მთავარი,სიახლეები

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები თუ ტყვედ ჩავარდებიან, თავს აიფეთქებენ – პონომარევი

31.08.2022 • 13632
უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები თუ ტყვედ ჩავარდებიან, თავს აიფეთქებენ – პონომარევი

უკრაინის 24-ე არხის ცნობით, რუსებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, თან ხელყუმბარები დააქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ტყვედ ჩავარდებიან.

„როგორც კი ტყვედ აიყვანენ, ხელყუმბარა აფეთქდება,“ – უთხრა ტელეკომპანიას რუსმა ოპოზიციონერმა ილია პონომარევმა, რადგან თუ რომელიმე მათგანს რუსი სამხედროები შეიპყრობენ, რუსეთში ტერორისტად გამოაცხადებენ და აუცილებლად წამების მსხვერპლი გახდება.

პონომარევი ტელეკომპანიას იმ ცენტრზეც უყვება, რომელიც რუსმა ოპოზიციონერებმა დღეს, 31 აგვისტოს, კიევში შექმნეს – „შეიარაღებული ბრძოლის ცენტრი“ პუტინის რეჟიმის დასამხობად.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2022 წლის ომის ზაფხულის ბოლო დღეს, პუტინის შემოდგომა დაიწყო. წამმზომი ჩართულია, მას ფრონტის ორივე მხრიდან შევუტევთ,“ – ამბობს პონომარევი, რომელიც ახალდაფუძნებულ მოძრობას ხელმძღვანელობს.

ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს ლეგიონმა „თავისუფლება რუსეთს“, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით:

ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძვის. მასში შედიან:

  • რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლამდე ცხოვრობდნენ;
  • რუსი სამხედროები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ;
  • სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ეთნიკური რუსები.

მოხალისეთა კორპუსი რუსი მოხალისეების დანაყოფებისგან შედგება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.

ნაციონალური რესპუბლიკური არმია – პარტიზანული ქსელია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ასევე წაიკითხეთ:

ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: