მთავარი,სიახლეები

ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

22.08.2022 • 2212
ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

ბათუმის დელფინარიუმმა ბოლო ტენდერი დელფინებისთვის ანტიოქსიდანტური ვიტამინის შეძენაზე 18 აგვისტოს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19.200 ლარია. ამ ტენდერით დელფინებისთვის ვიტამინებს ყიდულობენ.

სულ ახლახან კი, ბათუმის დელფინარიუმის სამ ბინადარ დელფინს კუჭის ეროზია და წყლულები აღმოაჩნდა, რამაც უკვე გამოიწვია მათი ორგანიზმების დასუსტება. ამან შეიძლება შემდგომი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა სპექტრები გააუარესოს. ამის შესახებ იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც 18 აგვისტოს, დელფინარიუმის ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს მისწერა, დელფინების კუჭის წყლულისთვის სამკურნალო სამი მედიკამენტის [ნექსიუმი 40მგ – 10 კოლოფი; ჰელისტოპი 120 მგ – 1 კოლოფი; 3. პილობალანსი N20 – 3 კოლოფი] შესყიდვის თხოვნით.

„აღნიშნული დაავადებების გამო, ჩვენი ორგანიზაციის სამ ბინადარს დაერღვა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, რაც გამოიწვევს ორგანიზაციის ბინადართა შემდგომ დასუსტებასა და მათი ჯანმრთელობის გაუარესებას“, – ვკითხულობთ დელფინარიუმის ვეტექიმის მოხსენებით ბარათში, რომელიც დელფინარიუმის ადმინისტრაციას 16 აგვისტოს მიწერა. „აუცილებელია ორგანიზაციის ბინადართა მკურნალობა დაიწყოს დაუყოვნებლივ“.

რამ გამოიწვია დელფინარიუმის სამ ბინადარს შორის კუჭის წყლულების გაჩენა მოხსენებით ბარათში დაზუსტებული არ არის. სხვადასხვა კვლევისა და წყლის ცხოველთა მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის [IAAAM] ცნობით, ველური და დაჭერილი დელფინები ავადდებიან რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, დერმატოლოგიური და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებით, მათ შორის კუჭის წყლულით, რომლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ჰელიკობაქტერია, პარაზიტული ინფექციები, დიეტური ჰისტამინის მაღალი შემცველობა, უცხო სხეულის გადაყლაპვა, ისე სტრესი.

„იყო შემთხვევები, როდესაც კუჭის წყლული, ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე გაჩნდა ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჩვეულებრივი ბოთლისცხვირა დელფინები და ამ შემთხვევების მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი“, – წერია წყლის ცხოველთა მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის კვლევაში, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა (ნაკვლევია uShkas აკვარიუმის დელფინები). – „კუჭის წყლული შეიძლება პოტენციურად იყოს გამოყენებული, როგორც სოციალური სტრესის ინდიკატორი დატყვევებულ დელფინებში“.

ამავე კვლევის თანახმად, გამომწყვდეულ ბოთლისცხვირა დელფინებში კუჭის წყლულსა და ეროზიებზე პასუხისმგებელ მრავალ ფაქტორს შორის, „წყლულის დასაწყისის სტიმულატორი აღმოჩნდა ჰისტამინი, რომელიც გვხვდება არასათანადოდ შენახულ საკვებ თევზებში“.

კიდევ ერთი მედიკამენტი, რასაც დელფინარიუმის ბინადრებისთვის პერიოდულად ყიდულობენ, კონტრაცეპტიული მედიკამენტია [კონტრსექს-ნეოა]. სატენდერო დოკუმენტაციაზე დართული ვეტერინარის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დელფინარიუმი კონტრაცეპტივს იმიტომ ყიდულობს, რომ ზოგიერთი დელფინი სექსუალური ჰიპერაქტიურობის გამო აგრესიულად იქცევა და სხვა დელფინებს აზიანებს/კბენს.

 

2020 წლის აპრილში დელფინარიუმმა  დაკბენილი სამი დელფინისთვის ანტისეპტიკური საშუალებების შეძენის თხოვნით მიმართა შესყიდვების სააგენტოს. შესყიდვის დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ დელფინები, ზოგადად, აგრესიული ქცევით არ ხასიათდებიან, „ვინაიდან საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმებთან, რომლებიც არ ხასიათდებიან აგრესიული ქცევით, აღნიშნული კონკრეტული ქმედება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული“. დოკუმენტაციიდან არ ჩანს, რას უკავშირდება დელფინებს შორის აგრესიის გამოხატვის ეს კონკრეტული შემთხვევა.

ზღვის ძუძუმწოვრების კვლევის ასოციაციის [DMAD] ცნობით, დელფინარიუმებში დელფინებს სხვადასხვა ჯგუფში, სხვადასხვა ოჯახის დელფინებთან ერთად ათავსებენ, რაც შეუძლებელს ხდის მათ შორის კომუნიკაციას. კომუნიკაციის შეუძლებლობისა და შეზღუდული სივრცის კომბინაცია იწვევს დელფინებში დათრგუნვას და აგრესიულობას. „ველურ ბუნებაში თუ კონფლიქტი მოხდება, მათ შეუძლიათ აგრესორებს გაერიდონ, გაცურონ, ეს შეუძლებელია რეზერვუარში და შედეგად დელფინები მძიმედ იჭრებიან“, – ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

2020 წლის აპრილი, ტექსტი ვეტერინარის მოხსენებითი ბარათიდან

2022 წლის ივნისში დელფინარიუმმა ასევე გადაუდებელი აუცილებლობით მოითხოვა დელფინებისთვის მინერალური დანამატის – ცინკიტის შეძენა, რადგანაც „ზღვის ძუძუმწოვრებს აღენიშნებათ იმუნიტეტის ვარდნა და უმადობა, რამაც უკვე გამოიწვია კანის ეროზია და შეიძლება გახდეს შემდგომ დაავადებათა გამომწვევი მიზეზი.“ – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
 
დელფინარიუმის ვეტექიმების მოხსენებით ბარათში წერია, რომ „გაზაფხულის პერიოდში ზღვის ძუძუმწოვრების იმუნური სტატუსი დაქვეითებულია, განსაკუთრებით აღენიშნებათ სისხლში ცინკის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი, რაც გამოიხატება კანის ეროზიული დაზიანებით.ამ პერიოდში აუცილებლად უნდა მიეწოდოთ დამატებით ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობა“. ანტიოქსიდანტური ანუ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინები (მაგ. SEA TAB) დელფინებისთვის გასულ წლებშიც შეიძინეს. სხვადასხვა წლებში დელფინარიუმის მიერ შეძენილი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამონათვალში არის ანტიბიოტიკები, ანტისეპტიკური საშუალებები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, მათ შორის:  ბრონქომუნალი [აძლიერებს ბუნებრივი დაცვის მექანიზმების სტიმულირებას სასუნთქი გზების ინფექციებისგან]; ანტიბაქტერიული მალამო მეტროჟილ დენტა; ანტისეპტიკური კრემი – სუდოკრემი [2019]; ანტიბიოტიკი – აზიმაკი, ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება – ავილაკი, ვალერიანის ნაყენი [2018] ტობრექსი თვალის მალამო, ანალგინი [2017] და სხვ.ცხოველთადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA [ადამიანები ცხოველების ეთიკური მოპყრობისთვის] წერს, რომ ზოგადად დელფინები ცხოვრობენ დიდ, რთულ სოციალურ ჯგუფებში და ყოველდღე ცურავენ უზარმაზარ დისტანციებზე [100-200 კმ] ღია ზღვებსა და ოკეანეში. „ტყვეობაში მათ შეუძლიათ მხოლოდ გაუთავებელ წრეებზე ცურვა აუზებში, რომლებიც მათთვის აბაზანების ტოლფასია. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ რამე სახის ბუნებრივ ქცევაში. ისინი იძულებული არიან შეასრულონ უაზრო ხრიკები… ბევრი მათგანი იღუპება, თავისი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გაცილებით ადრე“.2015 წელს ბათუმის დელფინარიუმთან ცხოველთადამცველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ისინი გართობის მიზნით დელფინების ექსპლუატაციას აპროტესტებდნენ. აქციაში აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაც.

„არანაირი სამეცნიერო დანიშნულება დელფინარიუმების არსებობას არ გააჩნია. ხშირად ამბობენ, რომ ეს კონსერვაციის, ანუ სახეობის გადარჩენის მიზნით ხდება, რაც არ შეესაბამება რეალობას. არ გააჩნია არც შემეცნებითი დანიშნულება, რადგან მოქალაქე, რომელმაც არ იცის დელფინების ცხოვრების ყოფა, იქ ვერ ნახავს დელფინის ბუნებრივ ქცევას. ამ პირობებში იქ შესაძლებელია მხოლოდ დელფინების სასტიკი მოპყრობის ნახვა და იძულებით გაკეთებული ტრიუკების ყურება“, – ამბობს საქართველოს ცხოველთა ფედერაციის დამფუძნებელი თემურ ლაჭყეპიანი.

2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბათუმის დელფინარიუმში 20 დელფინი ბინადრობს. მათ გამოსაკვებად დღეში 238 კილოგრამი თევზია საჭირო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: