მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

11.07.2022 • 2643
„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია.

5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში მდგომი ამომრჩევლის ქცევაა. დავით ჯინჭარაძე გვიყვება, როგორ „მუშაობს“ მმართველი პოლიტიკური ძალის გზავნილები და რამ შეიძლება შეცვალოს „ოცნების“ ამომრჩეველი.

  • დავით, 20 ივნისის ბათუმის აქციაში „შინ ევროპისკენ“ მონაწილეობდით. თქვენი დაკვირვებით, რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ აქტორს? 

დაახლოებით 5 წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, აბუ დაბის გარდა ვცხოვრობდი ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში, სადაც სხვა მიდგომაა პროტესტის მიმართ. ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო პროტესტი არის ძალა. მაგალითად, ბრიტანეთში ხალხმა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაკეტა მთავარი ქუჩა, პარალიზება მოახდინეს… შესაბამისად, დასავლეთში არ არის იმის კომპლექსი, რომ პროტესტი შეიძლება იყოს რადიკალური. აქ კი, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ლიბერალურად განწყობილ ადამიანებს აქვთ კომპლექსი, არ აღიქვან რადიკალებად.

პროტესტის და ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბების კუთხით არსებობს ორი კომპლექსი: პროტესტი მონაწილეთა არასასურველ ნაწილთან გაიგივების, რაც იყო, მაგალითად, ბოლო აქციებზე – „ნაციონალად არ მინდა ჩამთვალონ“. მეორეა საკუთარი ავტონომიურობის დაკარგვის შიში, როცა დავინახეთ, რომ შიდა ჯგუფებს შორის ვერ შეთანხმდნენ, მაგალითად, უნდა ეთქვათ თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს უნდა ყოფილიყო თუ არა პროტესტის ნაწილი.

ჩემი აზრით, პროტესტი არ უნდა იყოს მხოლოდ გამოხატული თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ის უნდა გაიშალოს ყველგან და მეორე: როცა ადამიანები იკრიბებიან, შემდეგ მკაფიო უნდა იყოს: რას ვაკეთებთ ახლა? პროტესტი რომ იყოს უფრო ეფექტური, მან მაქსიმალურად უნდა შეუქმნას დისკომფორტი ხელისუფლებას.

  • საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში, როგორ მუშაობს „ქართული ოცნების“ გზავნილები? მაგალითად, 3 ივლისის აქციაზე „ოცნების“ დეპუტატმა აგინა აქციის მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს – სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ ოპონენტთან გააიგივა.

ამ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ დიდი ხანია იყენებს და ცდილობს, რომ ადამიანის არჩევანი დაიყვანოს ერთამდე: „ოცნება“ გამუდმებით იმეორებს, რომ ნებისმიერი სხვა აქტორი რეალურად სააკაშვილია, ბუა. ჩემთვის ეს მოცემულობა ყველაზე ნათლად აჩვენებს ობსესიური იდეოლოგიის გამოყენების პრაქტიკას.

არსებობს ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, როცა ადამიანი კარგავს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს და აქვს აკვიატებული აზრები. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანი მიჯაჭვულია მწეველობაზე, ან ტკბილეულზე. „ოცნებიზმი“, „ბიძინიზმიც“ შეიძლება იყოს ობსესური იდეოლოგია. იდეოლოგიაზე დამოკიდებულების წინაპირობა არის სოციალური მიზნების დაუკმაყოფილებლობა, სიღარიბე. მაგალითად, ვირთხები, რომლებიც იზოლირებულები არიან უბრალო გალიაში, უფრო ხშირად მოიხმარენ მორფინს, ვიდრე ის ვირთხები, ვინც კეთილმოწყობილ გალიებში არიან განთავსებული. ეს აჩვენებს იმას, რომ იმ ადამიანზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვინც სოციალურად ფრუსტრირებულია.

განგრძობითად სიღარიბეში ყოფნა, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ათწლეულებია, ადამიანს აიძულებს, გრძელვადიანი მიზნების მაგივრად მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე ფოკუსირდეს, თუნდაც ტომარა კარტოფილზე, ან მოკლე დროში ქუჩის მოწესრიგებაზე… ამ შემთხვევაში ადამიანი დროს სხვანაირად შეიგრძნობს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში და ვერ რეალიზდა, ხედავს მარტივ გზას, თითქოს გახდეს რეალიზებული. მაგალითად, არარეალიზებული ხალხია „ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც ცდილობენ ამოივსონ იდეოლოგიით სოციალური არარეალიზებადობის სივრცე. „ოცნებისთვის“ ასეთი ადამიანებით მანიპულირება ადვილია.

  • ეს „იდეოლოგიური ობსესია“ რით განსხვავდება, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებისგან? 

ერთი კვლევა ჩაატარეს, როცა ლიბერალურად და კონსერვატიულად განწყობილ ადამიანებს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია, თუ გაიგეს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკოსმა მოიპარა, მაგალითად, ფული. შემდეგ თანდათან მძიმდება კითხვარი: დავუშვათ, იძალადა თქვენმა რჩეულმა, ან ნარკოტიკი შემოაქვს ქვეყანაში… ამ კვლევით გამოჩნდა, რომ ლიბერალურად განწყობილი ადამიანი ნაკლებად პატიობს თავის რჩეულს შეცდომებს, თუმცა თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც წერტილი, საიდანაც ის შეწყვეტს ამა თუ იმ ადამიანის, ან პარტიის მხარდაჭერას.

„ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც შეიძლება იყოს კონსერვატიული განწყობის მქონე. „ოცნებას“ კი აქვს გაწერილი ოფიციალურად, რომ ის მემარცხენე პოლიტიკური ძალაა, მაგრამ მათი განცხადებები ადასტურებს, რომ მემარჯვენე იდეოლოგია აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნებისაც“ მთავარი მიზანია, რომ ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს და იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის არის ზუსტად კონსერვატიული განწყობის მქონეს, ამ ხალხის მობილიზება ხდება არჩევნების მოგების წინაპირობა.

ლიბერალურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზება კი, გაცილებით რთულია, რადგან მას შესაძლოა, რაღაც განცხადება, ან ქმედება არ მოეწონოს და უარი გითხრას, კონსერვატორს – შეუძლია თვალი დახუჭოს ბევრ რამეზე.

ამის მაგალითებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, მაგალითად, „ოცნების“ მხარდამჭერები აკრიტიკებენ ოპოზიციონერი გრიგოლ ვაშაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ იგივე ჯგუფი ვერ ხედავს პრობლემას, როცა ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე. ეს ახასიათებს იდეოლოგიურ ობსესიას, რომ საკუთარ ჯგუფში რაღაცას მარტივად აღიქვამ და სხვა ჯგუფში ამჩნევ პრობლემას, რადგან იდეოლოგია, რომელსაც აკუთვნებ თავს, ის ხდება წამყვანი. ასეთი ადამიანებით მანიპულირება იოლია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის.

  • ნებისმიერი გამოკითხვით საქართველოში 85 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. თქვენი აზრით, ეს ხომ არ არის ის, რასაც თქვენ წერტილი უწოდეთ და რამაც შესაძლოა „ოცნების“ ამომრჩეველიც გააბრაზოს? ამის მაგალითი ხომ არაა დღევანდელი ამბები – საკრებულოებს ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები, ამ შემთხვევაში აშშ-ის ელჩი რომ ღიად გააკრიტიკონ. 

დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ იაქტიურებს და რამდენად თანმიმდევრული იქნება პროევროპული, ლიბერალურად განწყობილი 40 პროცენტი, რომელიც ამ დრომდე ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს.

თუ დააკვირდებით: „ოცნების“ მესიჯებს აერთიანებს ის, რომ ის ეფუძნება ადამიანის შიშებს და შავ პიარს. ერთის მხრივ, „ოცნება“ ცდილობს „გააშავოს“ ადამიანი „გეობით“, ან „ნარკომანობით“, ან შეაშინოს, უთხრას, რომ „მიშა მოვა“ და „ომი გინდათ“? „ოცნება“ თვლის, რომ კარგი საშუალება ჩაუვარდა ხელში ახლა შიშებზე სამუშაოდ, როცა უკრაინაში ომია, ხოლო ომის გამოცდილება ახლო წარსულში უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. „ოცნება“ დღეს ამბობს იმას, რომ ის თუ არ იქნება ხელისუფლებაში, მოვა სხვა, რომელიც რეალურად „სააკაშვილია“ და იქნება ომი. ადამიანების ნაწილსაც ურჩევნია საკუთარი შიშით და კომპლექსებით მოქმედება, ვიდრე ობიექტურად დაფიქრება.

როცა ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, გაცილებით უჭირს მას ობიექტურად არჩევანის მიღება, თუნდაც ეს არ იყოს ომთან დაკავშირებული. როცა ადამიანი ძალიან ნერვიულობს რაღაცაზე, ის თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. ამიტომაც, ხელისუფლების ამოცანაა ნერვიულობის მაღალი დონე – შფოთვა შეინარჩუნოს, რომ სტრატეგიულად იმოქმედოს. თუ ადამიანი ლოგიკურად იმოქმედებს, მაშინ „ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზება გაუჭირდება.

მე არ ვხედავ დღეს იმის შანსს, რომ „ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი დაკარგოს, რადგან ივანიშვილი, როგორც პირველწყარო, სხვადასხვა მესიჯბოქსით მუშაობს, რომ არ დაკარგოს ამომრჩეველი: ერთია, მაგალითად, „ქართული მარში“, რომელიც პირდაპირ მიემართება რადიკალურად განწყობილ ნაწილს, მეორეა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებას როცა აკრიტიკებს, იმავე დოზით აკრიტიკებს ოპოზიციასაც და რეალურად გაურბის პასუხისმგებლობას. მესამე ფრთაა ის სამი დეპუტატი, რომელიც თითქოს გაემიჯნა „ოცნებას“… მათ აქვთ საერთო გზავნილები, რომ არ დაიბნეს ამომრჩეველი, მაგრამ ეს გზავნილები გათვლილია სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველზე. მაგალითად, ადამიანი, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერია და ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი აუცილებლად ევროპული უნდა იყოს, ის მოუსმენს სალომე ზურაბიშვილს.

ეს პოლიტიკური მანევრი როგორ იმუშავებს ამომრჩეველზე, როცა „ოცნებიდან“ წასული ადამიანები ცდილობენ „ალტ-ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ჩანაცვლებას, რადგან ამ ძალებმა მუშაობა ვერ შეძლეს? 

ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი შეიცვალოს. თუკი მათ მივაწვდით წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, მაგალითად, რატომ არის ცუდი ოლიგარქია და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას ივანიშვილის ოლიგარქობა, ის შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი ახლაც რადიკალურია, რომლის დაკარგვად „ოცნებას“ არ უნდა. შესაბამისად, ეს აგრესია მზარდია.  როცა ადამიანი მოცულია იდეოლოგიით, მისი იდენტობაც ქვეითდება: ვინ ვარ მე? – ამ კითხვას ვპასუხობთ, რომ ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. ეს არის ჩემი იდენტიფიცირების ხაზი, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ვუჭერდე მხარს, მაგრამ ჩვენ გვესმის არგუმენტი, რომ კი ბატონო, ქართველი ვარ, მაგრამ რად მინდა ისეთი ევროპა, თუ ის უარს მათქმევინებს ივანიშვილზე.

  • თქვენი დაკვირვებით, რას ეყრდნობა დღეს მოშე კლუგჰაფტის [პოლიტტექნოლოგი] მიერ „ოცნებისთვის“ თავის დროზე შემუშავებული გზავნილები? 

მოშეს ბიოგრაფიიდან კარგად ჩანს, რა გზავნილებით მუშაობს ის განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიღარიბეა მნიშვნელოვანი და მუშაობს სიძულვილი, ასევე შიშები, კომპლექსები. მაგალითად, ავსტრიაში მოშემ კანცლერს, პოპულარიზაციის გაზრდისთვის, პიცის მიმტანობა შესთავაზა. შესაბამისად, მოშემ კარგად იცის, რა მუშაობს ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია კულტურის გავლენაც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე კაცები ჩანდნენ?

მოშე ძირითადად მუშაობს ულტრამემარჯვენე პარტიებთან სხვადასხვა ქვეყანაში და ის ძირითადად ეფუძნება შავ პიარს, სიძულვილს. გახარიას შემთხვევაშიც „ოცნებამ“ ამუშავა ნარკომოხმარების თემა და პლუს სიძულვილი. ძირითადი გათვლაა კონსერვატიულ ღირებულებებზე, რადგან არამხოლოდ საქართველოში, ყველგან ადამიანებს ეშინიათ განსხვავებულობის. ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი არქაულია, თუმცა იგი ცხოველებისგან იმით განსხვავდება, რომ შეგვიძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე: არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მინდობილი ემოციებს და სიძულვილს.

ჩვენ არჩევნებზე ჯერ კიდევ სიძულვილის ფაქტორით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჯერ კიდევ ვმოქმედებთ, როგორც ცხოველები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაციონალური არჩევნების ჩატარება, სადაც საარჩევნო პროგრამები და ხედვები იქნება მნიშვნელოვანი და განსხვავებული, მაგრამ რაციონალური პოლიტიკური ძალები შევლენ პარლამენტში.

  • სად ხედავთ რესურსს იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს შეასრულოს EU-ს რეკომენდაციები? 

მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის, ლიბერალურად განწყობილი ადამიანების მობილიზება და აქტიურობა.

ვფიქრობ, ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი. თითოეულმა ჩვენგანმა ირგვლივ მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რას ვკარგავთ, თუკი ვკარგავთ ევროპულ მომავალს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ შესაძლოა ჩვენი „ბრალი“ არ არის რაღაც, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არის და იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის კომპლექსი. მნიშვნელოვანია დავინახოთ სხვაობა „ბრალსა“ და „პასუხისმგებლობას“ შორის.

ამიტომაც, აქციების გამართვა კარგია, ეს იყო ერთი კარგი ნაბიჯი, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა და ამას ყველა კარგად ვხედავთ. უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: რის გაკეთებაზე ვარ წამსვლელი ჩემი ქვეყნისთვის? – ჯერ იქნებ ამ კითხვას ვუპასუხოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: