მთავარი,სიახლეები

სამუშაოზე მსუბუქ უბედურ შემთხვევებს შრომის ინსპექცია აღარ მოიკვლევს – ახალი წესი

11.09.2022 • 1711
სამუშაოზე მსუბუქ უბედურ შემთხვევებს შრომის ინსპექცია აღარ მოიკვლევს – ახალი წესი

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან, აღარ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევას და ანგარიშგებას, თუ ის წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას.

ამასთან, ინსპექცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოკვლევას, თუ „გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით“. ანუ, ახალი წესის მიხედვით, მსუბუქი უბედური შემთხვევა არ ექვემდებარება მოკვლევას [აღრიცხვას, ანგარიშგებას] თუ „არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს“.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მსუბუქ უბედურ შემთხვევად ითვლება – „დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე, ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესში“, 2022 წლის 9 სექტემბერს შევიდა და ამავე დღეს ამოქმედდა.

ცვლილებამდე, შესაბამისი პუნქტი ასე იყო ჩამოყალიბებული:

„აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას არ ექვემდებარება შემთხვევები, რომლებიც არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით, რომლებიც მიიღეს დასაქმებულებმა მათ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, აგრეთვე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და არსებობს მათი დამადასტურებელი მტკიცებულება.“

ახალი ცვლილებით კი, ეს პუნქტი ასე ჩამოყალიბდა:

„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან არ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას, თუ:
ა) არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით;
ბ) გამოწვეულია დასაქმებულ(ებ)ის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო/პროცესში;
გ) გამოწვეულია პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე არ არსებობდა დამსაქმებლის ნებართვა;
დ) წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას (დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა) და არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს.“;

მინისტრის ახალი ცვლილებით:

  • ზემოთ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული „უბედური შემთხვევის დასადასტურებლად ზედამხედველი ორგანოს [შრომის ინსპექციის] მიმართ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს;
  • დამსაქმებელი ასევე ვალდებულია პრევენციული მიზნებისათვის, აღრიცხოს, მოიკვლიოს და შეაფასოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევები;
  • ხოლო, „თუ ზედამხედველ ორგანოს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით, განახორციელებს უბედური შემთხვევის მოკვლევას ამ წესის შესაბამისად.“.

ამ ცვლილებით, გაიზარდა ფატალური უბედური შემთხვევისას მოკვლევის ვადა. თუ უბედური შემთხვევის გარემოება და მიზეზები, შესაბამისი კომისიის მიერ მოკვლეული უნდა ყოფილიყო  კომისიის შექმნიდან 7 დღის ვადაში, ამჯერად ეს ვადა 20 დღემდე გაიზარდა.

ზედამხედველი ორგანო [შრომის ინსპექციის სამსახური], ამ დრომდე, ვალდებული იყო „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა მოეკვლია 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება კი შესაძლებელი იყო ერთხელ, იმავე ვადით“.

ახალი ცვლილების მიხედვით კი, შრომის ინსპექცია ვალდებულია „უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უბედური შემთხვევის მოკვლევისთვის საჭირო გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს უბედური შემთხვევის მოხდენის შედეგების დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ვადისა.“

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: