მთავარი,სიახლეები

მერი სათათბირო საბჭოს მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ქმნის – არასამთავრობოები არ ეთანხმებიან

19.07.2022 • 1075
მერი სათათბირო საბჭოს მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ქმნის – არასამთავრობოები არ ეთანხმებიან

დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საკრებულო „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის შემდეგაც ქალაქის მერს K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება ენიჭება. მერი აპირებს, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით შექმნას ე.წ. სათათბირო საბჭოც, რომელიც მთლიანად თანამდებობის პირებისგან დაკომპლექტდება.

ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გუშინ საკრებულოს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ. ორგანიზაციების განცხადებით.

  • პროცესი არ მიმდინარეობდა მონაწილეობითად, არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და თუნდაც გენგეგმის ჯგუფი
  • არ არის განსაზღვრული საბჭოს საქმიანობის დეტალური წესი
  • საბჭო კომპლექტდება სრულად მერის მიერ თანამდებობის პირებისგან, რაც ნიშნავს, რომ დაცლილი იქნება პროფესიული და დამოუკიდებელი პირებისგან
  • საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანაა – ინვესტიციების მოზიდვა, რაც აჩენს საფრთხეს, რომ აღნიშნულის უკან უფრო დიდი ინტერესია
  • დადგენილება არეგულირებს უფრო ფართო წრეს ვიდრე ავარიული სახლებია, მაგალითად დაუმთავრებელი მშენებლობები, რაც ცდება კანონის ფარგლებს.

„ბათუმის საკრებულომ ადგილობრივ დონეზე უნდა მიიღოს სამართლებრივი აქტი, დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერს ექნება მშენებლობის სიმაღლის გაზრდის კოეფიციენტის შესაძლებლობა და ასევე ავარიული სახლების ნაწილში, სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს გადაწყვეტილებებს.

სათათბირო საბჭოს აკომპლექტებს თავად მერი და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ნაწილში დავინახეთ რისკები, რადგან  დადგენილების პროექტში წერია, რომ სათათბირო საბჭოს წევრები უნდა იყვნენ თანამდებობის პირები და ამ სათათბიროს ხელმძღვანელიც უნდა იყოს თანამდებობის პირი. ჩვენ გვინდოდა და მანამდეც ვაცხადებდით, რომ სათათბირო საბჭო მაქსიმალურად უნდა დაცლილიყო საჯარო მოხელეებისგან, რადგან გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება იგივე ზონალურ საბჭოსთან მიმართებაში, ამიტომ ეს სათათბირო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სპეციალისტებისგან და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს ეს“, – ამბობს თეონა დიასამიძე, „დემოკრატიული ჩართულობის ქსელის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რაც მერიასა და საკრებულოში ჯერ არ გაითვალისწინეს.

„შესაბამისად, ახლაც ვითხოვთ, რომ ეს სათათბირო საბჭო მაქსიმალურად დაცლილი იყოს საჯარო მოხელეებისგან, დაკონკრეტებული იყოს სათათბიროს საქმიანობის წესი, გადაწყვეტილებების მიღების დრო, დასაბუთებული და არგუმენტირებული იყოს  საბჭოს თითოეული გადაწყვეტილება, მაქსიმალურად დააკომპლექტონ სპეციალისტებით და ეს ვალდებულება ნამდვილად უნდა აიღოს მერმა“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

არასამთავრობოების განცხადებით, მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალობისა და ჩართულობის მიღმა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დღეს ეს საკითხი არ განიხილოს საკრებულომ, არ მიიღოს ეს დადგენილება და დაიწყოს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა სექტორთან. მხოლოდ ამის შემდეგ, როცა მოხდება დაკონკრეტება სათათბიროს საქმიანობის წესის და სათათბირო საბჭოში შემავალი პირების სპეციალობების, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს კომისიამ და მიიღოს შესაბამისი დადგენილება“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

მისი თქმით, თუ მერიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობოების მოთხოვნა, ეს იქნება კიდევ ერთი ილუსტრაცია იმის, თუ რამდენად არ სურს მას სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და გამჭვირვალე პროცესები ადგილობრივ დონეზე.

„თვითმმართველობა ვალდებულია, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი პროცესები არ დაიწყოს“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

განცხადებას უერთდებიან – საია, „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და სხვა ორგანიზაციები თუ პირები, ვისაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება აწუხებს.

გადაბეჭდვის წესი