მთავარი,სიახლეები

რუსეთის შეიარაღება ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს – პუტინი ფორუმზე 

15.08.2022 • 3326
რუსეთის შეიარაღება ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს – პუტინი ფორუმზე 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა პოდმოსკოვიეში გამართულ ფორუმზე – „არმია 2022“, სადაც რუსეთის „საუკეთესო შეიარაღებაზე“ „ბევრ პარტნიორზე“ და „უკრაინაში რუსეთის არმიის წარმატებებზე“ ისაუბრა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის და მშვიდობისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზუსტად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის გამოსვლის დეტალებს ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო მედია, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში შემდეგ მთავარ აქცენტებს გამოყოფს და ეს აქცენტები ძირითადად რუსეთის არმიის „სიდიადეს“ უკავშირდება:

  • რუსი ხალხი ამაყობს თავისი არმიითა და ფლოტით;
  • რუსეთის ფედერაციისა და დონბასის მებრძოლები ღირსებულად ასრულებენ თავის მოვალეობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში;
  • რუსეთს ბევრი მოკავშირე და თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებიც თავს არ უხრიან ე.წ. ჰეგემონიას;
  • რუსეთი მზადაა, თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შესთავაზოს სხვადასხვა შეიარაღება, ჯავშანტექნიკა, ავიაცია, არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები;
  • რუსეთის შეიარაღება წლებითა და ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს და მნიშვნელოვნად აღემატება მათ;
  • უცხოელ სამხედროებს რუსეთის ფედერაციაში გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დიდი პერსპექტივა აქვთ;
  • აუცილებელია მკაცრი პასუხი გაეცეს ისტორიის გაყალბებას, ნეონაციზმს, რუსოფობიასა და რასიზმს.

______

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინის დედაქალაქის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფრონტის ხაზმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში გადაინაცვლა. ომის მეექვსე თვეს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში 43 800 სამხედროა.

მთავარი ფოტო: ვლადიმერ პუტინი ფორუმზე გამოსვლისას/ფოტო: kremlin.ru

გადაბეჭდვის წესი


ასევე: