სასწავლებელი დაუსწრებლად და მესამე კურსიდან მუშაობდა დავიწყე იმავე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი.

  • რას ნიშნავს მასწავლებლობა, რისი სწავლებაა მნიშვნელოვანი თქვენი აზრით?

ძალით მასწავლებლობა არ შეიძლება, მთავარია ბავშვები გიყვარდეს. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ვაკვირდებოდი ბავშვებს, მათთან ურთიერთობას და გამოცდილებაც მეტი მივიღე. ვფიქრობ, ყველა ბავშვს ალღო უნდა აუღო, ერთნაირი მიდგომა არ გამოვა.

პირველ რიგში თავი უნდა შეაყვარო ბავშვს და შემდეგ საგანიც შეუყვარდება. ბავშვი იმაზე კი არ ფიქრობ, რომ ეს საგანი მისთვისაა და წაადგება, თუ მასწავლებელი არ უყვარს, არც მისი საგანიც უყვარს.

  • მოახერხეთ სიყვარულის მოპოვება?

ვფიქრობ, კი. ბავშვებს გაუგო უნდა, უფრო მეგობრული უნდა იყოს მათთან, რჩევა-დარიგებით მიუდგე და არა ჩხუბით და ანჩხლობით. ცემა საერთოდ რა საკადრისია.

ჩემი ყოფილი მოსწავლეები არასდროს გამილანძღავს, არც ცუდი სიტყვა მითქვია.

მხოლოდ ერთი ცუდი ჩვევა მქონდა (არ მინდოდა გამხელა, მაგრამ ახლა ვიტყვი), ზამთარში ძალიან მციოდა ხოლმე და  თითები სულ გაყინული მქონდა. ბავშვები როცა წერდნენ და თავები დახრილი ჰქონდათ, ამ ცივ თითებს კისერზე შევახებდი. ახლაც კი, ასაკში შესული ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან ხოლმე, გვახსოვს, მასწავლებელო ცივი თითებით რომ გვეხებოდი კისერზეო. ეს იყო და ეს, მათი ცუდი მოგონება ჩემს მიმართ.

მამაჩემი იტყოდა, მოსწავლის სიცელქეზე გული თუ მოგივიდა, სკოლაში არ შეხვიდეო. ბავშვი უნდა იყოს ცელქი, ესეც ნიჭია. ზოგჯერ გულში მეცინება ხოლმე, ისეთ რამეს მოიფიქრებენ. უზრდელი არ იყოს თორემ, ცელქი ბავშვი უფრო ადვილად აუღებს ალღოს ცხოვრებას.

  • რადგან ცხოვრება ახსენეთ გკითხავთ, რა არის მთავარი ცხოვრებაში, რას ეუბნებით ბავშვებს?

ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი სახელმძღვანელო უნდა იყოს ცხოვრებაზე, ბავშვებს რომ გაუზიაროთ, გავაგებინოთ როგორ იცხოვრონ.  ვასწავლოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, როცა საგანს ასწავლი, აქედანაც სწავლობენ ცხოვრებას, რადგან ერთი პატარა ლექსი ან მოთხრობაც რომ ავიღოთ, ყველა რაღაცას გვასწავლის, რაღაც ჭკუა გამოდის იქიდან.

ამიტომ, როცა ტექსტის შესწავლას დავასრულებთ და მსჯელობაზე გადავალთ, ყოველთვის ვეკითხები ბავშვებს, – რა ვისწავლეთ აქედან?

რაღაცას ახალს ყოველთვის ვიგებთ ხოლმე. ვსწავლობთ, როგორ დაეხმაროს მეგობარი მეგობარს. „შენ როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას?“- ამასაც ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ბავშვებს, რადგან თუ ცოდნას არ ვიყენებთ, მაშინ რა აზრი აქვს მას.

  • თქვენთვის რა არის ცხოვრება?

ცხოვრებას შრომას და სინდისს ვეძახი. ადამიანებთან ურთიერთობას, სიკეთის კეთებას და არ აქვს მნიშვნელობა როგორი სამოსი აცვია ადამიანს, ნაცნობია თუ უცნობი, ყველას მიმართ შეიძლება იყო კეთილი.

ზოგჯერ შეიძლება დაძონძილი ტანსაცმელი ეცვას ადამიანს, მაგრამ ოქროს გული ჰქონდეს, ზოგჯერ კი პირიქით. შეიძლება შენ პროფესორი ხარ და მე გლეხი, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს.

ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, როცა მამაჩემს მოუყვა ის კაცი, მეც მესმოდა. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო. იცით ალბათ, ადრე ცუდი ქცევისთვის ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ. ერთი ასეთი ბავშვი გაურიცხავთ ჩვენი სკოლიდან და როცა წაიყვანდნენ ვუთხარი, – „შენგან კაცი არასდროს გამოვა-მეთქი“, – ამბობდა დირექტორი.

როცა გავიდა წლები და ომი დაიწყო, ეს ჩვენი დირექტორიც წაიყვანეს ომში. მთელი დივიზია იდგა და აბარებენ პატაკს გენერალს.

როცა ჩემი სახელი ამოიკითხეს (ჯალაღონია კალისტრატე ერქვა იმ კაცს) გენერალმა ერთი ამხედა, მაგრამ არაფერი უთქვამსო. შემდეგ დაიბარა ცალკე და მეგრულად უთხრა, – „მიცანი?“. დირექტორს უპასუხია, – „არა შვილო, არასდროს მინახიხარო“. მე ისა ვარ, შენ რომ მითხარი, არასდროს კაცი არ გამოვა შენგანო.

ის კეთილი ბუნების ყოფილა, სამზარეულოში გაუშვა თურმე სამუშაოდ და რომ დაბრუნდა, ისევ გააგრძელა დირექტორობა. მამაჩემს ეუბნებოდა, არასდროს ვეტყვი აწი კაცს, რომ არაფერი არ ხარ და კაცი არ გამოვა შენგანო.

  • სხვათა შორის, დღესაც კი, როცა ახალგაზრდები რაიმე უსიამოვნო ამბებს იხსენებენ სკოლიდან, ყველაზე ხშირად მასწავლებლების მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას ახსენებენ. ძალიან განიცდიან ხოლმე, როცა მასწავლებლებისგან ასეთი ფრაზები ესმით.

სკოლაში კი არა, არსად არ შეიძლება ასეთი ურთიერთობა ადამიანთან, არც მეგობრობაში, არც მეზობლობაში და არც სამსახურში. გულის მოოხების გარდა რა შედეგს იძლევა ეს?

ბავშვებისთანა შემფასებელი არავინაა, ისინი მაშინვე გრძნობენ, როგორ უყურებ, რა თვალით. ამიტომ, სულ მათზე ვფიქრობ. მეც მაქვს ხოლმე ჩემი დარდები, მაგრამ როცა სკოლაში შევალ, ჩემი პრობლემები აღარ მახსოვს. ბავშვებზე ვარ გადართული.

  • როცა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე დაიწყო საუბარი, მაშინ ითქვა, რომ ხანდაზმული პედაგოგები უნდა წასულიყვნენ სკოლიდან, რადგან ვერ უღებდნენ სიახლეებს ალღოს, უჭირდათ ტექნოლოგიების ათვისება, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

რა ვიცი, დღემდე ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვებს საგანი შევაყვარო, სწორად შევასწავლო, გავაგებინო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ გამოვიყენო ახალი მეთოდებიც. მთავარია, ბავშვებთან მიმაქვს ცოდნა და ვუგებთ ერთმანეთს.

როცა პირველად მუშაობა დავიწყე, ისეთი კლასი მომცეს, „აუღებელს“ რომ ეძახიან, არავის უნდოდა იქ შესვლა. ერთი ბიჭი იყო და გენერალივით იმას მიჰყავდა მთელი კლასი. ცუდად სწავლობდა, უხეშად იქცეოდა და სისხლი გაუშრო მასწავლებლებს.

პირველ გაკვეთილზე სიჩუმე იყო, მაკვირდებოდნენ. გაკვეთილის შემდეგ დავიბარე და ვუთხარი,- ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და კლასის ორგანიზატორად აგირჩევთ-მეთქი. გაკვირვებულმა მითხრა: „მეე? ვერ ამირჩევენ მასწავლებელო, 7 ორიანი მყავს“.

კლასის კრება მოვიწვიე და ისე ტაქტიკურად მივუდექი ამ ბავშვებს, რომ მართლა აირჩიეს ორგანიზატორად. მასწავლებლებსაც ვთხოვე სხვანაირად მოჰქცეოდნენ, წაეხალისებინათ და ამ მიდგომამ გაამართლა.

იმ დღის შემდეგ, ძალიან შეიცვალა იმ ბავშვის ცხოვრება, კლასშიც სიმშვიდე იყო და სწავლის დონეც აამაღლა.

  • რატომ, როგორ ფიქრობთ?

იმის თქმა მინდა, რომ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და გამოასწორო თუ საჭიროა, ჭაობში კი არ უნდა ჩაფლა. უნდა ამოყვანაა მთავარი თორემ ჩაფლას რა უნდა.

  • სკოლა არ ასწავლის მხოლოდ კონკრეტულ საგანს, არამედ ღირებულებებსაც. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ძველი თაობის პედაგოგები საბჭოთა ეპოქაში ჩარჩნენ. თქვენ როგორ უპასუხებთ ამ ტიპის კრიტიკას?

ვფიქრობ, რომ ენერგიულად და ხალისითაც ავუწყე ყველა სიახლეს ფეხი. ჯიპრაიდის პროექტში რომ ჩავერთე, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის იყო, ძალიან ბევრი მომცა პროფესიული განვითარების მხრივ.

ვფიქრობ, ყველა სიახლის სიკეთეები უნდა გავიაზროთ და გამოვიყენოთ. ვფიქრობ, მე ეს არ გამჭირვებია.

ამ სკოლაში ასწავლიდნენ ჩემი მშობლები, აქ ვსწავლობდი და ახლა ვასწავლი ამდენი წელია, წარმოიდგინეთ რამდენი რამ მაკავშირებს აქაურობასთან და ვერ ველევი. ყოველ წელს ვამბობ, – „წელს დავამთავრებ“ და მომდევნო წელს ისევ მოვდივარ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: