მთავარი,სიახლეები

ფული გადავიხადე, მშენებლობა არ დაასრულეს – რას ჰპირდება ბათუმის მერია დაზარალებულებს

29.07.2022 • 1747
ფული გადავიხადე, მშენებლობა არ დაასრულეს – რას ჰპირდება ბათუმის მერია დაზარალებულებს

დაუსრულებელი მშენებლობის გამო დაზარალებულ მოქალაქეებს მერია ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებს.  ეს იმას ნიშნავს, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით ის კომპანიებიც ისარგებლებენ, რომლებიც ამ მშენებლობებს დაასრულებენ.

საკრებულოსთვის გადაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ დაუსრულებელი მშენებლობები მერიისთვის ისეთივე პრობლემური საკითხია, როგორც ავარიული სახლები. თუმცა დღეს ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რამდენია, ან დაახლოებით რამდენია ასეთი შენობა: „ხვალისთვის დაგიზუსტებთ.“

დადგენილებაში, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, არის კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერი, მერს შეუძლია ავარიული სახლების პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების მიხედვით გასცეს სამშენებლო ნებართვა „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.“

რა შეიძლება იყოს ასეთი პროექტი? – მერიას განმარტება არც ამ საკითხზე გვაქვს, ამ კითხვებზე პასუხები ვერც საკრებულოს ოპოზიციამ მიიღო.

საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან საკითხის გადადება და მისი დეტალურად, საზოგადოების ჩართულობით განხილვისთვის ვადა მოითხოვა. ის ითხოვდა ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც შევიდოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელსაც მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. თუმცა მისი ინიციატივა დღის წესრიგში არ შეიტანეს.

„ინიციატივა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა კენჭისყრაზე დაგვეყენებინა ოფიციალურად დავარეგისტრირე. უშედეგოდ – დღის წესრიგში არ შეიტანეს, მხოლოდ კომისიებზე განიხილეს და თქვეს, რომ არ შევა დღის წესრიგში. საკრებულოს წევრის მიერ დარეგისტრირებული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანო, ეს უკანონოა – შეიძლება შემდეგ ჩააგდო ის, მაგრამ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შეიტანო“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.

საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კილაბერია ამბობს, რომ არც მის ფრაქციას აქვს ინფორმაცია, რას შეიძლება გულისხმობდეს მერია სტრატეგიულ ობიექტში: „ჩვენ ეს კითხვები დავსვით მერთან, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ასევე, კითხვები გვქონდა დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, ამიტომაც არ დავუჭირეთ მხარი საკითხს. შემდეგ ისე შეფუთეს, თითქოს ავარიულ სახლში მცხოვრებლებს არ ვუჭერთ მხარს. ასე არ არის.“

___

კიდევ რა შეღავათებით ისარგებლებენ „ავარიული სახლების“ პროგრამაში მონაწილე კომპანიები წაიკითხეთ აქ:

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: