მთავარი,სიახლეები

პრორუსულმა ძალებმა ხერსონის მნიშვნელოვანი ოპერატიული პუნქტი დატოვეს – ISW

13.09.2022 • 7737
პრორუსულმა ძალებმა ხერსონის მნიშვნელოვანი ოპერატიული პუნქტი დატოვეს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პრორუსულმა ძალებმა დატოვეს კისელევკა – ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი ხერსონის ოლქში.

„რუსეთის პოზიციების სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კისელევკაში, ხერსონიდან 15 კილომეტრში, რუსული საბრძოლო მანქანები მოწინავე პოზიციებიდან გაიყვანეს, რაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა კისელევკა დატოვეს და მდინარე დნეპრისკენ დაიხიეს უკან,“ – წერს ISW.

როგორც ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ, კისელევკა რუსეთის ჯარებისთვის ოპერატიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ის უკანასკნელი მსხვილი დასახლებული პუნქტია უკრაინელთა ახლანდელ პოზიციებსა და ხერსონის ოლქის ბოლო დასახლება ჩერნობაევკას შორის.

„ამ პოზიციებიდან რუსეთის ძალების გაყვანამ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს რუსების შესაძლებლობა, დაიცვან ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნები,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის სამხრეთში მყოფი რუსული არმიის მორალურ განწყობასა და საბრძოლო პოტენციალზე.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ძალები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში და მუდმივად ასუსტებენ ამ რეგიონში მყოფი რუსული ჯარების მორალურ განწყობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს;
  • საერთო მორალური მდგომარეობის გაუარესებისა და ბოლოდროინდელი დანაკარგების გამო, რუსეთის მეთაურობამ შესაძლოა, უკრაინაში ახლად ფორმირებული დანაყოფების გაგზავნა შეაჩეროს;
  • რუსეთის ჯარები ვერ ახერხებენ ფრონტის ახალი ხაზის გამაგრებას მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს; რუსები აქტიურად ტოვებენ რაიონს ან სხვა მიმართულებებზე გადადიან;
  • ხერსონის ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და პოზიციებზე;
  • უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევა უდიდეს ზიანს აყენებს რუსეთის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს და აიძულებს რუსებს, დატოვონ არამხოლოდ ფრონტისპირა, არამედ ფრონტის ხაზიდან დაშორებული ოკუპირებული ტერიტორიები.

ქვეყნის სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევის შესახებ 29 აგვისტოს გახდა ცნობილი. გუშინ უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში, ბოლო ორ კვირაში, რამდენიმე ათეული კილომეტრით წაიწიეს წინ და საერთო ჯამში 500 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: