მთავარი,სიახლეები

28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

27.08.2022 • 14728
28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა.

ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა.

ცხედარი დღემდე არ უპოვიათ.

მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – მარიუპოლში უნდა დაბრუნებულიყო.

ოცნებები და გეგმები

საშას (ასე ეძახდნენ ოჯახში) დისთვის, ანასტასიასთვის, ყველაზე ბედნიერი იყო დღე, როდესაც მისი ახალდაბადებული ძმა სამშობიარო სახლიდან შინ მიიყვანეს. მას შემდეგ, ის და მისი 5 წლით უმცროსი ძმა განუყოფელნი გახდნენ.

ანასტასია უკვე შვიდი წელია კვიპროსზე ცხოვრობს, საერთაშორისო ორგანიზაციაში ოფის-მენეჯერად მუშაობს. ახლა მშობლებიც მასთან არიან.

დედა, ოლგა ამბობს, რომ სახლში, სადაც საშას ოთახია, გაჩერება აღარ შეეძლო. კიევში მაშინ დაბრუნდებიან, როდესაც შვილის ცხედარზე რამე გაირკვევა.

იხსენებს, რომ საშას კიევი უყვარდა, უყვარდა მზის ჩასვლისა და ამოსვლის ყურება ქალაქში. უყვარდა კაიაკინგი, სკეიდბორდი, უკრაინის ქალაქებში მოგზაურობა – იმის მიხედვით, სად იმართებოდა საფეხბურთო მატჩები – „დინამოს“ გულშემატკივრობდა.

ომის მერე რომელიმე პატარა ამერიკულ სოფელში წასვლაზე ოცნობობდა.

„დიდ სიამოვნებას იღებდა მოგზაურობით. ერთ ზურგჩანთას მოიკიდებდა და წავიდოდა. ხშირად დადიოდა მთაში და ევერესტის დაპყრობაზე ოცნებობდა. თუ ყველას დღის განრიგში მუზეუმის დათვალიერება ეწერა, საშას ეწერა – მთაზე ასვლა,“ – ჰყვება მისი მეგობარი გოგონა ოლგა.

და ყველაფერს იღებდა, ფოტოგრაფობაზეც ოცნებობდა და „აზოვზე“ წიგნის დაწერას აპირებდა. 6 წელი პოლკის პრესსამსახურში იმუშავა, უამრავი ფოტო, ვიდეო და მოგონება დაუგროვდა.

იმ დღეს, როდესაც ომი დაიწყო, დედასთან ერთად ძაღლს ასეირნებდა და სწორედ წიგნის იდეაზე უყვებოდა.

2014

ალბათ, წიგნის დაწერა რომ მოესწრო, იმაზეც დაწერდა, როგორ ვერ წავიდა 2014-ში დონბასში.

„კინაღამ ლიფტის წინ გავწექი, ვემუდარებოდი, არ წასულიყო, ძალიან მეშინოდა. იმ წელს, აღარ გველაპარაკებოდა. ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა. ვეკითხებოდი, რა ხდება, რა გჭირს-მეთქი და მპასუხობდა: „დედა, შეხედე, ბიჭები იქ იბრძვიან, მე კიდე ვზივარ აქ, მარწყვს ვჭამ და თავი საქონელი მგონია“.

ოლგა იხსენებს, რომ საშა მაშინ ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა დიდად არ აინტერესებდა. როგორც კი დაამთავრა, ეგრევე „აზოვში“ ჩაეწერა. 6 წელი იმსახურა მარიუპოლთან და ბოლომდე ვერ პატიობდა თავს, რომ 2014-ში დონბასში არ ყოფილა.

ალექსანდრ (საშა) გრიანიკი დედასთან ერთად/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

დამ ბევრჯერ სთხოვა, სამხედრო საქმე მიეტოვებინა. საშა მის თხოვნებზე არაფერს პასუხობდა, თუმცა 2022 წლის იანვარში საჩუქარი გაუგზავნა – განცხადება სამსახურიდან წამოსვლაზე.

სამოქალაქო ცხოვრებამ დიდხანს ვერ გასტანა. 24 თებერვალს არმიაში დაბრუნდა.

„დილა იყო, როცა ემზადებოდა,“ – იხსენებს დედა. – „თვალები უბრწყინავდა. ამბობდა, ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც შევძლებ საკუთარი თავის რეაბილიტაციას იმის გამო, რომ მაშინ არ წავედიო: „დედი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, უკრაინა ამის შემდეგ სხვანაირი გახდება. ალბათ, ეს ყველაფერი ამისთვისაა საჭირო.“ ასეთი განწყობით წავიდა – ამაღლებული, თავდაჯერებული განწყობით“.

მშობლებმა გაჩერებამდე გააცილეს.

„ქინდერსიურპრიზი“ 

ოჯახს დარჩა ვიდეო, კამერიდან, რომელიც საშას გაცილებისას თავზე ეკეთა. ვიდეოში „ყველაფერი კარგად იქნებას“ მღერის, ვაკარჩუკის სიმღერას.

ჯერ ბუჩას, ირპენსა და გოსტომელს იცავდა. შემდეგ მეგობრებთან ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა. ვერტმფრენით ჩაფრინდა. ოჯახისთვის არაფერი უთქვამს, არაფერი იცოდნენ, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ „აზოვსტალში“ იყო.

„თავიდან ვფიქრობდი, მადლობა ღმერთს, რომ მარიუპოლში არაა. მადლობა ღმერთს! დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც კიევთან იყო. რა თქმა უნდა, რეკავდა, როცა ახერხებდა, მიყვებოდა, რომ ხის ძირში იჯდა და კატას ეფერებოდა. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ უმართლებდა, რომ იღბლიანია და მეც მჯეროდა მისი,“ – ჰყვება დედა.

ოლგა იხსენებს, რომ 7 მაისს საშამ უკანასკნელად დაურეკა ოჯახს, ყველას სათითაოდ უთხრა, რომ უყვარდა – „თითქოს გვემშვიდობებოდა“.

მეორე დღეს საშა აღარ იყო.

„ათას რამეს გვეუბნებოდნენ – ცხედარი ჯერი იყო, მერე აღარ იყო, თითქოს ნახეს, თითქოს არ უნახავთ; გვეუბნებოდნენ, რომ დაიწვა და მხოლოდ ფერფლი დარჩა. ზოგი ამბობდა, რომ თავის ქალა დაინახა მის საწოლზე, სხვები ამბობდნენ, რომ შეიძლება მხოლოდ კბილებიღა დარჩა.“

ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს, რამე მაინც გაიგოს, მაგრამ ამაოდ.

იმედოვნებენ, რომ სხეულს იპოვიან, გაცვლიან, დაუბრუნებენ. ყველაზე საშინელი – გაურკვევლობაა.

ოლგას და ანასტასიას ფსიქოლოგმა ურჩია, საშას გამომშვიდობებოდნენ და ეს დამშვიდობების დღე მიეჩნიათ მისი დაღუპვის დღედ. იმ სახლში წავიდნენ კვიპროსზე, რომელიც ერთ დროს საშამ და ანასტასიამ ერთად იქირავეს და კვიპაროსის ძირში „ქინდერსიურპრიზი“ ჩამარხეს – საშას უყვარდა ასეთი სათამაშოები ბავშვობაში.

პირადი ევერესტი

ძმის ხსოვნის პატივსაცემად ანასტასიას უნდა, რომ მისი ნამუშევრების ფოტოგამოფენა მოაწყოს, უკრაინაში.

საშას მამა სერგეი გრიანიკი 3 აგვისტოს იმ მარშრუტზე ავიდა, რომელზეც გასულ ნოემბერში საშა იყო და იქ ხეებზე შვილის ფოტოები მიაკრა, რომ „გრიანს“ მთაში მზის ამოსვლის ნახვა შეეძლოს.

მეგობარი გოგო, ოლგა ამბობს, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად, ცდილობს მაგალითი მისგან აიღოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე მოიქცეს, როგორც საშა იქცეოდა.

„დამშვიდდი,“ – მისწერა საშამ, როდესაც ოლგამ მისი „აზოვსტალში“ ყოფნის შესახებ შეიტყო და ძალიან აღელდა – „ახლაც ისეა, როგორც მაშინ, როცა მაიდანზე ვიყავით და დანამდვილებით ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი. მარიუპოლშიც ვიცი, რომ ამაზე სწორი საქციელი უბრალოდ ვერ იარსებებდა.“

ოლგა ამბობს, რომ საშას აზოვსტალიდან წამოსვლა, ევაკუაცია, შეეძლო – დაჭრილი იყო, თუმცა თურმე უარი უთქვამს.

ეს მისი პირადი ევერესტი იყო.

წყარო: Hromadske.ua, სპეცპროექტი „ფოლადის მკლავებში“, რომელიც „აზოვსტალის“ 34 ისტორიას აერთიანებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: