მთავარი,სიახლეები

ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

26.07.2022 • 3416
ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს. რეალურად კი მგზავრებს მძღოლები 70 თეთრს ახდევინებენ. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის მატარებლით მგზავრობა, საწვავი, პირველადი საჭიროების პროდუქტები, შეუძლებელია მძღოლებმა ძველი ტარიფით გააგრძელონ მუშაობა.

მძღოლების თქმით, მაშინ როცა ბათუმის საკრებულომ მგზავრობის ტარიფად 50 თეთრი განსაზღვრა, 1 ლიტრი საწვავი 1,60 ლარი ღირდა, ახლა კი 4,60 ლარი ღირს.

ამის მიუხედავად, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს პრობლემას და მგზავრობის ტარიფს „არ ზრდის“. შესაბამისად, მძღოლები კანონს არღვევენ. მძღოლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ ასე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

თემურ დიასამიძე 45 ნომერ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. „ბათუმელებს“ ის პრობლემების შესახებ ესაუბრა, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები ყოველდღიურად აწყდებიან:

45 ნომერ სამარშრუტო ხაზზე ვმუშაობ. დილას რვის-ნახევარზე იწყება ჩემი სამუშაო გრაფიკი. მოვდივართ ურეხიდან, ჩავდივართ ბონში, ბაზართან, იქიდან ჭავჭავაძის გავლით ხოფის ბაზრობაზე და ვბრუნდებით იგივე მარშრუტით უკან. დაახლოებით 16 კილომეტრია ეს მონაკვეთი.

თუ დილიდან საღამოს რვამდე ვიმუშავე, 20 ლიტრი საწვავი მჭირდება. თუ გვიან, თორმეტამდე გავაგრძელე მუშაობა, უფრო მეტი მჭირდება. როცა გვიანობამდე მიწევს მუშაობა, დაახლოებით 100-110 ლარის საწვავს ვწვავ დღეში. ახლა მგზავრობის ოფიციალური ღირებულება 50 თეთრია. ეს ტარიფი დაამტკიცეს მაშინ, როდესაც 1,65 ლარი ღირდა საწვავი. დღეს ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი რომ ჩაასხა, 1 ლიტრი 4,60-4,70 ლარი ღირს.

წესით დღეში 22-23 მანქანა უნდა მუშაობდეს, მაგრამ დღეს გვაქვს რეალობა, რომ ვმუშაობთ 10-12 მანქანა.

ბევრი მძღოლი იყო, ვისაც მანქანა ჰყავდა ნაქირავები. ოჯახს არჩენდნენ, მანქანის მეპატრონეს ქირასაც უხდიდნენ. ეს ხალხი გაჩერდა, ვეღარ მუშაობს. მეპატრონეს რომ გადაუხადოს, მას არაფერი არ რჩება. ტყუილად მუშაობა უწევთ. საწვავის ფასის გაზრდამ ძალიან რთულ დღეში ჩაგვაგდო.

ვითომ იმედი გვაქვს, რომ დღეს-ხვალ საკრებულო რამე გადაწყვეტილებას მიიღებს. ოფიციალურად გაზრდიან ამ თანხას, რომ საწვავში შეგვეხიდოს.

მაგრამ რასაც ვუყურებ, გაჩერებულები არიან: 50 თეთრს აწვებიან და ასე არ ხდება. უბრალო, ბაზარში შეხვალ თუ აფთიაქში, ნებისმიერი რამე რომ იყიდო, ყველაფერი გაძვირებულია.

ჩვენც როგორ ვმუშაობთ იცით? გამოსავალი არ გვაქვს. არც სხვაგან წასასვლელი გვაქვს და იმიტომ ვმუშაობთ ხაზებზე, რომ ხაზები შევინარჩუნოთ.

იქნება დღეს გამოსწორდება, იქნება – ხვალ. მე ჩემი საკუთარი მანქანა მყავს, მაგრამ მეც კი არ მიღირს ამ მანქანით მუშაობა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ [სიტუაცია] გამოსწორდება. ასე გაჭირვებაში ვართ.

  • დღეში საშუალოდ რა თანხას გამოიმუშავებთ – საწვავის და სხვა ხარჯის გარდა, საღამოს სახლში წასაღები თანხა რა გრჩებათ?

ყოფილა დღეები, დილიდან საღამომდე მიმუშავია და არაფერი წამიღია სახლში. ყოფილა დღე წამიღია 12-15 ლარი. 3-4 ცალი პური რომ იყიდო და შვილიშვილს ნაყინი მივუტანო სახლში, ეგ ფულია ჩემი მთელი დღის, 12 საათის ნამუშევარი.

დღეს მეტი აღარ რჩება. თუ 20 ლარი გააკეთე და თუ რამე შეკვეთა აიღე, ეს უკვე სხვა საქმეა. ხაზს რომ დაეყრდნო, 20 ლარს არ ასცდება. ეს მაშინ, როცა იმდენს გამოვიმუშავებდით, მანქანასაც ვუვლიდით და ჩვენც კმაყოფილი ვიყავით. ახლა შემოდგომისკენ ტენდერი გვექნება. მანქანებს მოწესრიგება უნდა. არ გექნება მოწესრიგებული, ტენდერზე ვერ გაივლი. გასაჭირში ვართ. თხოვნაა ჩვენი, ვისაც აქედან მივწვდებით, ჩვენი პრობლემები გაითვალისწინონ.

რამდენიმე ხაზი საერთოდ გაუქმდა. დაიშალა 20-21 ნომრები. აღარ ფუნქციონირებს.

  • რატომ დაიშალა?

აღარ ჰქონდათ შემოსავალი. ყველა წავიდა. ტყუილად რამდენ ხანს უნდა იმუშაონ? ჩვენც გაჭირვებით ვმუშაობთ, იმის იმედზე, რომ იქნება რამე გამოსწორდეს. ამ იმედით ვიჭირვებთ დღეს.

  • როგორც ვიცი, საკრებულოს მიმართეს სატრანსპორტო კომპანიებმა. თქვენი აზრით, რატომ დატოვა ასე ღიად საკრებულომ ეს საკითხი, რატომ დატოვა 50 თეთრი მგზავრობის საფასური?

არ ვიცი. ალბათ ეგენი კაბინეტებიდან გარეთ არ გამოდიან და არ უყურებენ ცხოვრებას. მე არ ვიცი. შპს-ებს მიმართული აქვთ ამ თანხის გაზრდაზე, მაგრამ არაფერი არ ხდება. გვპირდებოდნენ ერთი პერიოდი. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ყველაფერი ჩატარდებოდა, ვემსახურეთ, რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ გვერდში დავდგომოდით. ჯერ თვეები ვერ ჩამოყალიბდა საკრებულო, როცა ჩამოყალიბდა, ზურგი გვაქციეს. რა ქნან ამ სატრანსპორტო კომპანიებმაც?

ჩვენ მძღოლები ვართ და გვესმის. არ გამოგვდის არაფერი. ჩვენ ვერ ვივლით 50 თეთრში. ალბათ რაღაცა გამოსავალი ჩვენით უნდა ვიპოვოთ. დამაჯარიმებს თუ არ დამაჯარიმებს, მე ოჯახს მშიერს ვერ დავტოვებ.

თვითნებურად გავზრდით თანხას და ვივლით. ჯარიმებს თუ დაწერენ, ჩვენ ვერ გადავიხდით. მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მოგვხედავენ.

  • სხვა მძღოლებისგან მომისმენია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მგზავრობის ფასს ხალხის უკმაყოფილების შიშით არ ზრდის. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

რა ვიცი, თუ ხალხის არ გაღიზიანება… ამ 20 თეთრით თუ რამეს აკეთებენ ეგენი. თუ ამ 20 თეთრის არ გაზრდით ხალხის გაღიზიანებას ერიდებიან… მაშინ სხვა რამეებს მიხედონ.

ამდენი რამე რომ ძვირდება, მაშინ ისიც გააკონტროლონ. საწვავი რომ მოდის, საიდან მოდის, რამდენი ჯდება, ამას არ აკონტროლებენ?

თუ საწვავის შემოტანა ძვირი ჯდება, ჩვენ რატომ არ გვიმატებენ?

ჩვენ რატომ არ გვიყურებენ? არ ვიცი, ალბათ რაღაცა ჩადებული აქვთ გულში.

  • რამდენად ყიდულობთ 1 ლიტრ საწვავს?

რეგულარს, 1 ლიტრ დიზელს 4,60 ლარად ვასხამ. ერთი წრე რომ გავაკეთო, სადღაც 3 ლიტრი საწვავი მინდა, ეს დაახლოებით 14 ლარია. მე იმ წრეზე შეიძლება 14 ლარი ვერ ვიშოვო. აღარაფერს ვამბობ საბურავზე, მანქანის ნაწილზე, აკუმულატორზე. თუ რამე პრობლემა გვექნება, ვსესხულობთ, ბანკიდან გამოგვაქვს, ერთჯერადი ყოველდღიური გადასახადი გამოგვაქვს და ასე ვწვალობთ. ყველა მძღოლი არის ბანკში.

  • ახლახან მატარებლით მგზავრობის ფასი გაიზარდა. მძღოლებს რა რეაქცია გქონდათ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო თავის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ფასებს ზრდის და მეორე მხრივ კერძო სექტორმა ძველი ტარიფით უნდა იმუშაოს?

თბილისში გაძვირდა მგზავრობა, მატარებელი გაძვირდა. თბილის-ბათუმის ხაზზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსები გაძვირდა – ჩვენ დავრჩით მარტო. ამაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ ხალხის გული უნდათ რომ მოიგონ – ჩვენ ვიაროთ 50 თეთრში. ამას გარდა, ალბათ თავადაც აქვთ ინტერესი.

მაშინ, როცა 23-25 მანქანა მუშაობდა, ახლა დავრჩით 12. მერე გეტყვის მთავრობა, ამ ხაზს ეს მარშრუტები არ ჰყოფნის, ჩვენი უნდა ჩავამატოთ, ვიღაცა მოვა, მოიყვანს თავიანთ „მარშუტკებს“, როგორც თბილისში. ალბათ აი ეს აქვთ ჩადებული, რომ ეს უნდათ გააკეთონ.

  • როგორ ფიქრობთ, სადამდე შეძლებთ ასე მუშაობის გაგრძელებას?

ჩვენი შპს-ების უფროსებს განაცხადი აქვთ შეტანილი მაგ თემაზე, რომ ფასი გაზარდონ. ახლა საკრებულოში პირველი სხდომა რომ ჩატარდება, იქ უნდა განიხილონ ჩვენი საქმე. თუ უარყოფითად განიხილეს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, თვითნებურად დავამატოთ თანხა და ვიაროთ. თუ დაგვაჯარიმებენ, მთელი აჭარის მასშტაბით გაჩერდება სამარშრუტო ტაქსები.

ყველაფერზე გაიზარდა ფასები. ეს მძღოლებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ყველას თითქმის ბანკის ვალი აქვს. ასევე მძღოლებისთვის ყოველდღიური სესხებია. მაგალითად, გამოიტან 400 ლარს და ყოველდღიურად შეგაქვს 20 ლარი. ჩვენ ბოლო დროს ბანკის შესატანი ის 20 ლარი აღარ გვრჩება. უკან კი ოჯახია. ძალიან გაჭირვებაში ვართ.

  • ახლა მგზავრობის ფასი ოფიციალურად 50 თეთრია, მაგრამ სამარშრუტო ტაქსებში გამოკრულია 70 თეთრი. თქვენი გამოცდილება რომ მოგვიყვეთ, მგზავრები თუ აპროტესტებენ გაზრდილ ტარიფს, რა თანხას იხდიან?

უმეტესობა იხდის 70 თეთრს. არ აპროტესტებენ. მცირე რაოდენობა ლარიანს დებს და ხურდა არ მიაქვს უკან. არის 2 %, რომელიც 50 თეთრს დებს და მიდის. იქ არც მძღოლი არაფერს არ ამბობს. არავინ აპროტესტებს მაინცდამაინც. ყოფილა შემთხვევები, ერთეულ მგზავრებს გაუპროტესტებიათ, მაგრამ ისევ „მარშუტკაში“ მყოფ ხალხს დაუცვია მძღოლი.

ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, თუ ვინმე ჩემს გულისტკივილს მოუსმენს, ვთხოვ ყველას, რომ მოგვაქციონ ყურადღება. რადგან ვართ გაუსაძლის პირობებში. ასე ცხოვრება შეუძლებელია. მთელი დღე გასული ვარ სახლიდან, საღამოს ბავშვს ნაყინს რომ ვერ უყიდი, რა უნდა ქნა? ძალიან მძიმეა ეს ემოციურად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: