მთავარი,სიახლეები

„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

30.08.2022 • 1629
„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

„არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ… ალბათ, ისევ მაღაზიაში გადავალ და ვთხოვ, ავადმყოფი ქმრისთვის სუპი მაინც მომცენ,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე, რომელიც 22 წელია ბათუმში მეეზოვედ მუშაობს და ნაქირავებ, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც აბაზანაც კი არ არის. მაყვალა მჟავანაძის ქმარი წელიწად-ნახევარია მწოლიარე ავადმყოფია.

„ბათუმელები“ ამ ცოლ-ქმრის შესახებ 2021 წლის ივნისშიც წერდა. ამჯერად მაყვალა მჟავანაძემ გვითხრა, რომ ის აგენტებმა შეამოწმეს, თუმცა შემწეობა არ დაუნიშნეს ოჯახს, სადაც კაცი მწოლიარე ავადმყოფია, ხოლო სახლში აბაზანა საერთოდ არ აქვთ.

„შემწეობასაც არ გვაძლევენ, შეგვამოწმეს და მაღალი ქულა მოვიდა. ჩემი შემოსავალი მხოლოდ მეეზოვის ხელფასია – თვეში 484 ლარი და ჩემი ქმრის პენსია – 140 ლარი“, – ამბობს მაყვალა მჟავანაძე.

მაყვალა მჟავანაძის ქმარი მურმან ზოიძე შშმ პირია და 59 წლისაა. ისიც მეეზოვედ მუშაობდა, თუმცა ქუჩაში მოპედით მიმავალს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და მას შემდეგ არათუ მუშაობა, ფეხზე წამოდგომაც აღარ შეუძლია. ცოლ-ქმართან ცხოვრობს ასევე მათი შვილი – 34 წლის ავთო, რომელიც, მაყვალა მჟავანაძის თქმით, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს.

„ქირა თვეში 300 ლარია, მაგრამ ბოლო 3 თვე არ გადამიხდია, ბინის დაცლას მთხოვენ… მთავრობიდან დაგვეხმარნენ რაღაც თანხით, მაგრამ ნაწილი მურმანის ოპერაციას დასჭირდა, მთლიანად არ დაიფარა ოპერაციის თანხა… ოპერაციას შედეგი არ აქვს, ჩემს ქმარს გადაადგილება ისევ არ შეუძლია.

ახლა მურმანს მედიკამენტებისთვის თვეში მინიმუმ  200 ლარი სჭირდება, რით ვიყიდო? წამლებსაც ვერ ვყიდულობთ…. ჯანდაცვის სამინისტრო გვეხმარება, ისევ დაგვპირდნენ ოპერაციის დაფინანსებას. ქობულეთის მერიამ ჩაგვირიცხა ბოლოს 500 ლარი, ბათუმის მერიაში კი მითხრეს, რომ ქობულეთში ხართ რეგისტრირებული, ჩვენ ვერ დაგეხმარებითო, მე კიდევ 22 წელია ბათუმის ქუჩებს ვასუფთავებ,“ – გვითხრა მაყვალა მჟავანაძემ.

რატომ არ დაუნიშნეს შემწეობა მაყვალა მჟავანაძის ოჯახს? – სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში გვითხრეს, რომ პერსონალური მონაცემების გამო კონკრეტულად ვერ გვიპასუხებენ, თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურეს, რომ ამ ოჯახის შემოსავალი ამ დროისთვის ნამდვილად მეეზოვე ქალის ხელფასია – თვეში 484 ლარი და მწოლიარე ავადმყოფი კაცის პენსია – 140 ლარი.

___

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: