მთავარი,სიახლეები

მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

08.09.2022 • 3056
მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

ოლეგ ჰლადჩენკო ხარკოვიდანაა. ომის დაწყებამდე ის ხარკოვში, თავის ოჯახთან, შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ ომმა მისი ცხოვრებაც ისევე შეცვალა, როგორც სხვა უკრაინელების.

ოლეგი ახლა კიევში ცხოვრობს. ის ცნობილი სამხედრო ბლოგერის, ვალერი მარკუსის მიერ ჩამოყალიბებული 47-ე ბატალიონის წევრია.

„ბათუმელები“ ოლეგს კიევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

„47-ე ბატალიონს თვე-ნახევრის წინ შემოვუერთდი. მანამდე ვიყავი IT, ვმუშაობდი უკრაინულ სტარტაპზე. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, 2014 წლიდან ვიყავი მოხალისე, დონაციას ვაკეთებდი და ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.

როდესაც ეს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩემი როლი შემცირდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ფინანსური სახსრები მომეძიებინა. რაღაც მომენტში დავფიქრდი – სად და როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ყველაზე სასარგებლო.

მყავდა მეგობარი, რომელიც 47-ე ბატალიონს ადრე შემოუერთდა. დავურეკე მას და ვკითხე – ხომ არ გჭირდებათ IT ჩემი უნარებით? მე შემიძლია დახმარება საორგანიზაციო საკითხებში, პროგრამირების კუთხით ან ყველაფერში, რაც დაგჭირდებათ.

მათ მითხრეს, რომ სასარგებლო ვიქნებოდი. და აი, მე აქ ვარ.

მარკუსის ფონდში ვაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა. ვმუშაობ კომუნიკაციების მიმართულებით. ვიღებ ამანათებს, ვახარისხებ და კოორდინაციას ვუწევ მომსვლელებს. ასევე ვმუშაობ დოკუმენტაციაზე. თავიდან ვერ წარმომედგინა, რამდენი დოკუმენტი სჭირდებოდა არმიაში ჩაწერას.

ჩემს წინა [სამოქალაქო] ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ცოტა დოკუმენტი მჭირდებოდა იმასთან შედარებით, რაც აქ თვე-ნახევრის განმავლობაში დამჭირდა.

ვეხმარები ახალმოსულებს – როგორ უნდა ჩაეწერონ არმიაში, როგორ შეავსონ აპლიკაცია ან შეიტანონ შესწორება.

  • რა შეცვალა ომმა თქვენს ცხოვრებაში?

მაიძულა ჩემი მშობლიური ქალაქი დამეტოვებინა, რადგან მე ხარკოვიდან ვარ. 24 თებერვალს მოვიდა დრო, როდესაც მე უნდა დამეტოვებინა ჩემი ქალაქი. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რამდენად შორს შეეძლოთ რუსებს წასვლა. არ მქონდა სამხედრო გამოცდილება, არ მქონდა იარაღი. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ იქნებოდა უფრო უსაფრთხო და უფრო ჭკვიანური, დაგვეტოვებინა ომის ზონა და მიგვეცა არეალი ჩვენი არმიისთვის გაეკეთებინათ საქმე.

მე და ჩემმა შეყვარებულმა მოვკიდეთ ხელი ჩვენს ძაღლს და წავედით დასავლეთ უკრაინაში. დავტოვე ჩემი სახლი, ასევე დავტოვე ჩემი მშობლები, მივეცი ინსტრუქცია რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს. საბედნიეროდ ახლა მშობლებს უკვე დატოვებული აქვთ საომარი ზონა.

  • მეგობრები ან ახლობლები თუ გყავთ რუსეთში და თუ გაქვთ მათთან კონტაქტი?

მე მყავს ერთი ახლობელი რუსეთში, მურმანსკში. 2012 წელს იქ ვიყავი კიდევაც.

ასევე მყავს, არ ვიცი, შეიძლება ისევ მეგობრები ვუწოდო თუ არა ახლა მათ, რამდენიმე ბიჭია რუსეთიდან, რომლებსაც ვიცნობ სხვადასხვა ახალგაზრდული ევროპული ორგანიზაციიდან. რამდენიმემ ადრე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი, გააპროტესტეს. მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მე გავწყვიტე ყველა კავშირი მათთან და არ მინდა საუბარი რომელიმესთან.

  • რომელიმემ სცადა დაკავშირება?

ზოგიერთი პოსტის ქვეშ, რომლებსაც ფეისბუქზე ვწერდი და ვამბობდი, რომ რუსები ცუდები არიან, ბიჭები და გოგოები მიწერდნენ, რომ „კარგი, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია, საპროტესტო აქციაზე თუ გავალ ციხეში ჩამსვამენ“… ჩემი პასუხი იყო, რომ ჩვენ, 2013-2014 წლებში გავდიოდით საპროტესტო აქციებზე, სადაც დაჭერა და ციხეში წასვლა გვემუქრებოდა… ახლა კი ჩემი მეგობრები შეიძლება მოკლან. საფრთხის სრულიად განსხვავებული დონეებია – უბრალოდ ციხეში მოხვდები, თუ მოგკლავენ რუსული იარაღით.

  • ამ ომში თქვენი პირადი დანაკარგი რა არის?

ამ დრომდე, ვფიქრობ, თუ შეიძლება რამით ბედნიერი ვიყო, ბედნიერი ვარ, რადგან არავინ, ჩემი ახლობლებიდან ან ახლო მეგობრებიდან არ დაღუპულა ამ ომში ან დაჭრილა.

თუმცა ხარკოვში მყავდა ნაცნობი, რომელიც ომის პირველ დღეებში მოხალისედ მუშაობდა – საჭმელს, მედიკამენტებს და მარაგებს აწვდიდა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეეძლოთ ხარკოვის დატოვება. ეს იყო ომის პირველი დღეები, როდესაც მოხალისეთა უმრავლესობა ჩაფხუტის, დამცავი ჟილეტისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის გარეშე იყო. ის რუსული არმიის დაბომბვამ იმსხვერპლა.

  • უკრაინაში ქართული ლეგიონი იბრძვის. რა იციან უკრაინელებმა მათ შესახებ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს მხარდაჭერა? 

მარტივად რომ ვთქვათ, არც ისე ძალიან შორს ვარ ქართული რეალობისგან, რადგან ჩემი ერთ-ერთი კოლეგა თბილისიდანაა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის 24 თებერვლამდეც.

ვიცოდი თქვენი მთავრობის შესახებაც, რომელიც, როგორც ჩემი ქართველი კოლეგა ამბობს – „კორუმპირებულია რუსული ფულით“.

მე და ჩემი მეგობრები მართლა ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. იმ ხალხის, რომლებიც გამოვიდნენ თბილისში ამ ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. მათ მხარდაჭერას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ამ ომში რუსების წინააღმდეგ. სავარაუდოდ ისინი ხედავენ ამას როგორც ერთ-ერთ გზას ებრძოლონ რუსებს საქართველოშიც.

  • ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა. ვხედავთ, რომ 47-ე ბატალიონშიც ბევრი სამოქალაქო პირი მოდის არმიაში წასვლის სურვილით. რა არის თქვენი რეაქცია, როდესაც ხედავთ, რომ ამდენ ადამიანს სურს უკრაინის დაცვა?

პირველ რიგში ეს არის შთაგონება… ნახევარი წელია ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომში ვართ ჩართული.

უამრავი ადამიანია უკვე არმიაში წასული. უამრავი ადამიანია, რომელიც მუშაობს, როგორც მოხალისე. თავიდან არ მოველოდი, რომ ამ რთულ დროს ამდენი მოხალისე გამოთქვამდა სურვილს და ეცდებოდა ჩვენს პოლკში გაწევრიანებას.

დიახ, ამან მართლა შთამაგონა, მომცა იმედი და კიდევ უფრო შემაყვარა ჩვენი ხალხი.

რაც შეეხება მოტივაციას, უნდა ვთქვათ, რომ რაც მეტი დრო გადის, სამწუხაროდ მეტი ადამიანი იღუპება. თითქმის არავინ დარჩა, ვისაც ეს ომი რაღაცით არ შეეხო – ვისაც არ ჰყავს ირგვლივ დაშავებული ან დაღუპული ახლობელი ან ნაცნობი; და დიახ, ვფიქრობ ეს აძლევს ხალხს მოტივაციას. ასევე, ბევრი ვინც მოხალისეობრივად და ბევრს დაეხმარა, მაინც კვლავ ფიქრობს, კიდევ რით შეუძლია დახმარება. ისინი ცდილობენ იპოვონ გზები, რომლითაც მეტის გაკეთებას შეძლებენ. ისინი ხედავენ ჩვენს პოლკს, როგორც ადგილს, სადაც მეტის გაკეთებას შეძლებენ.

  • შიშის გრძნობა თუ გაქვთ?

ვფიქრობ, ყველა ადამიანი გრძნობს შიშს გულის სიღრმეში, მაგრამ ეს გვაჩვენებს იმასაც, როგორ შეუძლია ადამიანს ებრძოლოს თავის შიშებს. მარტო სულელი არ გრძნობს ალბათ შიშს. მე ვცდილობ დავძლიო ჩემი შიში და ვიყო იმდენად სასარგებლო, რამდენადაც შემიძლია.

  • ბევრი ექსპერტი დასავლეთში ფიქრობს, რომ ზამთარში უკრაინელები იქნებიან დაღლილი და ამით ისარგებლებს რუსეთი. თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად არის მზად უკრაინელი ხალხი ზამთრისათვის?

კი, ეს ზამთარი შეიძლება იყოს რთული უკრაინისთვის, რადგან რიგ ქალაქებში ინფრასტრუქტურა მოშლილია და კიდევ მეტში მოიშლება, რადგან, სამწუხაროდ, რუსებს ჯერ კიდევ ბევრი რაკეტა აქვთ.

მაგრამ, მე უკრაინის საუკეთესო ადამიანებისგან ვხედავ, რომ ჩვენ არ დავნებდებით და გადავრჩებით. ასევე ვფიქრობ მათზე, ვინც მოხალისეობრივად გვიერთდება და გადის წვრთნას. დიახ, ეს იქნება რთული, მაგრამ მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

რაც შეეხება სამოქალაქოებს, მაგალითად მე ვესაუბრე ჩემ შეყვარებულს და შევთანხმდით, რომ თუ რაღაც მიზეზების გამო არ იქნება გათბობა სახლში, მას გავგზავნი სადმე ევროპაში, რომელიმე ჩემს მეგობართან. ვფიქრობ, სამოქალაქო პირების ნაწილი ამ გზას აირჩევს – ვგულისხმობ ქალებს და ბავშვებს. ისინი წავლენ უფრო თბილ ადგილას.

რასაც ამ დრომდე ვხედავ ჩვენ ხალხში, მათ მოქმედებაში, ასევე იმ ბიჭების სიმტკიცეში, რომლებიც ჩვენს პოლკს უერთდებიან, არის ის, რომ კი, ეს იქნება პრობლემური, მაგრამ ჩვენ გადავრჩებით – ამ პრობლემასაც გადავლახავთ, როგორც ყველა სხვა პრობლემა გადავლახეთ აქამდე.

  • გამარჯვების გარდა კიდევ რა სურვილი გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ ომის დასასრული?

მე და ჩემმა შეყვარებულმა ვისაუბრეთ ამის შესახებ. როცა ომი დამთავრდება, გვინდა ტურნე მოვაწყოთ იმ ქვეყნებში, რომლებიც ომის დროს ყველაზე მეტად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ ვეწვევით პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ასე გვიჭერდნენ მხარს. ასევე ყველა ქვეყანას, რომელიც დგას ჩვენს გვერდით და გვეხმარება, რომ გადავრჩეთ. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მადლობა, წავიღოთ ჩვენი ფული და დავხარჯოთ მათ ქვეყნებში.

  • სოციალურ მედიაში ვნახეთ, რომ ხარკოვსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლები ბრაზობენ კიევსა და დასავლეთ უკრაინაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ჩემი ზოგი მეგობარი აკრიტიკებს ამ სიტუაციას. ხარკოვი ყოველდღე იბომბება, იქ ყოველდღე ვიღაც კვდება, არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს. სამოქალაქო პირები იღუპებიან. სკოლები და სახლები დანგრეულია. ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც დარჩნენ ხარკოვში, მათ ესმით, რომ ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქში ცხოვრობენ…

ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ახლა არ არის იდეალური დრო გართობის, ფართებზე სიარულის თუ სხვა მსგავსი რამისთვის. ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ მათ, ვინც ხარკოვში რჩება, უნდა გაიგონ და მიიღონ, რომ ცხოვრობენ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ქალაქებში. თუ ვერ ეგუებიან ამას, ეცადონ სხვა ადგილი იპოვონ. მე შერეული მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ ვარ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყველამ უნდა იტიროს, იყოს დეპრესიასა და სტრესში იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება – დიდი ომი და ა.შ.

რადგან არამხოლოდ ხარკოვში მყოფებისთვის, არამედ ყველასთვის, ნებისმიერ ქალაქში ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი დღე – რუსები ისვრიან რაკეტებს და შესაძლოა შენი სახლი აღმოჩნდეს შემდეგი, რომელიც განადგურდება. ძალიან დიდი შიშია იმის განცდა, რომ შეიძლება მოკვდე შენს სახლში, შენს საწოლში, ღამით.

მაგრამ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ცხოვრობენ შედარებით უსაფრთხო უკრაინულ ქალაქებში, უნდა გაიაზრონ, რომ მებრძოლებისთვის და იმ სამოქალაქო პირებისთვის, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე ცხოვრობს, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია იმ გიჟური ფართების ყურება, რომელიც ხანდახან სხვა ქალაქებში ეწყობა. რა თქმა უნდა, ახლა არ არის დრო ტირილისა და დეპრესიის, მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო, როგორ გაატარებ შენს თავისუფალ დროს.

სანამ არმიას შემოვუერთდებოდი, მე და ჩემი შეყვარებული ხანდახან მთაში დავდიოდით. ეს, ჩემი აზრით, ასე თუ ისე ნორმალურია, მაგრამ ბევრი ალკოჰოლის მიღება და გართობა ომის დროს, მთლად მისაღები არ მგონია.

  • რუსებსა და უკრაინელებს აქვთ ენობრივი და ნათესაური კავშირი. ეს ომი რას შეცვლის მათ ურთიერთობაში?

მე არ ვარ ამ კითხვის სწორი ადრესატი, რადგან ჩემი ერთადერთი ნათესავი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში, მოკვდა რამდენიმე წლის წინ და მე არ მჭირდება გზის პოვნა, თუ როგორ ველაპარაკო ნათესავებს რუსეთში.

მაგრამ ჩემს ბევრ მეგობარს ჰყავს ნათესავები რუსეთში. ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ მათი ნათესავების უმრავლესობას აბსოლუტურად არ ესმის, ტოტალურად სჯერა რუსული პროპაგანდის – ისინი ეუბნებიან ჩემს მეგობრებს: „ეს კარგია. თქვენ მალე იქნებით გათავისუფლებულები. ჩვენ ავიღებთ ხარკოვს მალე და ვიცხოვრებთ ერთ დიდ ქვეყანაში, როგორც ადრე. არ მოუსმინოთ იმ სისულელეს, თითქოს რუსები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს“.

ჩემ ზოგიერთ მეგობარს ჰყავს ნორმალური რუსი ნათესავი და ისინი ამბობენ – ჩვენ გვესმის ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, როგორ გთხოვოთ პატიება. უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. არის ასეთი მაგალითებიც, მაგრამ ძალიან მცირე.

რაც შეეხება რუსულ ენას, ისტორიას და ნათესავებს, დიდი ისტორია აქვს უკრაინის გათავისუფლებას რუსეთისგან.

მე ვისწავლე ისტორია და შემიძლია საათობით ვისაუბრო ყველა იმ ისტორიულ მოვლენაზე, თუ როგორ მოექცა რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი უკრაინას. წაშალეს ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა და ჩვენი ენა. გამოიყენეს ჩვენი ხალხი თავიანთი იმპერიის ასაშენებლად, შიმშილით დახოცეს უკრაინელები ჰოლოდომორის დროს და ა.შ. ასიათასობით უკრაინელი მოკვდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბევრი შემიძლია ვილაპარაკო.

მესმის, რომ შეუძლებელია ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთის ნაცვლად ოცნების ოკეანე გვქონდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რუსეთის ფედერაცია დაინგრევა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და მის ნაცვლად იქნება უფრო პატარა ნაწილები. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი და საუბარი, თუ როგორ ვიურთიერთებთ ჩვენს მეზობლებთან.

ახლა ჩემთვის კარგი რუსი არის – „ტვირთი 200“. რაც უფრო მეტი რუსი მოკვდება რაიმე მიზეზით, ეს უფრო გაადვილებს ამ ომის მოგებას ჩვენთვის. მაგრამ ვიცი, რომ არსებობენ სასარგებლო, ან ნორმალური რუსებიც, რომლებიც არ უჭერენ მხარს ომს და ცდილობენ ჩვენს დახმარებას. მესმის და პატივს ვცემ მათ.

მაგრამ ახლა ჩვენთვის კარგი რუსები, არიან მკვდარი რუსები.

  • უკრაინელებს აქვთ სიძულვილი რუსების მიმართ? არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.

ეს ძალიან რთული კითხვაა.

24 თებერვლამდე ჩემი სიძულვილი უფრო მეტად ეხებოდა რუს ჯარისკაცებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი – ბრძოლის ველზე თუ სხვაგან, რადგან ჩემთვის ეს იყო დროის საკითხი, თუ როდის მოვიდოდნენ დიდი ომით ჩვენთან. რაც უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდებოდა სადმე, მით ნაკლები მოვიდოდა აქ, უკრაინაში. მარტივი ლოგიკაა.

რაც შეეხება ჩვეულებრივ რუს მოქალაქეებს… ახლა, მას შემდეგ, რაც ამდენი უკრაინელი სამოქალაქო პირი მოკვდა ამ ომში, მოკვდა მარიუპოლში, ყველა ამ პატარა ჩრდილო დაბებში – ბუჩაში, ირპენში და ა.შ. ახლა, როდესაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მოკვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ უკრაინელები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ უნდოდათ უკრაინა ყოფილიყო რუსეთის ნაწილი…

ახლა მე მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, რასაც გრძნობს ადამიანი, როდესაც რაკეტა მის სახლს ეცემა, როცა მის მეგობარს, მის ნათესავს კლავენ, რათა გაიგონ რა არის ეს და რატომ ვთხოვდით მათ, რომ გასულიყვნენ გასაპროტესტებლად და შეეჩერებინათ ეს.

ისინი რომ ნორმალური ადამიანები ყოფილიყვნენ, გავიდოდნენ და არ დაუშვებდნენ ათასობით ადამიანის მკვლელობას. არც კი ვიცი, ზოგი ინფორმაციით მარიუპოლში 90 ათასამდე ადამიანია მოკლული. შეიძლება იყოს ასობით ათასი მოკლული სამოქალაქო პირი უკრაინაში. რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი მოკვდა იმიტომ, რომ იცავდნენ ჩვენს მიწას. ასე რომ, მე მათ უბრალოდ ვუსურვებ იგრძნონ მთელი ეს ტკივილი და ბრაზი.

  • რა იქნება ომის შემდეგ?     

ვფიქრობ ამას [ბრაზს და სიძულვილს] გადავლახავთ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ტოვებენ ომს, მაგრამ ომი არ ტოვებს მათ. არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, რომლებმაც დაკარგეს მეგობრები, ომის მეგობრები და ა.შ. მათთვის ეს მართლა ძალიან რთული იქნება და არ ვიცი მათ შესახებ რა გიპასუხოთ. ამ მომენტში, მე, [როგორც ვახსენე არ დამიკარგავს უახლოესი მეგობრები და ნათესავები], ვფიქრობ შევძლებ ყველაფრის გადახარშვას, თუმცა მაინც ვუსურვებ მათ [რუსებს] ამ ტკივილის განცდას. ყველა ომი უნდა დასრულდეს. ახლა, ამ მომენტში არ ვგრძნობ რუსი სამოქალაქოების მოკვლის სურვილს, მაგრამ მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს ომის დასრულების დროისთვის.

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: