მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში 2 მლნ ლარად აშენებულ საბავშვო ბაღში წყალი ჩამოდის – ენმ-ის განცხადება

08.07.2022 • 1335
ხელვაჩაურში 2 მლნ ლარად აშენებულ საბავშვო ბაღში წყალი ჩამოდის – ენმ-ის განცხადება

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, ახალგახსნილ შენობაში უკვე წყალი ჩამოდის, დაზიანებულია კედლები, ინვენტარი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც არაერთხელ შეწყდა.

მიშა ბოლქვაძის თქმით, დაზიანებულია საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მინი სტადიონიც, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან 85 ათას ლარზე მეტია დახარჯული. სტადიონს არ აქვს კარი, ბადეები ბევრ ადგილზე გაგლეჯილი და დაზიანებულია.

„ბავშვები ბურთსაც კი ვეღარ აგორებენ მოედანზე, რადგან ზიანდება ბურთი. დაგლეჯილი ბადიდან გამოწეულია მავთულები. უკვე ყველაფერი ჩამოშლილია. ეს იმიტომ, რომ კორუფციულად მოხდა მიღება-ჩაბარება. ეს ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ზარ-ზეიმით გახსნა და ახლა უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია ყველაფერი“- ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ხელვაჩაურის მერიის ცნობით, პროექტის სამშენებლო სამუშაოებს შპს „მტმ“ აწარმოებდა, მშენებლობის საერთო ღირებულებამ 2 500 000 ლარი შეადგინა

როგორც მიშა ბოლქვაძე ამბობს, მან პროკურატურას მიმართა.

„ხალხისგან მოპარულ ფულს, ვერავის შევარჩენთ. ყველა მოპარულ ფულზე, ყველა დანაშაულზე შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: