მთავარი,სიახლეები

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

18.07.2022 • 2783
„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა.

ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“.

ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

„ეს არის ჩემს პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, პირადი ცხოვრების განსჯა, რაც ასევე არაეთიკურია და არაადეკვატური. ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა ადამიანის, რადგან მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ კაცებისთვის ასეთი რამ ეთქვათ – დამშვიდდი ახლა, ცოლი მოიყვანე, თორემ ხომ ხედავ, ვერ ხარ დალაგებული. მე არ გამიგია პირადად ასე ელაპარაკებოდნენ  კაცებს,“- ამბობს ესმა გუმბერიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ის უსინათლოთა კავშირის წევრია და შესაბამისად, გარკვეული უფლებებიც აქვს.

„ამ ქალმა კი როგორ უნდა დაიცვას ჩემი უფლება, როცა დისკრიმინაციულად მომმართავს? თანაც, ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელია, არჩევით პოზიციაზეა. მას არ აქვს უფლება, კავშირის წევრებს ამ ენით ელაპარაკოს.

ეს ადამიანი იმიტომ არის იქ არჩეული, რომ წევრებს ემსახურებოდეს და როცა რომელიმე წევრს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ კომენტარს უწერ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი დააფიქსირა, ეს არაეთიკურია,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფში ირმა ჩიხლაძე მას არა მარტო გენდერული ნიშნით შეურაცხყოფს, არამედ სხვა, არაეთიკური სიტყვებითაც მიმართავს.

„მე მივმართე უსინათლოთა კავშირის გამგეობას, რომ განიხილონ ჩიხლაძის ეს არაეთიკური საქციელი გამგეობის სხდომაზე, მაგრამ იმედი არ მაქვს, რადგან არც ეთიკის კოდექსი არ არსებობს კავშირში,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

„ბათუმელები“ ირმა ჩიხლაძესაც დაუკავშირდა. იგი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ კომენტარში პრობლემას ვერ ხედავს.

„რა დისკრიმინაცია, ვურჩიე უბრალოდ, რომ ოჯახი შექმნას. ოჯახი რომ ჰქონდეს, ვერ მოიცლიდა,“ – ამბობს ირმა ჩიხლაძე.

მას ვკითხეთ, მიმართავდა თუ არა კაცს იმავე ფორმულირებით ან ოჯახის ყოლა-არყოლა რატომ იყო კავშირში ადამიანის უფლებების დაცვასთან.

„თქვენ რა ლიბერალივით მელაპარაკებით? ერთი კაცია მთავარი, დანარჩენები წყალს წაუღია?“- ამბობს ირმა ჩიხლაძე.

ის ამბობს, რომ ესმა გუმბერიძე მუდმივად აკრიტიკებს უსინათლოთა კავშირს მიუხედავად იმისა, რომ მას „დედაშვილურად“ ბევრჯერ ესაუბრა.

„მაინც აგრძელებს კავშირის კრიტიკას. ყველა ეთერში გამოდის და ტყუილებს იგონებს, ამოვიდა ყელში,“ – ამბობს ირმა ჩიხლაძე.

რამდენიმე კვირის წინ უსინათლოთა კავშირიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ისინი ხელმძღვანელობამ სწორედ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვა. სამი ყოფილი თანამშრომელი მეოცე დღეა, რაც კავშირის შენობაში შიმშილობს, მათ შორისაა, 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას.

კავშირის წევრების თქმით, უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და შემოსავლები არამიზნობრივად განიკარგება.  მაგალითად, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებული გასხვისება.

„ერთ-ერთი იყო შპს-ის 49% წილის გადაცემა კერძო პირზე, ასევე, მცხეთაში 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი… კვადრატული 15 თეთრად იჯარითაა გაცემული, ქვეიჯარის უფლებით. ყველა ხელშეკრულება, რაც დადებული აქვთ, 90% შეიცავდა კითხვის ნიშნებს“, – ამბობს გიორგი ენუქიძე.

საქართველოს უსინათლოთა კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ქონება სახელმწიფოსგან აქვს მიღებული.

„საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრება არც არსებობდა, თუმცა სარგებლობაში ჰქონდა კავშირს გადაცემული გარკვეული ქონება, თუმცა შემდეგ ეს ქონება სახელმწიფომ კავშირს დაუკანონა და პრივატიზაციაში გადასცა.

ასევე, სახელმწიფო ასობით ათასი ლარით აფინანსებს კავშირს ყოველწლიურად. აფინანსებს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრს, აფინანსებს სხვადასხვა პროგრამას, უსინათლოების ზღვაზე დასვენებას, რადგან კავშირს აქვს ციხისძირში სასტუმრო და გადაცემულ ქონებას ასევე კავშირი აქირავებს. თუმცა შემოსავლები რომ არ არის გამჭვირვალე, ამაზეც არსებობს ბრალდებები,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, პროკურატურაში პირველად საქმე 2006 წელს შევიდა, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

„შემოდებულია თაროზე, ზურაბ რეხვიაშვილია გამომძიებელი და 2022 წელს ასევე შევიდა 3 საჩივარი, რომელსაც ასევე არ იძიებენ,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, საჩივრები შეეხება არა მარტო ქონების გასხვისებებს იაფად, ასევე, მართვას და სხვა კორუფციულ საკითხებს, რისთვისაც კავშირის წევრები წლებია იბრძვიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: