მთავარი,სიახლეები

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

12.08.2022 • 9817
ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

„რუსები უკვე ემზადებიან ომის მესამე ეტაპისთვის, რომელიც იქნება მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა და პოლიტიკური ვაჭრობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რას უნდა ველოდოთ უახლეს მომავალში? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვახტანგ, სხვადასხვა ვერსიით, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზე მომხდარი აფეთქებისას რუსეთს გაუნადგურეს მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 14 სამხედრო თვითმფრინავი. 9 აგვისტოს მოვლენები რომ შეაფასოთ, რა მოხდა საკის ბაზაზე და რატომ ვერ იმუშავა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა?

ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები და რამდენიმე ვერსიაა, თუ რით შეიძლება განადგურებულიყო ეს საწყობი, საავიაციო ბაზა. ერთი ვერსიით, ეს იყო უკრაინელების მიერ მოდერნიზებული Hrim-2-ის ხმელეთის რაკეტა, ისკანდერის ტიპის. მას შეეძლო ამ მანძილს მისწვდომოდა. ისმის კითხვა – უკრაინელებს ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული მოდერნიზაცია [რაკეტის], რამდენად განახორციელეს ეს ამ რაკეტით?

მე არ ვიცი ახალმა რაკეტამ გამოცდის გარეშე როგორ მიაღწია ასეთ სიზუსტეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვთ უკრაინელებს წინ გადადგმული. თუკი ეს ის რაკეტაა, რომელიც მათ მიერაა შემუშავებული.

მეორე მოსაზრებაა, რომ ეს იყო ხომალდსაწინააღმდეგო, ჰარპუნის ან ნეპტუნის ტიპის რაკეტები, რომლებსაც აქვთ მიწვდომის მანძილი და შეეძლოთ მისწვდომოდნენ ამ ბაზას.

მესამე ვერსიაა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული სპეციალური ოპერაცია, რომელთა დივერსიის შედეგად აფეთქდა აღნიშნული საწყობი.

საბოლოო  ვერსიას ვერ ვიტყვით, სანამ არ იქნება უფრო კონკრეტული პასუხები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე დღეს აფეთქებები მოხდა რუსეთის კიდევ ერთ ბაზაზე, რომელიც განახორციელეს სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ნაღმმტყორცნების საშუალებით.

რუსებს ურჩევნიათ უფრო სასირცხვილო მიზეზები მოიგონონ – ვთქვათ მთვრალმა ჯარისკაცმა სიგარეტი მოწია აკრძალულ ადგილას ან შიდა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა აფეთქება, ვიდრე აღიარონ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ასეთი მტკივნეული დარტყმის მიყენება რუსეთისთვის. ფაქტია, რომ ეს უკრაინელებმა განახორციელეს.

ვიდეოზე რაც ვნახე, არ ჩანდა რაკეტის მოხვედრის მომენტი. პირდაპირ ჩანდა, რომ მოხდა დეტონაცია. მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ ეს იყო სპეციალური ოპერაცია. ჩემის აზრით, სანამ დამატებითი მონაცემები არ მაქვს, ეს იყო დივერსია, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქება.

რით განახორციელეს ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ფაქტი, რაც უკრაინელებმა აჩვენეს რუსეთს – მათ შეუძლიათ მისწვდნენ ოპერატიულ დონეზე და ისინი არ აპირებენ ყირიმის უბრძოლველად დავიწყებას.

აი, ეს გამოჩნდა. ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი რუსებისთვის. თან მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ მიუღიათ უკრაინელებს ჰაიმარსის ის რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრზე მიფრინავს.

როცა ამ რაკეტებს მიიღებენ და აშშ-ში პოლიტიკურ დონეზე ამაზე თითქოს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, მერე მართლა გაუჭირდებათ რუსებს. ნამდვილად გაურთულდებათ ცხოვრება.

საშუალებაა არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ამ ამბის სამხედრო-პოლიტიკური ეფექტი.

  • Hrim 2-ზე რომ გვითხრათ ცოტა ვრცლად, რა ტიპის შეიარაღებაა ეს და როგორ გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუ მასზე მუშაობა უკვე დასრულებულია?

ეს არის ისკანდერის ტიპის უკრაინული რაკეტა. უკრაინელები მუშაობდნენ, რომ 250 კმ მიღწევადობამდე გაეზარდათ მისი შესაძლებლობები.

თუ ეს გააკეთეს, არ ვიცი რა რაოდენობით აქვთ, არის თუ არა გამოყენებული, მაგრამ თუკი გააკეთეს ფაქტია, რომ მნიშვნელოვან წილად გაიუმჯობესებენ საპასუხო დარტყმების სიღრმეს. ისკანდერების გამოშვებული რაკეტის საპასუხო დარტყმა შეუძლია განახორციელოს ამ რაკეტამ. მე არ ვიცი მათი ოდენობა, ეს იყო ერთეული რაკეტა, თუ კიდევ რაღაც მარაგი აქვთ, რომელიც მართლა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დამატება ჰაიმარსის რაკეტებზე, რომელსაც ელოდებიან უკრაინელები.

ეს მართლა მძლავრი პასუხი იქნება რუსეთის საცეცხლე დარტყმებზე.

  • მართალია, რუსეთის თავდაცვა ვერ ადანაშაულებს მომხდარში უკრაინას და აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალები აფეთქდა, თუმცა ალბათ იმოქმედებს. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება ამ აფეთქებისთვის უკრაინის დასჯა მოინდომოს?

ფაქტობრივად ეს უკვე განახორციელა რუსეთმა. მეორე დღეს იყო ძალიან მძლავრი სარაკეტო დარტყმები ნიკოლაევისა და დნიპროს მიმართულებაზე. თუ არ ვცდები 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინელების მხრიდან. ეს საცეცხლე დარტყმა რუსეთის მხრიდან, სწორედ ბოღმის მაჩვენებელი იყო. გამწარებული ადამიანის ქმედებას ჰგავდა.

როგორც წესი, ყველა უკრაინულ წარმატებას მოჰყვება ხოლმე სადამსჯელო მოქმედება. ეს სადამსჯელო მოქმედება მიმართულია მშვიდობიან მოსახლეობაზე და მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე. ეს არის ის, რაც შეუძლიათ დღეს განახორციელონ რუსებმა.

  • პოლიტიკოსების შეფასებით, „აფეთქება ყირიმში მოხდა, მაგრამ ექო მკაფიოდ გაიგეს მოსკოვში“. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ვითარების სწორად შეფასებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში?

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არა მგონია ვითარება სწორად შეაფასონ. მათ, უბრალოდ, აღარ აქვთ რესურსი დასკვნები გამოიტანონ, რომ შეცვალონ რაღაცა მნიშვნელოვანი თავიანთ ქმედებებში. ახლა ემზადებიან ომის მესამე ეტაპისთვის და ინერციით ახორციელებენ შეტევებს აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის მიმართულებაზე. ფაქტია, ცდილობენ მეორე ეტაპი რაღაცნაირად დაამთავრონ გარკვეული პოზიტივით. სათქმელი რომ ჰქონდეთ – ფეხი დავდგით დონეცკის საზღვარზე, რაც ამოცანად დაუსახა პუტინმა. მაგრამ აქაც კი ძალიან უჭირთ.

რუსები აკონტროლებენ დონეცკის რაიონის მხოლოდ 50%-ს. დონეცკის სრულად გასაკონტროლებლად, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ სიმბოლურად საზღვარზე რომ გავიდნენ, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გააჩნია რუსეთს.

გავიმეორებ, აშკარად ეტყობა, რომ რუსები უკვე ემზადებიან მესამე ეტაპისთვის, რომელიც იქნება მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა და პოლიტიკური ვაჭრობა.

რუსეთი ცდილობს მესამე ეტაპი გაიჭიმოს ზამთრამდე, ყინვების დადგომამდე, როდესაც ე.წ. გენერალი ზამთარი მოვა და დაეხმარება რუსებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ, პირველ რიგში, მოსახლეობა იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ენერგომატარებლების ბლოკადის გამო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში იქნება მძიმე მდგომარეობა, რაც მისცემს რუსებს საშუალებას, რომ მეტი მოთხოვნა დააყენონ და აიძულონ ევროპული ქვეყნები უკრაინა გარკვეულ შეთანხმებებზე წამოვიდეს.

ასევე, შეტევაში მყოფი დანაყოფებისთვის უფრო მძიმეა ზამთარში შეტევის განხორციელება, ვიდრე თავდაცვაში მყოფი დანაყოფებისთვის.

ჩემის აზრით, ახლა რუსეთი მთელი ძალით შეეცდება დაიცვას ოკუპირებული ტერიტორიები და მოემზადოს, თუკი მას რესურსი აქვს, თავისი ამოცანის გაგრძელებისთვის. თუკი შეძლებს ამ რესურსის მოძიებას, უკრაინის მიმართულებით გააგრძელებს თავის ექსპანსიას, თუ არადა საბოლოოდ დააფიქსირებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

მოსახლეობა იღლება. იღლება აი, ამ გაჭირვებით,  ამ არაკომფორტულობით, რომელსაც უქმნის რუსეთი თავისი გაზის და ენერგომატარებლების შეზღუდვით. უკვე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი ევროპაში. მე არ მგონია ევროპის გაყოფა შეძლოს რუსეთმა ამ გზით, მაგრამ ის, რომ ევროპის გარკვეული ქვეყნები შეეცდებიან უკრაინა დაიყოლიონ რუსეთთან რაღაც მოლაპარაკებებზე, ეს ფაქტია.

არ დაგავიწყდეთ, რომ სექტემბერში იგეგმება რეფერენდუმები ამ ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

რეფერენდუმის სრულიად ახალი ფორმა მოიგონეს, პირდაპირ სახლებში შეუძლიათ ჩაატარონ და ამის შემმოწმებელი არავინ არ იქნება.

წარმოიდგინეთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოლაბორაციული მთავრობის პირობებში როგორ ჩატარდება რეფერენდუმი. იქ ჩაყრიან იმ ხმებს და იმ რაოდენობით, რაც მათ სჭირდებათ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რამდენი უკრაინელი დარჩა იმ ტერიტორიაზე ეგ ცალკე თემაა, რამდენი ათასი გაიყვანეს რუსეთში და რამდენი ათასი უკრაინის სხვა ქალაქებში გადავიდა. ეს იქნება ადგილობრივი უკრაინული მოსახლეობა.

ის ვინც დარჩა, არის ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა, მათზე ზემოქმედება არ გაუჭირდება რუსეთს თავისი კადიროველებითა და პოლიციით.

პოლიტიკურად რუსეთი შეძლებს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს თავის ტერიტორიებად. მერე, როცა ზამთარი დადგება, შეეცდება ვაჭრობა დაიწყოს ევროპასთან და შესაბამისად უკრაინასთან.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – მძიმე ბრძოლები გადაინაცვლებს სამხრეთ აღმოსავლეთით, ზაპოროჟიედან ხერსონამდე, მდინარე დნეპრის გასწვრივ, 350 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე. ეს რას ნიშნავს უკრაინისთვის? – წინა თვეებში სპეციალისტები ვარაუდობდით, რომ აგვისტო იქნებოდა გარდამტეხი და მძიმე თვე ამ ომში.

არაფერი შეცვლილა. ომის მესამე ფაზაში მთავარი დაპირისპირების რაიონი და ოპერაციის თეატრი ნამდვილად იქნება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ზაპოროჟიე ხერსონის მიმართულება.

ეს მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. არ გამიკვირდება თუკი უკრაინელები განახორციელებენ ფართომასშტაბიან კონტრდარტყმებს სამხრეთ მიმართულებაზე. ასევე რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ აღნიშნული ტერიტორია და მოამზადონ პლაცდარმი იმისათვის, რომ თუკი შეძლებენ შესაბამისი ძალების მობილიზებას ნიკოლაევი-ოდესაზე გადასვლით დნესტრისპირეთს შეუერთდნენ. ეს მათთვის იქნება მთავარი ამოცანა მეოთხე ეტაპზე. მაგრამ მესამე ეტაპზე მაინც მგონია, რომ უპირველესად შეეცდებიან თავიანთი ტერიტორიის შენარჩუნებას.

რაც შეეხება აგვისტოს. დიახ,  აგვისტო მეც ვახსენე, ექსპერტებიც ახსენებენ, აგვისტოს ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს ნიშნები გარკვეული გარდატეხის ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, მაგრამ ეს არ იქნება სრული ცვლილება და მთლიანი ომის სურათის შეცვლა. აქ მხოლოდ გამოჩნდება ნიშნები.

ომის სურათში ცვლილებებს უფრო უნდა ველოდოთ ზამთარში. წლის ბოლომდე გამოჩნდება რა ფორმას მიიღებს ეს დაპირისპირება მომავალში.

აგვისტოში არაფერი არ დამთავრდება. აგვისტოში მხოლოდ ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს ცვლილებების და გარდატეხის.

  • უკრაინის დაზვერვა ამბობს, რომ რუსებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. სპეციალისტების შეფასებით თუკი სადგურიდან გაჟონვა მოხდება, ეს გამანადგურებელი იქნება არამარტო უკრაინისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ შანტაჟის ენაა რუსეთის მხრიდან თუ უკიდურეს სიტუაციაში ის გამოიყენებს ამ ატომურ სადგურს, როგორც იარაღს?

ეს არის შანტაჟის საშუალება. როცა ვთქვი, რომ რუსეთი პოლიტიკურ ვაჭრობას დაიწყებს, ეს იქნება ამ ვაჭრობის ერთ-ერთი ფორმა. თუმცა პუტინის თავში რა ბნელი აზრები ტრიალებს, ძნელია ამის თქმა. არც გამოირიცხება, რომ იქ მართლა მოაწყოს რაღაც კატასტროფა.

მთელ რეგიონს შეეხება ეს, არამარტო უკრაინას. როგორც ფიზიკოსები ამბობენ, ჩერნობილი მოგონება იქნება. ატომურ სადგურს აქვს თავისი უნიკალური აუცილებლობა, ის მუდამ უნდა მუშაობდეს და რეჟიმი არ უნდა იცვლებოდეს. ძნელი წარმოსადგენია ამ რეჟიმის შენარჩუნება, როდესაც ოკუპირებულია ეს რაიონი.

გამწარებული რუსები რას მოიმოქმედებენ არავინ არ იცის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კატასტროფა უფრო მეტად შეეხება ოკუპირებულ რაიონებს, რომელიც რუსებს აქვთ დაკავებული თავის ყირიმიანად.

თუ გავრცელდა რადიაცია, არც ყირიმი დარჩება რადიაციის არეალს მიღმა, არც ტაგანროგი და არც როსტოვის მიმართულება. ეს მხოლოდ უკრაინისთვის არ იქნება პრობლემა, ეს იქნება მთელი შავი ზღვისპირეთისთვის. რუსეთისთვისაც მათ შორის.

ის ბუნკერში დამალული კაცი რას გადაწყვეტს, რას გააკეთებს, ამაზე ძნელია პროგნოზის გაკეთება.

რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რუსეთი ატომურ სადგურს იყენებს სავაჭროდ, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

  • მოახლოვდა ის დრო, როცა ლენდლიზი სრულად ამოქმედდება.  ეს რას შეცვლის და რამდენად სწრაფად უკრაინის სასარგებლოდ?

ყოველდღიურად მოდის მონაცემები, რომ მაგალითად, დამატებით კიდევ ექვსი გეპარდი გადასცეს გერმანელებმა. 12 გეპარდი ჰყავთ უკვე უკრაინელებს. ასევე 100 ჰაუბიცას აძლევენ. პოლონელები 100 ერთეულ კრაბს აძლევენ, თვითმავალ ჰაუბიცას, რომელიც ფაქტობრივად ბრიტანული კოშკურისა და ქვემეხისგან შედგება და პლატფორმა აქვს სამხრეთ კორეული.

ასევე შემჩნეულია კოლონა, რომელსაც გადაჰქონდა ჰაიმარსის პაკეტები.

არ დაგვავიწყდეს, რომ „რამშტაინი 4-ზე“ რა გადაწყვეტილება მიიღეს ეს არ უთქვამთ. არ არის გახმაურებული, რას და როგორ მიაწვდიან. ეს არ გახმაურება ნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობაზეა საუბარი. ასევე ამერიკელებმა განაცხადეს, რომ დავეხმარებით იმდენს, რამდენის დასჭირდება უკრაინას. ასე რომ ეს დახმარება უკრაინას ნამდვილად ექნება.

აი, რუსეთს ნამდვილად უჭირს უკვე თანამედროვე შეიარაღებაში.

ირანს, რომ თანამგზავრს სთხოვ და ჰაერში გაუშვებ დაზვერვისთვის, ან/და უპილოტოებს ირანს სთხოვ ე.ი. ძალიან კარგად აღარ გაქვს საქმე ტექნოლოგიურად ირანზე როცა ხარ დამოკიდებული.

  • ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსეთის არმია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის ბრძოლების შემდეგ დაუძლურებულია, რის გამოც რუსები ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებენ. ფრონტის წინა ხაზზე კი დაქირავებულ მებრძოლებს უშვებენ. გადაჭარბებულია შეფასება, რომ „რუსეთის არმია დაუძლურებულია“?

წინა ინტერვიუშიც გავუსვი ხაზი, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი წინსვლა დონბასის მიმართულებაზე. შეფერხდნენ სევერსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეზე. ეს ზღუდე არ არის მთავარი ზღუდე დონბასი-დონეცკის დაცვის. მთავარი დაცვის ბარიერია კრამატორსკი-სლავიანსკი. იქამდეც კი ვერ მივიდნენ, ჯერჯერობით, რუსები. ერთი თვეა ტკეპნიან ადგილს, გამუდმებით აწარმოებენ ცეცხლს. ლოკალურ შეტევებს, მაგრამ წინ ვერ მიდიან. ახლა გამოჩნდა მონაცემები, თითქოს სოლედარის სამხრეთ გარეუბანში შეაღწიეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. მათ კიდევ ბევრი საბრძოლო ექნებათ.

სოლედარი არის ქალაქი, რომლის ჩრდილოეთ რაიონში არის მარილის მაღაროები. შესაბამისად, მთელი მიწისქვეშა ლაბირინთია სამას მეტრ სიღრმეზე. ადრე იქ ტურისტებიც კი დაჰყავდათ. მიწისქვეშა კომუნიკაცია მარიუპოლზე არანაკლებია.

ასე რომ, საკმაოდ დიდი ბრძოლები მოუწევთ რუსებს.

რომც მოიკრიბონ მთელი ძალები, აიღონ კრამატორსკი, სლავიანსკი და გავიდნენ დონეცკის საზღვარზე, ეს უკრაინელებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც სამხრეთი მიმართულება.

დონბასი არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია უკრაინისთვის სამხრეთი. აზოვის ზღვაზე გასასვლელად მათ აუცილებლად სჭირდებათ ხერსონის აღება, მარიუპოლი-მელიტოპოლის რაიონში გასვლა და იქიდან აზოვის ზღვაზე. მათ საშუალება ექნებათ, რომ ყირიმს მისწვდნენ სამი მხრიდან და ამავე დროს გაწყვიტონ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსებმა შექმნეს ყირიმი რუსეთის შემაერთებელი დერეფანი, რომელიც ზაპოროჟიეში გადის.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიამ 43 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. რამდენად დიდი დანაკარგია ეს ომში თავდამსხმელი ქვეყნისთვის?

ეს ძალიან დიდი დანაკარგია რუსეთისთვის. ეს არის 25-30 %-იანი დანაკარგი იმ ძალების, რომელსაც რუსებმა თავი მოუყარეს უკრაინაში. ეს შემტევი მხარისთვის არის შეტევის შეჩერების მომენტი.

ოპერატიულ გათვლებში იანგარიშება, რომ როდესაც შემტევი მხარე კარგავს 30%-ს თავისი შესაძლებლობების, ის წყვეტს შეტევას. თავდაცვაში მყოფი მხარისთვის ეს მონაცემი 50%-ია. სულ მომყავს მაგალითად – ავღანეთში 9 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა დაკარგა 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ახლა კი ვსაუბრობთ რამდენიმე თვეზე. ეს ძალიან დიდი დანაკარგია რუსებისთვის.

მათ უჭირთ ცოცხალი ძალა. ამიტომაც აგროვებენ მოხალისეებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბელარუსში 13 ათასი მოხალისე შეაგროვეს, ასევე საუბარია ჩრდილოეთ კორეელებთან მოლაპარაკებაზე. გაჟღერდა ისიც, რომ არარუს მოსახლეობას, ვინც მიიღებს ომში მონაწილეობას და მოაწერს ხელს კონტრაქტს, სამი თვის საომარი მოქმედებების შემდეგ მისცემენ რუსეთის მოქალაქეობას.

მაგრამ მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფები ნამდვილად ვერ შეედრება იმ დანაყოფებს, რომლებიც იყვნენ ომის დასაწყისში. შესაბამისად, ეს არის საზარბაზნე ხორცი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს კვალიფიკაციას ვერ გაზრდის. რაოდენობა ისევ შეიძლება შეავსონ, მაგრამ კვალიფიკაციას ვერ გაზრდიან.

რუსები ვერ ახერხებენ იმ აღჭურვილობის ანაზღაურებას, რომელიც დაკარგეს. მათ გააჩნიათ ძველი, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა, რომელსაც უკვე იყენებენ. თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი მასალები მათ ფაქტობრივად ეწურებათ.

  • დასავლეთში ექსპერტებმა მიახლოებით გამოთვალეს, რომ რუსეთს აქვს შეიარაღების უზარმაზარი რესურსი, თუ არ ჩავთვლით მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და არტილერიას. რუსული იარაღი „არაეფექტიანი“ და „მოძველებულია“ – ეს არის ამონარიდი უკრაინის თავდაცვის ანგარიშიდან. თქვენ ომის დასაწყისში თქვით, რომ რუსეთს შეაჩერებს მხოლოდ დამწვარი ტანკები. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა, რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

არ შემიცვლია აზრი – ეს არის დანაკარგების კომპლექსი საბრძოლო ველზე და სანქციები, რომელიც უშუალოდ რუსეთის მიმართ გატარდა მსოფლიოში. დანაკარგები მას აუცილებლად სჭირდება, რომ შეჩერდეს. ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. ამის ნიშნები არის. დრო მუშაობს უკრაინაზე. უკრაინა იღებს თანამედროვე იარაღს. რუსეთი თანამედროვე იარაღს ვერ იღებს. იყენებს იმ აურაცხელ მარაგებს, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ ეს მარაგები არის ძველი. კი, შეიძლება მოსახლეობას ესროლო, დააზიანო, ქალაქები გაანადგურო, მიწასთან გაასწორო დასახლებული პუნქტები, მაგრამ არაეფექტიანია სამხედრო თვალსაზრისით.

ხარისხში აგებს რუსეთი უკრაინასთან. თუკი უკრაინა რაოდენობრივ-ხარისხობრივად გაუსწორდება რუსეთს, თუ ვერ აჯობებს, გაუტოლდება მაინც, ეს ნამდვილად იქნება გარდატეხა ამ ომში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: