მთავარი,სიახლეები

დროა, გაიქცეთ ან ტყვედ ჩაბარდეთ – ზელენსკი რუს სამხედროებს

30.08.2022 • 1073
დროა, გაიქცეთ ან ტყვედ ჩაბარდეთ – ზელენსკი რუს სამხედროებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე ხელისუფლება არ ილაპარაკებს, რუს სამხედროებს კი მოუწოდებს, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.

„ვის აინტერესებს ჩვენი გეგმები? კონკრეტულ გეგმებზე ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერაფერს შეიტყობთ, რადგან ეს ომია – და ომში ასეა.

თუმცა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრებამდე გავყრით. ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და ოკუპანტებმა ძალიან კარგად იციან, სად გადის ის.

თუ სიცოცხლე უნდათ – დროა, გაიქცნენ. წადით სახლებში. თუ შინ, რუსეთში, დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ბარდებიან და ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჟენევის კონვენციის ყველა ვალდებულებას შევასრულებთ,“ – ამბობს ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტი რუს სამხედროებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი მის რჩევას არ გაითვალისწინებენ, საქმე უკრაინის დამცველებთან ექნებათ, ისინი კი „არ გაჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის“.

ზელენსკის თქმით, ომი ყირიმისა და დონბასის ოკუპაციით დაიწყო და მათი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

გუშინ, 29 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა მედიას დაუდასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანს ეყრდნობა, უკრაინის ძალებმა სამხრეთში, ხერსონთან ახლოს, ოთხი სოფელი გაათავისუფლეს – სოფლებია ნოვოდმიტრიევკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. ეს ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: