მთავარი,სიახლეები

„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“ – სოფო ხალვაში გავრცელებულ სქრინებზე

24.08.2022 • 2323
„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“ – სოფო ხალვაში გავრცელებულ სქრინებზე

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული“ საზოგადოებისაგან.

გუშინ, 23 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამართვაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ქაშიბაძემ ამის დამადასტურებლად მისი და სოფო ხალვაშის მიმოწერა გამოაქვეყნა.

სოფო ხალვაშმა დღეს, 24 აგვისტოს, თავადაც გამოაქვეყნა იგივე მიმოწერა და დაწერა, რომ ნიკა ქაშიბაძის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.

„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.

ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ,“ – წერს სოფო ხალვაში ფეისბუქზე.

მიმოწერის სქრინები, რომლებიც ნიკა ქაშიბაძემ და სოფო ხალვაშმა გამოაქვეყნეს, იდენტურია.

მიმოწერაში ჩანს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორი ნიკა ქაშიბაძე სოფო ხალვაშს უგზავნის  ვიდეოებს, რომლებიც სურთ, რომ დაგეგმილი ღონისძიების დროს ეკრანზე გაუშვან.

„ნიკა, აქ საუბარია დიდ სცენაზე და კონცერტზე, რაც დამოუკიდებლობის დღისთვის კეთდება. აქ შესაძლებელია რამდენიმე ვიდეომიმართვაა, მაგრამ არა სულ ვიდეოზე აწყობილი და მხოლოდ საუბარი. ამ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი სჭირდებათ, მაშინ რა საჭიროა სცენა და კონცერტი. თუ კონცერტს ვაკეთებთ, მაშინ გავაკეთოთ კონცერტი, სხვა შემთხვევაში არ გამოდის,“ – წერს სოფო ხალვაში ნიკა ქაშიბაძეს.

სოფო ხალვაში ფეისბუქზე წერს, რომ არ აუკრძალავს ღონისძიების ორგანიზატორებისთვის სიტყვა „ომის“ გამოყენება.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8 აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა. ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა,  რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეომიმართვას, რაზეც ასევე შევთანხმდით.

მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა, რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეომიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი, რა თქმა უნდა, ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!

შევთანხმდით ასევე ტექსტზე, რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ“, – წერს სოფო ხალვაში.

მიმართვა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებს სურდათ წაეკითხათ და რომელზეც  სოფო ხალვაში წერს, რომ ამ მიმართვის ტექსტს დაეთანხმა

ბათუმის მერის მოადგილე წერს, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინელებს.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცერტის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტუმრო „მერიდიანში“ გამართული, უკრაინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და „სიტყვის თავისუფლება“ „ყველაფრის უფლებად“ არის აღქმული,“ – წერს სოფო ხალვაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის მოადგილემ ფეისბუქზე საკმაოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, ამ მიმოწერაში არსად არაა განმარტებული, რატომ არ შეეძლოთ ღონისძიების ორგანიზატორებს კონცერტის პარალელურად ეკრანზე გაეშვათ ვიდეომიმართვები.

ასევე, ბათუმის მერის მოადგილეს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ ცდილობდა ღონისძიების შინაარსში ჩარევას.

ამავე თემაზე:

„ომი არ ახსენო“ – დაპირისპირება ბათუმში ამჯერად უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: